¹ 3კ/535-01 1 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. მ-შვილი მუშაობდა საგარეჯოს ... საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. საგარეჯოს ... საშუალო სკოლის დირექტორის 2000 წლის 18 სექტემბრის ¹467 ბრძანებით პირველი კლასის ძირითად მასწავლებლად დაინიშნა ც. მ-შვილი, ხოლო ნ. ღ-ული ქართული განაყოფის 16 საათზე I და III კლასებში. იმავე სკოლის დირექტორის 2000 წლის 25 სექტემბრის ¹469 ბრძანებით გაუქმდა მისივე 2000 წლის 18 სექტემბრის ¹467 ბრძანება პირველი კლასის ძირითად მასწავლებლად ც. მ-შვილის დანიშვნის შესახებ, რადგან მშობლებს არ სურდათ, რომ მათი შვილებისათვის ც. მ-შვილს ესწავლებინა. პირველი კლასის ძირითად მასწავლებლად დაინიშნა ნ. ღ-ული, ხოლო ც. მ-შვილი გადაყვანილ იქნა ქართული განაყოფის 16 საათზე III-IV კლასებში. ამის გამო ც. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საგარეჯოს ... საშუალო სკოლის დირექტორის მიმართ და მოითხოვა პირველ კლასში მასწავლებლად აღდგენა, გაკვეთილების რაოდენობის შემცირებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.
საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფიდა სარჩელი იმ საფუძვლთ, რომ სკოლის დირექციას სხვა კლასებში მისი გადაყვანით არ დაურღვევია მისი უფლებები (ც. მ-შვილის კვირეული დატვირთვა კვლავ 20 საათია).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა ც. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ დირექტორს არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან სკოლის დირექტორის ¹ 469 ბრძანებით იგი სხვა სამუშაოზე არ გადაუყვანიათ. ც. მ-შვილის გადანაცვლება მოხდა დაწყებითი კლასის მასწავლებლობიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, რაზეც მისი თანხმობა არ იყო საჭირო და არც მისი შრომის არსებითი პირობები არ შეცვლილა.
ც. მ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი კლასის პედაგოგად აღდგენა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ც. მ-შვილი სკოლის დირექტორის ¹ 467 ბრძანებით დანიშნული იყო პირველი კლასის მასწავლებლად, სადაც სწავლების სულ სხვა მეთოდები და პროგრამებია. ქართული ენის მასწავლებლად III-IV კლასებში გადაყვანით შეილახა მისი შრომითი უფლებები, შეილახა მისი პატივი და ღირსება. სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 194-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” პუნქტი, სადაც აღნიშნულიაა, რომ შრომის დავის განმხილველი ორგანო არის პროფკავშირი, რომელმაც მხარი დაუჭირა მის აღდგენას პირვანდელ თანამდებობაზე (2000 წლის 26 სექტემბრის ¹5 ოქმი). არ არსებობს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ მშობელთა მოთხოვნით პედაგოგი ჩამოსცილდეს თავის კლასს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ც. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს Aშემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ც. მ-შვილი მუშაობდა საგარეჯოს ... საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. საგარეჯოს ... საშუალო სკოლის დირექტორის 2000 წლის 18 სექტემბრის ¹464 ბრძანებით იგი დაინიშნა პირველი კლასის ძირითად მასწავლებლად. 2000 წლის 25 სექტემბრის ¹469 ბრძანებით გაუქმდა ბრძანება ძირითად მასწავლებლად ც. მ-შვილის დანიშვნის შესახებ, რადგან, მშობლებს არ სურდათ, რომ მათი შვილებისათვის პირველ კლასში ც. მ-შვილს ესწავლებინა; პირველი კლასის ძირითად მასწავლებლად დაინიშნა ნ. ღ-ული, ც. მ-შვილი გადაყვანილ იქნა ქართული განაყოფის მასწავლებლად III_IV კლასებში 16 საათზე; შემდგომ მისი განაკვეთი განისაზღვრა 20 საათით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ც. მ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ საგარეჯოს ... საშუალო სკოლის დირექტორის 2000 წლის 25 სექტემბრის ¹469 ბრძანებით დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ მუხლის თანახმად, სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად სხვა ადგილას, თუნდაც საწარმოსთან, დაწესებულებასთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით ამ კოდექსის 27-ე, 28-ე და 135-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. მართალია, მოპასუხე 2000 წლის 25 სექტემბრის ¹469 ბრძანებაში მიუთითებს ც. მ-შვილის III_IV კლასებში ქართულის განაყოფის მასწავლებლად გადაყვანაზე, მაგრამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევეა, რომ ც. მ-შვილი იმავე საშუალო სკოლაში გადანაცვლებულ იქნა პირველი კლასის მასწავლებლობიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ბრძანებაში კი არასწორად იქნა “გადაყვანა” ფორმულირებული, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სხვა სამუშაოზე გადაყვანილად არ ითვლება და მუშაკის თანხმობას არ საჭიროებს მისი გადანაცვლება იმავე დაწესებულებაში ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა სამუშაო ადგილას, სხვა სტრუქტურულ ქვეგანაყოფში, მუშაობის დაკისრება სხვა მექანიზმსა, თუ აგრეგატზე შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებული სპეციალობის, კვალიფიკაციის ან თანამდებობის ფარგლებში. ადმინისტრაციას უფლება არა აქვს, გადაანაცვლოს მუშა ან მოსამსახურე მისი ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაოზე. ამ ნორმის თანახმად, ც. მ-შვილის გადანაცვლებით იმავე საშუალო სკოლაში პირველი კლასის მასწავლებლობიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, იმავე 20 საათიან განაკვეთზე, არ შეცვლილა მისი შრომის არსებითი პირობები, რის გამოც მისი თანხმობა ასეთი გადანაცვლების თაობაზე არ იყო საჭირო. იმავე საშუალო სკოლის III-IV კლასებში ქართული ენის მასწავლებლად ც. მ-შვილის გადანაცვლებით მისი პატივი და ღირსება არ შელახულა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი და სწორად უთხრა უარი ც. მ-შვილს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.