საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№570აპ-25 თბილისი
წ. ი., 570აპ-25 2 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ი. წ-ა - ნასამართლობის არმქონე, და ნ. ბ-ა - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრათ ჯარიმა – 5000-5000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2018 წლის სექტემბერში ი. წ-ამ და მისმა მეუღლემ, ნ. ბ-ამ, ბინის შეძენის მსურველის – პ. ა-ის – დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლების მიზნით, მოიპოვეს მისი ნდობა და მოტყუებით დააწმუნეს, რომ, თითქოსდა, 19 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით მიჰყიდიდნენ თ-ში, რ-ის ქუჩის N--ში მდებარე ბინა N--ს, საკადასტრო კოდით – ..... აღნიშნულ უძრავ ქონებას 2016 წლიდან ედო 9 000 აშშ დოლარის სესხის (გირავნობის) უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მითითებული ვალდებულების თაობაზე, ი. წ-ასა და ნ. ბ-ას პ. ა-ისთვის არაფერი უცნობებიათ. მხარეებს შორის შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ბინის საფასური უნდა გადახდილიყო განვადებით: 14 000 აშშ დოლარი – ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, რა დროსაც ბინის მესაკუთრე გახდებოდა პ. ა-ი, ხოლო, დარჩენილი 5000 აშშ დოლარი – 2018 წლის დეკემბრის თვეში. ამასთან, პ. ა-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ბინას, ნ. ბ-ას გარდა, ჰყავდა კიდევ რამდენიმე მესაკუთრე: ნ. ბ-ას დედა – ნ. ჩ-ა – და ნ. ბ-ას არასრულწლოვანი შვილები – მ. წ-ა და ა. წ-ა. ცოლ-ქმარმა იმთავითვე დაარწმუნა პ. ა-ი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას ნ. ბ-ა, შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, შეუფერხებლად მოაწერდა ხელს და ბინა უპრობლემოდ აღირიცხებოდა პ. ა-ის საკუთრებად. შეთანხმების შესაბამისად, 2018 წლის 17 სექტემბერს თ-ში, ს-ს ქუჩაზე მდებარე ი-ის სახლში შეიკრიბნენ მხარეები: ერთი მხრივ, ი. წ-ა და ნ. ბ-ა, ხოლო მეორე მხრივ – პ. ა-ი, რა დროსაც ხელი მოეწერა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას გადახდის განვადებით. მითითებულ ხელშეკრულებას „გამყიდველის“ ყველა გრაფაში ხელი მოაწერა ნ. ბ-ამ, „მყიდველი“ იყო პ. ა-ი, ხოლო ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა თ-ში, რ-ის ქუჩის N--ში მდებარე ბინა N-, ფართით – 39,42 კვ.მ, საკადასტრო კოდით – ..... ხელშეკრულების ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ ჩაბარებისთანავე პ. ა-მა გადაიხადა სარეგისტრაციო მოსაკრებელი – 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარი – და იუსტიციის სახლში მდებარე სს „თ. ბანკში“, თავისივე საბანკო ანგარიშიდან გაანაღდა 14000 აშშ დოლარი, რომელიც, ი. წ-ას თანდასწრებით, იქვე, ხელზე გადასცა ნ. ბ-ას. ამავე ხელშეკრულების თანახმად, დარჩენილი თანხა – 5000 აშშ დოლარი – პ. ა-ს უნდა გადაეხადა ბინის მის საკუთრებაში მიღების შემდეგ – 2018 წლის 25 დეკემბერს. უძრავი ქონება პ. ა-ის სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო ოთხ სამუშაო დღეში, თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორ დღეში, 19 სექტემბერს, პ. ა-მა საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგო, რომ განცხადება, უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების თაობაზე, დახარვეზდა. მოგვიანებით პ. ა-მა შეიტყო, რომ ხარვეზს წარმოადგენდა ნ. ბ-ას მიერ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ღირებულების თანხის მხოლოდ უცხოურ ვალუტაში მითითება. ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ დაარწმუნეს პ. ა-ი, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაწესებული ოცდაათდღიანი ვადის განმავლობაში თავად გამოასწორებდნენ შეცდომას და ბინა პ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდებოდა. მიუხედავად დანაპირებისა, ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესებულ ვადაში არაფერი მოიმოქმედეს, წინასწარგანზრახულად გაიყვანეს ოცდაათდღიანი ვადა, რის გამოც, 2018 წლის 17 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
· პ. ა-ის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ი. წ-ა და ნ. ბ-ა 2018 წლის 22 ოქტომბერს კვლავ შეხვდნენ პ. ა-ს თ-ის ი-ის სახლში, სადაც კვლავ მოეწერა ხელი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, გადახდის განვადებით, ზემოხსენებული უცვლელი პირობებით. ამჯერადაც, ხელშეკრულებას „გამყიდველის“ ყველა გრაფაში ხელი მოაწერა ნ. ბ-ამ. პ. ა-მა, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ ჩაბარებისთანავე, კვლავ გადაიხადა სარეგისტრაციო მოსაკრებელი – 55 ლარი. უძრავი ქონება პ. ა-ის სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო ოთხ სამუშაო დღეში, თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან მეორე დღესვე, 23 ოქტომბერს, პ. ა-მა საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგო, რომ განცხადება, უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების თაობაზე, ისევ დახარვეზდა. მოგვიანებით პ. ა-მა შეიტყო ხარვეზის მიზეზი: ნ. ჩ-ას ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნ. ბ-ამ, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, ვინაიდან, ნ. ჩ-ას მინდობილობით, ნ. ბ-ას არ ჰქონდა ბინის გასხვისების უფლება. ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ დაარწმუნეს პ. ა-ი, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაწესებული ოცდაათდღიანი ვადის განმავლობაში გამოასწორებდნენ შეცდომას და ბინა პ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდებოდა. მიუხედავად დანაპირებისა, ნ. ბ-ამ და ი. წ-ამ, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესებულ ვადაში არაფერი მოიმოქმედეს, წინასწარგანზრახულად გაიყვანეს ოცდაათდღიანი დღიანი ვადა, რის გამოც, 2018 წლის 22 ოქტომბერს დადებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სარეგისტრაციო წარმოებაც შეწყდა.
· ზემოხსენებულის შემდგომ, კვლავ პ. ა-ის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ი. წ-ა და ნ. ბ-ა 2018 წლის 3 დეკემბერს ისევ შეხვდნენ პ. ა-ს თ-ის ი-ის სახლში, სადაც, უკვე მესამედ მოეწერა ხელი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, გადახდის განვადებით, ზემოთ მოყვანილი პირობებით. მესამე ჯერზეც ხელშეკრულებას „გამყიდველის“ ყველა გრაფაში ხელი მოაწერა ნ. ბ-ამ. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ ჩაბარებისთანავე ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ დაარწმუნეს პ. ა-ი, რომ ამჯერად თვითონ გადაიხდიდნენ ხელშეკრულების სარეგისტრაციო მოსაკრებელს – 55 ლარს. უძრავი ქონება პ. ა-ის სახელზე კვლავ ოთხ სამუშაო დღეში უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი დღის შემდეგ, პ. ა-მა საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგო, რომ განცხადება უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების თაობაზე უკვე მესამედ დახარვეზდა. მოგვიანებით პ. ა-მა შეიტყო ხარვეზის მიზეზი: ის რომ ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ არ გადაიხადეს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მოსაკრებელი – 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარი. ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ მესამე ჯერზეც დაარწმუნეს პ. ა-ი, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაწესებული ოცდაათდღიანი ვადის განმავლობაში თავად გამოასწორებდნენ შეცდომას და ბინა პ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდებოდა. მიუხედავად დანაპირებისა, ნ. ბ-ამ და ი. წ-ამ, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესებულ ვადაში არაფერი მოიმოქმედეს, წინასწარგანზრახულად გაიყვანეს ოცდაათდღიანი ვადა, რის გამოც, 2018 წლის 3 დეკემბერს დადებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სარეგისტრაციო წარმოებაც შეწყდა.
· 2019 წლის 11 თებერვალს, კვლავ პ. ა-ის მოთხოვნის საფუძველზე, ი. წ-ა და ნ. ბ-ა მივიდნენ თ-ის ი-ის სახლში, სადაც, უკვე მეოთხედ, მოეწერა ხელი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, გადახდის განვადებით, უცვლელი პირობებით. ამჯერადაც ხელშეკრულებას „გამყიდველის“ ყველა გრაფაში ხელი მოაწერა ნ. ბ-ამ. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ ჩაბარებისთანავე გადახდილ იქნა ხელშეკრულების სარეგისტრაციო მოსაკრებელი – 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარი და უძრავი ქონება პ. ა-ის სახელზე ოთხ სამუშაო დღეში უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა ხელშეკრულების ხელმოწერიდან მეოთხე დღეს პ. ა-მა საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული მოკლეტექსტურო შეტყობინებით გაიგო, რომ განცხადება უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების თაობაზე ისევ დახარვეზდა. მოგვიანებით პ. ა-ისთვის ცნობილი გახდა ხარვეზის მიზეზი: ნასყიდობის საგანზე, მდებარე თ-ი, რ-ის ქუჩის N--ში, ბინა --ზე, ფართით – 39,42 კვ.მ, საკადასტრო კოდით – .... – არსებობდა ვალდებულება, რაც პ. ა-ისათვის ცნობილი არ იყო და, რის გამოც, უძრავ ქონებას 2019 წლის 15 თებერვლიდან დაედო ყადაღა, ხოლო 2019 წლის 26 თებერვალს შეწყდა 2019 წლის 11 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სარეგისტრაციო წარმოებაც. მიუხედავად დადებული ყადაღისა, ნ. ბ-ა და ი. წ-ა კვლავ არწმუნებდნენ პ. ა-ს, რომ ისინი მოაგვარებდნენ პრობლემას, უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნებოდა და პ. ა-ის საკუთრებად აღირიცხებოდა, თუმცა, დანაპირების საპირისპიროდ, ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ ჯერ ფორმალურად, 2019 წლის 27 აგვისტოს ვინმე ხალილ მურადოვის სასარგებლოდ, 51 000 ლარის მიღების სანაცვლოდ, გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მეორე ბინა, მდებარე თ-ი, რ-ის ქუჩის N--ში, ბინა -ა, ფართით – 44,78 კვ.მ, საკადასტრო კოდით – ....ა, შემდგომ კი, ნასყიდობის თანხის მიღებისთანავე, გაისტუმრეს მოგირავნის – მ. გ-ას – ვალდებულება, პ. ა-ისათვის მიყიდულ უძრავ ქონებას მოხსნეს ყადაღა და 2019 წლის 3 სექტემბერს ეს უკანასკნელი ბინა, საკადასტრო კოდით – ...., გაცვლის ხელშეკრულებით, საკუთრების უფლებით გადასცეს ხ. მ-ს, რის სანაცვლოდაც, უკან დაიბრუნეს მისთვის თითქოსდა მიყიდული უძრავი ქონება, მდებარე თ-ი, რ-ის ქუჩის N--ში, ბინა -ა, ფართით – 44,78 კვ.მ, საკადასტრო კოდით – ....ა.
· ზემოხსენებული ქმედებით ი. წ-ამ და ნ. ბ-ამ თავდაპირველი განზრახვა საბოლოოდ მოიყვანეს სისრულეში: მათ პ. ა-ისგან 14 000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდგომ უკვე სხვას მიჰყიდეს პ. ა-ისთვის ოთხჯერ „მიყიდული“ უძრავი ქონება, რითიც კიდევ ერთხელ მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ამჯერად მეორე მყიდველისგან – ხ. მ-გან, ხოლო ნასყიდობის თანხა ისე განკარგეს, რომ პ. ა-ისათვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ი. წ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულ პ. ა-ს მიადგა დიდი ოდენობით – 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის – ზიანი, რაც, მითითებულ პერიოდში მოქმედი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 36 579,2 ლარს (ოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდაცხრამეტი ლარი და ორი თეთრი).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ პაპავა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელების დამძიმების კუთხით, კერძოდ, ი. წ-ასა და ნ. ბ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელების განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი (რომლითაც დაენიშნათ სასჯელები მსჯავრდებულებს) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
11. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – ი. წ-ასა და ნ. ბ-ას, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნიათ) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სურვილი და მზაობა, მსჯავრდებულებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები) გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – ჯარიმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ი. წ-ასა და ნ. ბ-ასათვის – განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კასატორს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების თაობაზე.
13. რაც შეეხება ბრალდების მხარის საჩივრის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებს დღემდე არ აუნაზღაურებიათ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულთან მიმართებით პრეტენზიის ქონის თაობაზე, არ წარმოადგენს სასჯელის დამძიმების წინაპირობას, რამდენადაც გამოყენებული სასჯელის გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში არ უკავშირდება დაზარალებულის რეპარაციისა და რესტიტუციის ინტერესს, სცილდება სასჯელის მიზნებს და სისხლის სამართალწარმოებას აქცევს დამნაშავისათვის სამაგიეროს მიზღვის ინსტრუმენტად“ (იხ. 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება საქმეზე – №1098აპ-22). შესაბამისად, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის შერიგება მსჯავრდებულის მიმართ ერთგვარი შემამსუბუქებელი ფაქტორია, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. იგი სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა – ზიანის აუნაზღაურებლობა – არ შეიძლება, გათვალისწინებული იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება და მსჯავრდებულთა მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების საფუძველი (მაგალითისთვის, იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N295აპ-22, N354აპ-22, №449აპ-22, №500აპ-22, №36აპ-24).
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე