Facebook Twitter

¹3კ/539-01 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,თ. კობახიძე

დავის საგანი: კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმება, კანონით მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდროს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მხარეთა მამა აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილი ცხოვრობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ..... 1990 წლის 2 აპრილს, გ. გ-შვილის განცხადების საფუძველზე, სოფ. ..... სასოფლო საბჭოს აღმასკომმა კომლის წევრად ჩაწერა მოპასუხე ე. გ-შვილი. 1996 წელს გ. გ-შვილი გარდაიცვალა. იმავე წელს სასამართლოს სარჩელით მიმართა ელ. გ-შვილმა კომლში ე. გ-შვილის ჩაწერის გაუქმებისა და მამის _ გ. გ-შვილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით. ასეთივე შინაარსის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა გ. გ-შვილის ქალიშვილმა _ ნ. გ-შვილმა. მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხე ე. გ-შვილის ჩაწერა მამის კომლში ატარებს ფიქციურ ხასიათს, იგი მუდმივად ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად ქ. რუსთავში, საიდანაც არასოდეს ამოწერილა. მას არ უცხოვრია მამასთან ერთად სოფ. ..... და არ შეუსრულებია კომლის წევრის მოვალეობები.

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მან განმარტა, რომ კომლში მისი ჩაწერა განხორციელდა მამის სურვილის შესაბამისად. მართალია, იგი ცხოვრობდა ქ. რუსთავში, მაგრამ ხშირად ჩადიოდა მამასთან და მონაწილეობდა კომლის სამეურნეო საქმიანობაში.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ. ბოლოს, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და მესამე პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ..... საკრებულოს მიერ 1990 წლის 2 აპრილს განხორციელებული ჩანაწერი გ. გ-შვილის კომლში ე. გ-შვილის ჩაწერის შესახებ. მხარეები ცნობილნი იქნენ გ. გ-შვილის დანაშთი ქონების მემკვიდრეებად, თითოეული სამკვიდროს 1/3 ნაწილზე.

მოპასუხე ე. გ-შვილმა რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ელ. და ნ. გ-შვილებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდა ქ.რუსთავში, მონაწილეობდა კომლის სამეურნეო საქმიანობაში; სასამართლოს ასევე დადგენილად ცნო ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარეების მამამ გ. გ-შვილმა გამოთქვა სურვილი ე. გ-შვილის კომლის წევრად მიღების შესახებ, ხოლო ერთდროულად სოფ. ..... და ქ. რუსთავში მოპასუხის ჩაწერის ფაქტი არ მიიჩნია კომლის წევრობის უფლების დაკარგვის გამომწვევ გარემოებად.

2000 წლის 12 ივნისს ელ. და ნ. გ-შვილებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაამახინჯა მოწმეთა ჩვენებები. ამასთან, გამოიყენა გნუხილველი, საქმის მასალებში არსებული მოწმეთა განმარტებები ისე, რომ მათ შესახებ არ ყოფილა მსჯელობა საქმის განხილვის დროს. შესაბამისად, მათ არ მისცემიათ საშუალება გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამ განმარტებებთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ნოემბრის გნჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ მამის კომლში სამეურნეო საქმიანობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად გამოიყენა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიცემულია განუხილველად დატოვებული საქმის სხდომის დროს. საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითდ განხილვის დროს კი განუხილველად დატოვებული საქმის სხდომის ოქმი და სხვა მასალები არ გამოქვეყნებულა, რითაც დაირღვა სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება ერთდროულად სოფ. ..... და ქ. რუსთავში ჩაწერას; არ გაარკვია, მოპასუხეს ჰქონდა თუ არა უფლება ერთდროულად ყოფილიყო სხვადასხვა ადგილას ჩაწერილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. გ-შვილს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საჩივარზე უარის თქმა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: სამოქალაქო სამართლის (1964 წ.) კოდექსის 122-ე მუხლიდან, და საერთოდ, საკოლმეურნეო კომლის ცნებიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის წევრი იმავდროულად არ შეიძლება ყოფილიყო სხვა კომლის ან ოჯახის წევრი, ხოლო ერთდროულად ორ საცხოვრებელ ადგილას ჩაწერის უფლება კანონმდებლობით ე. გ-შვილს არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ე. გ-შვილმა.

კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 1990 წლის 30 მარტს იგი ამოწერილ იქნა ქ.რუსთავიდან, რაც მტკიცდება 1986 წლის 21 აგვისტოს გაცემული ცნობით. გარდა ამისა, საქმეში არის ცნობა იმის შესახებ, რომ იგი ნამდვილად იხდიდა გადასახადებს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ..... და ჩაწერილი იყო კომლში მამასთან ერთად. აღნიშნული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: მოდავე მხარეები არიან და-ძმანი. მათი მამა გ. გ-შვილი იყო საკოლმეურნეო კომლის უკანასკნელი წევრი, ვინაიდან ე. გ-შვილი 1960 წლიდან თავის ოჯახთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად გადასული იყო ქ.რუსთავში და რუსთავის საცხოვრებელი ბინიდან ამოწერილი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, სოფ. ..... სადავო სახლში და საკოლმეურნეო კომლში არც მისი ჩაწერის საფუძველიც არსებობდა. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-შვილის გარდაცვალების პერიოდში ე. გ-შვილი მუდმივად ცხოვრობდა ქ. რუსთავში და საკოლმეურნეო კომლის წევრს არ წარმოადგენდა. აღნიშნულის საწინაღმდეგო მოსაზრება დოკუმენტური მტკიცებულებებით არ დასაბუთებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასმართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევში კასატორ ე. გ-შვილს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად შეაფასა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

“საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტითა და “სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის ¹949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის ¹ 199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, სარგებლობაში ჰქონდა კოლმეურნეობის სანიმუშო წესდებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი. შესაძლებელი იყო საკუთრებაში ჰქონოდა წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, ნაგებობანი, პროდუქციული პირუტყვი და სხვა, რაც წარმოადგენდა კოლმეურნის დამხმარე მეურნეობას. მიწის ნაკვეთის გარდა, ყველა სხვა ქონება განეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლის წევრთა თანასაკუთრებას. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად, 1993 წლიდან იურიდიული საფუძველი გამოეცალა საკოლმეურნეო კომლს და აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილის საკოლმეურნეო კომლი 1993 წლიდან ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად, რომელიც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დამხმარე მეურნეობის საწარმოებლად კი არ იყო შექმნილი, არამედ წარმოადგენდა ისეთ საადგილმამულო ფერმერულ მაურნეობას, რომელსაც გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და განკუთვნილი იყო ბაზარზე სარეალიზაციო-სასაქონლო პროდუქციის შესაქმნელად.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს და რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას შეადგენს. თუ საკომლო მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილის კომლი საკომლო მეურნეობად და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის (1964 წ.) კოდექსის 569-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცველბის შემდეგ კომლში სხვა წევრები არ დარჩენილან, კომლის (ოჯახის) ქონებაზე იხსნება სამკვიდრო. 1993 წლიდან ამ მუხლით გათვალისწინებულ კომლში იგულისხმება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სამეურნეო კომლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო სამართლის (1964 წ.) კოდექსის 122-ე, 569-ე მუხლები. მაგრამ აღნიშნულს შედეგად არ მოჰყოლია არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგენა. 1993 წელს კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა გ. გ-შვილის საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი. გ. გ-შვილი გარდაიცვალა 1996 წელს. ვინაიდან კასატორი ე. გ-შვილი სამეურნეო წიგნში აწ გარდაცვლილ გ. გ-შვილის სამეურნეო კომლის თანამესაკუთრედ რეგისტრირებული არ ყოფილა, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მაშინ მოქმედი სამოქალაქო სამართლის (1964 წ.) კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, გაიხსნა სამკვიდრო. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის შესაბამისად, როგორც კასატორი ე. გ-შვილი, ისე მოსარჩელე ელ. გ-შვილი და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. გ-შვილი, წარმოადგენენ აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეებს, რის გამოც თითოეული მათგანი თანაბრად უფლებამოსილია მიიღოს სამკვიდროს 1/3 ნაწილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410_ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.