Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №585აპ-25 5 დეკემბერი, 2025 წელი

მ. ა., №585აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ-ისა და ჯ. ხ-ის, აგრეთვე, ვ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ-ე - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის აპრილში, ნ. მ-ემ, მ. ბ-ამ და ა. მ-ემ განიზრახეს შპს „---ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, -ის ხეივნის N--ში მდებარე, 6 063 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშნულმა პირებმა უძრავი ქონების დარეგისტრირებისთვის გამოიყენეს 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული, ა-ის სახელმწიფოში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით, თითქოს, 2019 წლის 17 დეკემბერს, ა-ის ქალაქ ს-ში, თ-ის რესპუბლიკის მოქალაქემ -- დაბადებულმა შ. უ-მ საქართველოს მოქალაქეს – --- დაბადებულ მ. ბ-ას მიანიჭა უფლება, განეკარგა ქ. თ-ში, -ის ხეივნის N--ში მდებარე 6 063 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მათ შორის, გაესხვისებინა და გადაეფორმებინა საკუთარ თავზე. ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2022 წლის 15 აპრილს, მ. ბ-ამ შპს „---ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, -ის ხეივნის N--ში მდებარე 6 063 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 000 000 აშშ დოლარად მიჰყიდა საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 18 აპრილს, შეთანხმებისამებრ, დოკუმენტალურად, 1 000 000 აშშ დოლარად გაასხვისა 2022 წლის 15 აპრილს დარეგისტრირებულ შპს „--ის“ დირექტორსა და ერთპიროვნულ დამფუძნებელ ნ. მ-ეზე, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის თავის სახელზე დარეგისტრირებისათვის მ. ბ-ასა და ა. მ-ეს გადაუხადა 300 000 აშშ დოლარი. ნ. მ-ის, მ. ბ-ასა და ა. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად, შპს „---ს“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენით:

ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. კ-მა, გ. ყ-მა და ჯ. ხ-მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ყ-მა, ჯ. ხ-მა და ვ. კ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ადვოკატმა ვ. კ-მა ასევე მოითხოვა (ალტერნატიული მოთხოვნის სახით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის განახევრება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. დადასტურებული არ არის ა. მ-ის მიერ ქონების დაუფლების/მასზე უფლების მიღების მიზნით, დაზარალებულის მოტყუება/ნდობის ბოროტად გამოყენება (იგი საერთოდ არ იცნობს დაზარალებულს და მასთან კონტაქტი არ ჰქონია) ან ყალბი დოკუმენტის შექმნა და ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეკავშირება, ასევე – სარგებლის მიღება (ა. მ-ე დაზარალებულის ქონებას/ქონებრივ უფლებას არ დაუფლებია) და ზოგადად, მინდობილობის სიყალბისა და თაღლითობის ჩადენის შესახებ მსჯავრდებულის მიერ ინფორმაციის ფლობა. მოწმე ნ. მ-ის ჩვენება წინააღმდეგობრივი და არასანდოა. გარდა ამისა, ადვოკატთა განმარტებით, დადასტურებული არ არის მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ა. მ-ის მიერ ნ. მ-ის მიმართ მუქარა, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელს კავშირი არ აქვს ა. მ-ისათვის მსჯავრადშერაცხილ თაღლითობასთან. გარდა ამისა, ადვოკატ ვ. კ-ის მტკიცებით, ვინაიდან ა. მ-ეს სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს დანიშნული სასჯელი უნდა გაენახევრებინა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. მ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. მ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „---ი“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეები – ი. უ. (50%) და შ. უ-მ (50%).

5.4. დაზარალებულის წარმომადგენელმა შ. უ-მმა განმარტა, რომ 2018-2019 წლებიდან ფლობს კომპანია შპს „---ს“. მან ორნახევარ მილიონ აშშ დოლარად შეიძინა თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში მდებარე 6063 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. ა. მ-ეს, ნ. მ-ესა და მ. ბ-ას არ იცნობს. კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასასხვისებლად მინდობილობა მ. ბ-ას სახელზე არც მას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ გაუცია, ასევე, არ ყოფილა ა-ში და არც შპს „---ის“ კრება ჩაუტარებიათ აღნიშნული მინდობილობის გასაცემად. თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში მდებარე მიწის ნაკვეთის მინდობილობით გაყიდვისას გამოიყენეს მისი ვადაგასული თ-ის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ნ. მ-ის ჩვენებას და კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება ნ. მ-ის მიერ სწორედ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც სრულად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და არ იკვეთება გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმის სანდოობას. ნ. მ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2022 წლის აპრილში, ა. მ-ემ უთხრა, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაურეკავდნენ. მართლაც, 2022 წლის აპრილში, თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში მდებარე მიწასთან დაკავშირებით, მას დაუკავშირდა მ. ბ-ა. მოწმე, ა. მ-ესთან ერთად, წავიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სანახავად, სადაც დახვდათ მ. ბ-ა. ა. მ-ე არწმუნებდა, რომ მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ კარგი მდებარეობა ჰქონდა. ასევე, მიწა იაფად – 300 000 დოლარად იყიდებოდა, ხოლო ანგარიშსწორება ნაღდი ფულით უნდა მომხდარიყო. მიწის ნაკვეთს თ. მესაკუთრე ჰყავდა. მ. ბ-ამ და ა. მ-ემ მას უთხრეს, რომ მინდობილობას გააყალბებდნენ, მიწის ნაკვეთს ჯერ გააფორმებდნენ მ. ბ-ას სახელზე, ხოლო შემდეგ – ნ. მ-ეზე, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენი იქნებოდა და პრობლემა არ შეექმნებოდა. 2023 წლის 18 აპრილს, იუსტიციის სახლში წავიდნენ თავად, მ. ბ-ა, ადვოკატი რ. გ-ი და ა. მ-ე. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ადვოკატმა მიუთითა, რომ ნ. მ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, მილიონ დოლარად იყიდა თ-ში, ა-ის ხეივნის N- ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის ეზოში რ. გ-მა შეადგინა ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ნ. მ-ემ, ა. მ-ემ და მ. ბ-ამ. შემდეგ, ოთხივე ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვ-ში. თავად და რ. გ-ი დარჩნენ მის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ა. მ-ე და მ. ბ-ა წავიდნენ და წაიღეს ნ. მ-ის მიერ მათთვის გადაცემული 300 000 დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა მ. ბ-ასა და ა. მ-ეს, რადგან მათ გააყალბეს მინდობილობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან დაარსა შპს „--ი“, რათა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომპანიაზე გაეფორმებინა. მოწმის ჩვენებით, ა. მ-ე დაშინებისა და მუქარის გამოყენებით, სთხოვდა თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნახევრის, ხოლო ნაკვეთზე ყადაღის დადების შემდეგ – სხვა უძრავი ქონების მის სახელზე გადაფორმებასა და ფულად თანხას. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენებისა და გამოკითხვის ოქმების ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე ა. მ-ის დასახელებისაგან თავის შეკავება არ წარმოადგენს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მით უფრო, რომ მოწმემ ეს გარემოება დამაჯერებლად ახსნა.

5.6. მოწმე ნ. მ-ის ჩვენება გამყარებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის: 2022 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელსაც მყიდველისა და გამყიდველის გრაფაში ხელს აწერს ბ. ბ.ა; 2019 წლის 17 დეკემბერს, შ. უ-ს მიერ მ. ბ-ას სახელზე გაცემული მინდობილობით; შპს „---ის“ დამფუძნებლების პარტნიორთა კრების 2019 წლის 17 დეკემბერის №7 ოქმით; მ. ბ-ასა და ნ. მ-ეს შორის დადებული 2022 წლის 18 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით; ნ. მ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2022 წლის 18 აპრილით დათარიღებული თანხის მიღება-ჩაბარების აქტით.

5.7. კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 23 იანვრის … დასკვნით დადგენილია, რომ 17.12.2019 წლით დათარიღებულ მინდობილობის პირველ ფურცელსა და 17.12.2019 წლით დათარიღებულ შპს „---ის“ კრების №- ოქმზე არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა შ. უ-მის, არამედ – სხვა პირის მიერ. ასევე, დადგენილია, რომ 15.04.2022 წლით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (დადებული შპს „---სა“ (წარმომადგენელი – მ. ბ-ა) და მ. ბ-ას შორის) პირველ ფურცელზე გრაფებში არსებული ასოითი ჩანაწერები და მეორე ფურცელზე გრაფებში – „გამყიდველის წარმომადგენელი“ და „მყიდველი“ – მ. ბ-ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია მ. ბ-ას მიერ. 18.04.2022 წლით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (დადებული მ. ბ-ასა და ნ. მ-ეს შორის) მეორე ფურცელზე გრაფაში – „გამყიდველი“ – მ. ბ-ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია მ. ბ-ას მიერ. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ. მ-მა.

5.8. საგულისხმოა, რომ როგორც მოწმე ლ. მ-ის ჩვენებით დასტურდება, მან ნ. მ-ის დაკვეთით, თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში მდებარე 6063 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეაფასა 5 690 000 აშშ დოლარად.

5.9. შპს „მ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თნახმად, ნ. მ-ის მობილური ტელეფონის ნომერსა და ა. მ-ის მობილური ტელეფონის ნომერს შორის, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ფიქსირდება 151 სატელეფონო კავშირი, მათ შორის, 2022 წლის 17 აპრილს. ასევე, დგინდება ა. მ-ის მობილური ტელეფონის ნომრით სატელეფონო კავშირი რ. გ-ის მობილური ტელეფონის ნომერზე. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ფიქსირდება 45 სატელეფონო კავშირი, მათ შორის, 2022 წლის 17, 18, 26 და 27 აპრილს. ინტერნეტტრაფიკის მონაცემების დათვალიერებით ირკვევა, რომ ა. მ-ე 2022 წლის 18 აპრილს გადაადგილდება თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის – ბ-ის ქუჩაზე, რომელიც წარმოადგენს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო აღნიშნული ადგილის დატოვების შემდეგ, ფიქსირდება “ვ--ის“ ტერიტორიაზე. მობილური ტელეფონების ნომერზე განხორციელებული ზარების, მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და ინტერნეტტრაფიკის მონაცემების დათვალიერების შედეგად, ირკვევა, რომ ა. მ-ე, ნ. მ-ე და მ. ბ-ა 2022 წლის 16 აპრილს, კერძოდ, 19:00 საათიდან იმყოფებოდნენ დ-ის ტერიტორიაზე, ერთსა და იმავე სატელეფონო ანძების დაფარვის არეალში. ასევე, 2022 წლის 18 აპრილს, იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთსა და იმავე სატელეფონო ანძების დაფარვის არეალში.

5.10. ნ. მ-ის ჩვენება ქონების გადაფორმების მიზნით ა. მ-ის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის ნაწილში დადასტურებულია მ. ა-ისა და ფ. მ-ის ჩვენებებით. კერძოდ, ფ. მ-ის განმარტებით, იგი შეესწრო ნ. მ-ისა და ა. მ-ის სატელეფონო საუბარს, რა დროსაც, ნ. მ-ე მას ეუბნებოდა, რომ პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ქონებას ვერ გადაუფორმებდა. თავის მხრივ, მოწმე მ. ა-მა დაადასტურა, რომ ნ. მ-ესთან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც, ამ უკანასკნელს მობილურზე დაურეკა ა. მ-ემ და უთხრა, თუ თ-ში, ა-ის ხეივნის N--ში შეძენილი მიწის ნაკვეთის ნახევარს მას არ გადაუფორმებდა, საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც მოუვიდოდა. მოწმეს ესმოდა საუბარი, რადგან ნ. მ-ეს მობილური ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული. მოწმე, ასევე, პირადად შეესწრო, როგორ გამოვარდა ნ. მ-ის სახლიდან გაბრაზებული ა. მ-ე, რომელიც ნ-ს გაქრობითა და ცხოვრების გამწარებით ემუქრებოდა. ნ. მ-ის მძიმე ემოციური მდგომარეობა ასევე დაადასტურა მოწმე ა. გ-მაც.

5.11. ნ. მ-ის საცხოვრებელ სახლში ა. მ-ის ყოფნის ფაქტი დადასტურებულია შპს „მ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის მიხედვით, 2023 წლის 10 იანვარს, 14:05 საათზე, 2023 წლის 18 იანვარს, 16:54 საათზე და 2023 წლის 23 თებერვალს, 17:26 საათზე, ა. მ-ის მობილური ტელეფონის ნომერი ფიქსირდება ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის დაფარვის იმ ზონებში, რომლებიც განთავსებულია ა. წ-ის ქუჩაზე, - შ-ი გ-ის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნ. მ-ის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორია).

5.12. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ ნ. მ-ე თავის საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა პირებთან საუბრობს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, მათ შორის, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხის დაბრუნების გზებზე, თანხის წარმომავლობის დასაბუთებაზე, ასევე, ახსენებს ა-ს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი როინის მიერ შედგენილ ხელწერილზე, რომელსაც, ასევე, ხელი მოაწერა ბ-ამ. ნ. მ-ე აღნიშნავს, რომ მან გამოძიებას დაუმალა ა-ს თაობაზე, რომელიც ვერ იტყვის, რომ მას მილიონი არ აქვს გადახდილი, რადგან ამის თქმით გამოვა, რომ ყალბ საბუთზე მოაწერა ხელი. საუბარში ქალბატონი სახელად ფ. ეუბნება ნ. მ-ეს, არ დაიბარონ ის, ვინც ხუთ მილიონად შეაფასა მიწის ნაკვეთი და ასევე აცხადებს, რომ მისგან ინფორმაცია ვერ გავა. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში მეტყველი დიქტორი ქალის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მეტყველი ნ. მ-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია. დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – დ. გ-მა და ა. ჩ-ამ.

5.13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მ. ბ-ასა და ნ. მ-ის მიმართ გამოტანილ, საბოლოო გამამტყუნებელ განაჩენებს, რომელთა თანახმად, მ. ბ-ა და ნ. მ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობისათვის.

5.14. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობით კვალიფიკაციის მიზნებისათვის, მნიშვნელობა არ აქვს (თანაბარმნიშვნელოვანია) ბრალდებული/მსჯავრდებული თავად/უშუალოდ ახორციელებს დაზარალებულთან კომუნიკაციას – მოტყუებას, თუ – სხვა პირის მეშვეობით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის ან უშუალოდ მოტყუება/ნდობის ბოროტად გამოყენება ან ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო თანაბრალდებულის/თანამსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით. ამდენად, დაზარალებულთან უშუალო კონტაქტის არარსებობა a priori არ გამორიცხავს დანაშაულებრივ ქმედებაში პირის მონაწილეობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის N698აპ-19 განაჩენი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ა. მ-ის უდანაშაულობა, მათ შორის, იმ გარემოებით მტკიცდება, რომ მას დაზარალებული უშუალოდ არ მოუტყიებია/მასთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია და არც ყალბი დოკუმენტი შეუქმნია. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულ გარემოებებსა და მოვლენათა განვითარების ერთიან სურათს, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ ა. მ-ისათვის ცნობილი იყო დაზარალებულის ქონების მოტყუებით დაუფლების შესახებ. სწორედ ა. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. ბ-ას შეთანხმებულმა, ერთობლივმა ქმედებებმა უზრუნველყვეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი ა. მ-ის უდანაშაულობის შესახებ, საფუძველს მოკელბულია.

5.15. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ა. მ-ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, თუმცა, ეს გარემოება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ მას მსჯვრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელი მოიცავს ამავე მუხლის როგორც მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, ისე – მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის განახევრებას განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირისათვის, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ა. მ-ე, იმავდროულად, მსჯავრდებულია და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მასზე ვერ გავრცელდება ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და დანიშნული სასჯელი შეუმცირა 1/6-ით.

5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ-ის, ჯ. ხ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლალი ფაფიაშვილი

ლევან თევზაძე