Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №638აპ-25 4 დეკემბერი, 2025 წელი

ა. ვ., №638აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა-ის ადვოკატის – მ. წ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ა-ს - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა ანგარების მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით.

1.2. ვ. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 12 ივნისს, თ-ში, ხ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ანგარების მოტივით, ვინაიდან ბრალდებულს გააჩნდა დაზარალებულის ვალი, ვ. ა-მა დანა ჩაარტყა მუცლის არეში, უტრიალებდა და ერთი ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გ. ჯ-ეს, რის გამოც, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ვ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 13 ივნისიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. ა-ის ადვოკატმა – მ. წ-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენით, მსჯავრდებულ ვ. ა-ის ადვოკატის – მ. წ-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. ა-ის ადვოკატი – მ. წ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია განზრახ მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად. არსებული მასალები უტყუარად მიუთითებს, რომ შემთხვევის დღეს ვ. ა-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მისი ქმედება თავდაცვის სურვილით იყო განპირობებული.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. დაზარალებულ გ. ჯ-ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ვ. ა-მა მას ბიზნესში ჩადების მოტივით, რამდენჯერმე გამოართვა თანხა, თავდაპირველად – 30 000 დოლარი, შემდეგ დამატებით – 60000-65000 დოლარი, თუმცა ეს უკანასკნელი თანხა აღარ დაუბრუნებია. სწორედ ამ ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლების მიზნით დაუთქვა ვ. ა-მა მას შეხვედრა, რომლის დროსაც მოულოდნელად, დანით მრავალჯერადი დარტყმები მიაყენა. შედეგად, გ. ჯ-ემ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

4.3. დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები ერთობლივად ადასტურებს, რომ ვ. ა-ი მიზანმიმართულად ცდილობდა დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებას. დაზარალებულთან ფიზიკური კონტაქტისას იგი ცდილობდა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების მიყენებას, ხოლო შემდგომში, დანის მიწაში ჩარჭობით, წყლის დასხმითა და მისი გადაგდებით – დანაშაულის იარაღზე არსებული კვალის განადგურებას.

4.4. საგულისხმოა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა განმარტებები, რომელთა თანახმად, დაზარალებული ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მას ვ. ა-ი კლავდა, ხოლო, ეს უკანასკნელი, ცდილობდა დანის გადამალვას. აღნიშნული მოწმეების ჩვენებები უტყუარად მიუთითებს, რომ ვ. ა-ი იყო თავდასხმის ინიციატორი და მისი ქმედებები წარმოადგენდა წინასწარდაგეგმილ, ანგარებით მოტივირებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

4.5. ამდენად, მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილზე უიარაღო დაზარალებულმა ვ. ა-ის ქმედებით მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები, ხოლო თავად მსჯავრდებული ცდილობდა დანაშაულის იარაღზე კვალის წაშლას და გადამალვას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, თითქოს დაზარალებული თავად მოქმედებდა ანგარებით და ვ. ა-ი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი კრიტერიუმები – უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. ა-ის ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – ანგარებით მოტივირებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენი ვ. ა-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ა-ის ადვოკატ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე