საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №641აპ-25 4 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. ვ., №641აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ადვოკატის – მ. ც-ის –საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ქ-ეს - ბრალად ედებოდა:
1.1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;
1.1.2. სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ვ. ქ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2023 წლის 27 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ეს საავტომობილო გზაზე განთავსებულ, გ. ხ-ის კუთვნილ, თხილის მიმღებ პუნქტში, ვ. ქ-ემ შურისძიების ნიადაგზე მოკვლის განზრახვით, სანადირო თოფიდან დამიზნებით, რვაჯერ ესროლა გ. ხ-ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო დაზიანებები.
1.2.2. 2023 წლის 27 ოქტომბერს, დღის საათებში, შურისძიების ნიადაგზე, ვ. ქ-ემ სანადირო თოფიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა და განზრახ დააზიანა ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ეს საავტომობილო გზაზე განთავსებული, გ. ხ-ის კუთვნილი თხილის მიმღები პუნქტის მეტალოპლასტმასის კარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენით:
2.1.1. ვ. ქ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1.2. ვ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის სახელზე რეგისტრირებული, 1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – 12 კალიბრის “SENATOR-MAGNUM” მოდელის, - ---.
2.1.3. ვ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ერთმა თანაბარმა, ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ძირითადი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ქ-ეს ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის სახელზე რეგისტრირებული, 1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – 12-კალიბრიანი “SENATOR-MAGNUM” მოდელის, ---.
2.1.5. მსჯავრდებულ ვ. ქ-ეს თავისუფლების აღკვეთის ვადა აეთვალა 2023 წლის 28 ოქტომბრიდან, ხოლო, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა – თავისუფლების აღკვეთის მოხდის დღიდან.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით და მისთვის უმკაცრესი სასჯელის დანიშვნა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენი შეიცვალა:
3.1.1. ვ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.
3.1.2. ვ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის სახელზე რეგისტრირებული 1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – 12-კალიბრიანი “SENATOR-MAGNUM” მოდელის, ---
· საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით.
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ქ-ეს ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის სახელზე რეგისტრირებული, 1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – 12-კალიბრიანი “SENATOR-MAGNUM” მოდელის, ---.
3.1.4. მსჯავრდებულ ვ. ქ-ეს თავისუფლების აღკვეთის ვადა აეთვალა 2023 წლის 28 ოქტომბრიდან, ხოლო, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა – თავისუფლების აღკვეთის მოხდის დღიდან.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ადვოკატი – მ. ც-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის ნაცვლად, ვ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის ვ. ქ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის სადავოა ვ. ქ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით. დამცველის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იარაღით გასროლის მომენტში მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. თუ ასეთი განზრახვა იარსებებდა, ვ. ქ-ეს შეეძლო მისი თავისუფლად შესრულება, ვინაიდან რაიმე წინაღობა არ ჰქონია.
4.3. ამდენად, რამდენადაც კასატორი არ უარყოფს შემთხვევის ადგილას ვ. ქ-ის ყოფნას და, მისი მხრიდან, დაზარალებულის მიმართულებით სანადირო თოფით გასროლას, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს მსჯავრდებულის ქმედებაში მკვლელობის განზრახვის არსებობის ან არარსებობის ნაწილში, ხოლო ფაქტს, რომ ვ. ქ-ემ სანადირო თოფიდან დაზარალებულის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, დადასტურებულად მიიჩნევს.
4.4. განზრახვის ელემენტზე მსჯელობისას სასამართლო მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, ქმედების სუბიექტური მხარის – განზრახვის – დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნა, ნებელობა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17).
4.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არსებული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა – დაზარალებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე ნ. მ-ეს ჩვენება და მისი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეო-აუდიოჩანაწერები – ქმნის შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების მკაფიო სურათს, რაც ვ. ქ-ის ქმედებაში ადასტურებს მკვლელობის განზრახვის არსებობას, კერძოდ:
4.6. დაზარალებულ გ. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ. ქ-ე წინასწარ მივიდა შემთხვევის ადგილზე იარაღით, აგრესიულად მოითხოვდა მის გარეთ გასვლას და განუწყვეტლივ ისროდა მისი მიმართულებით, რის შედეგადაც მიადგა სხეულის დაზიანებები. მოწმე ნ. მ-რეს ჩვენებაც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა დაახლოებით, 8-9-ჯერ გაისროლა, ყველა ერთი მიმართულებით, იმ სივრცეში, რომელშიც იმყოფებოდა დაზარალებული, და, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა შეძლო ტყვიების ნაწილობრივ აცდენა, მაინც დაზიანდა. ნათია მენაფირე განმარტავს, რომ დაზარალებული ხმამაღლა ყვიროდა, „მომკლაო“, ხოლო, ამ ფრაზის პარალელურად ვ. ქ-ემ ერთდროულად დაცალა დარჩენილი ტყვიები. აღნიშნული გარემოებები (არც ისე შორი მანძილიდან დაზარალებულის მიმართულებით განუწყვეტლივ და აგრესიულად სროლა, ტყვიების ამოწურვის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილის დატოვება) ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის ქმედებები არ ყოფილა მხოლოდ დაზარალებულის დაშინების მცდელობა, არამედ – შეგნებული, შურისძიების მოტივით ჩადენილი და მიზნად ისახავდა მისი სიცოცხლის მოსპობას.
4.7. მნიშვნელოვანია ვიდეო-აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც ობიექტურად ასახავს მომხდარს: ჩანაწერში ჩანს მამაკაცი იარაღით ხელში, ასევე, ისმის მისი აგრესიული სიტყვები („გამოი გარეთ, შენი...“) და მრავალჯერადი გასროლების ხმები, რასაც თან ახლავს დაზარალებულის შეძახილები: „– მომკლა, ბიჯო!“, „მიშველეთ! ვკვდები!“. ასევე ისმის მინების მსხვრევის და ტყვიების დაცლის ხმები. აღნიშნული ჩანაწერები არა მხოლოდ ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებს, არამედ ქმნის უშუალო, აუდიო-ვიზუალურ მტკიცებულებას, რომ ვ. ქ-ის ქმედებები იყო გ. ხ-ის განზრახ სიცოცხლის მოსპობისკენ მიმართული, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ აღასრულა.
4.8. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტები – შეიარაღებული ვ. ქ-ის მისვლა შემთხვევის ადგილზე, მისი მხრიდან აგრესიული მოთხოვნები, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მრავალჯერადი, მიზანმიმართული გასროლა და დაზარალებულის სხეულის დაზიანება (მიუხედავად დაზიანების ხარისხისა) – ქმნის მტკიცებულებათა ერთიან ჯაჭვს, რომელიც სრულად ამყარებს დასკვნას, რომ ვ. ქ-ეს ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. ამ დასკვნას განსაკუთრებულად სარწმუნოს ხდის ვიდეო-აუდიოჩანაწერების არსებობა.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. ქ-ის ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს –განზრახ მკვლელობის მცდელობას. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ვ. ქ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.13. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ადვოკატის – მ. ც-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე