Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№642აპ-25 თბილისი

გ. გ., №642აპ-25 4 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მიხეილ ჯინჯოლია

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის, ასევე – შპს „მ-ის“ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ძ-ას, შპს “გ-“-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის, მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. წ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

გ. გ-ს - – საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 3 მარტიდან;

ვ. ლ-ეს - – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 3 მარტიდან;

შპს “გ-“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი – --) – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და 2020 წლის 18 მაისის ხელშეკრულების ეპიზოდები) – ჯარიმა – 250000-250000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შპს “გ-“-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 250000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

შპს „მ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – --) – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა – 100000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

შპს “ე-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – --) – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა – 50000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ:

გ. გ-მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე. ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი;

ვ. ლ-ემ – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება;

შპს “ე-მა“ – შპს “ე-ის“ (ს/კ --) სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება;

შპს „მ-მა“ – შპს „მ-ის“ (ს/კ --) სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

შპს “გ-“-მა – შპს “გ-“-ის (ს/კ --) სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ:

გ. გ-ი დანიშნული იყო თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

2021 წლის 22 ოქტომბერს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს “გ-“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (მდებარე თ-ში, შ-ს ქუჩის №-), შპს “გ-“-მა (დირექტორ ლ. ფ-ის სახელით) წარადგინა პროექტის ცვლილებები, რომლებიც იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს -ის ს-ო სამსახურის უფროსსა (გ. გ-ი) და შპს “გ-“-ის დირექტორს (ლ. ფ-ე) შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლებითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეიცვალა უკვე დამტკიცებული პროექტი.

საბოლოოდ, შპს “გ-“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, კერძოდ, ელექტრონაწილი არ იყო მოწყობილი, ელექტროდანადგართა მოწყობის წესების შესაბამისად, ვინაიდან არ იყო მოწყობილი დიფერენციალური გაჟონვის რელე, რაც უზრუნველყოფდა, დენის გაჟონვის შემთხვევაში, კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას, ხოლო ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური) არ იყო დამიწებული. ასევე, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი არალითონური შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. გარდა აღნიშნულისა, სამუშაოების მიმდინარეობისას, შესაბამისმა სპეციალისტებმა ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოაყოლეს მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი, რის გამოც, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და კაბელი გახდა ელექტროდენის გადამტანი.

მიუხედავად იმისა, რომ შპს “გ-“-ს -ის ს-ო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია (ფაქტობრივად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია), მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გ. გ-ი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები მიიღო აღნიშნული დოკუმენტების გარეშე (2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი). აღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნის შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა. შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე გასართობად მივიდნენ --ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის იყვნენ ა. ლ-ძე, ლ. ლ-ძე და მ. მ-ი. თამაშის დროს ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ შადრევნის აუზში. მის ამოსატანად წყალში ჩავიდნენ ა. ლ-ძე და ლ. ლ-ძე, რა დროსაც, მათ მიიღეს ელექტროტრავმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენის ზემოქმედებით. ელექტროტრავმის შედეგად, ისინი გახდნენ შეუძლოდ და წაიქცნენ აუზში. მათ დასახმარებლად აუზში ჩავიდა მ. მ-ი, რომელმაც ასევე მიიღო ელექტროტრავმა და ისიც გახდა შეუძლოდ. საბოლოოდ, ბავშვები აუზიდან ამოიყვანა იქვე მყოფმა პირმა, რის შემდეგაც, ისინი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ელექტროტრავმის შედეგად, ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსჯავრდებულ ვ. ლ-ის მიმართ:

2020 წლის 18 მაისს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა (სამსახურის უფროსი გ. გ-ი) და შპს „L-ს“ (დირექტორი გ. მ-ი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს „L-იმ“, სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით (თ-ი, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა), მიმართა შპს “ე-ს“.

2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 02 ივნისს შპს “ე-ის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა ვ. ლ-ემ (თ-ში, მ-ის ქუჩის -, ბინა --ში) დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიშები, რომელთა თანახმად, პროექტი შესრულებული იყო სამშენებლო ნორმების დაცვით და დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების (სამშენებლო წესები და ნორმები) მოთხოვნებს. მან ინსპექტირების ჩამტარებელ პირებად ანგარიშში შეიყვანა ისეთი ექსპერტები, რომლებსაც შპს “ე-ში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად, არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე, ექსპერტების ნაცვლად, ხელი მოაწერა ვ. ლ-ემ. ვ. ლ-ემ ყალბი ინსპექტირების ანგარიშები გადასცა შპს „L-ის“ წარმომადგენლებს.

შპს “ე-ის“ მიმართ:

2020 წლის 18 მაისს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს (სამსახურის უფროსი გ. გ-ი) და შპს „L-ს“ (დირექტორი გ. მ-ი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს „L-იმ“, სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით (თბილისი, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა), მიმართა შპს “ე-ს“.

2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს შპს “ე-ის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა ვ. ლ-ემ (თ-ში, მ-ის ქუჩის -, ბინა --ში) შპს “ე-ის“ (ს/ნ --) სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიშები, რომელთა თანახმად, პროექტი შესრულებული იყო სამშენებლო ნორმების დაცვით და დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედ ნორმატიული დოკუმენტების (სამშენებლო წესები და ნორმები) მოთხოვნებს. მან ინსპექტირების ჩამტარებელ პირებად ანგარიშში შეიყვანა ისეთი ექსპერტები, რომლებსაც შპს “ე-ში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად, არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად, ხსენებულ დოკუმენტებზე, ექსპერტების ნაცვლად, ხელი მოაწერა ვ. ლ-ემ. ვ. ლ-ემ ყალბი ინსპექტირების ანგარიშები გადასცა შპს „L-ის“ წარმომადგენლებს.

შპს “გ-“-ის მიმართ:

2021 წლის 22 ოქტომბერს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს “გ-“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო, წარედგინა ფორმა №2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებსა და პროექტთან შესაბამისობასა და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოს თვეში შპს “გ-“-მა დაასრულა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ შპს “გ-“-მა, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „მ-თან“.

შპს „მ-ის“ ინსპექტორმა, დ. თ-მა, და ტექნიკურმა მენეჯერმა, ნ. ქ-მა, შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა ფორმა №2-ის ცხრილებში დაფიქსირებულ დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ მოამზადეს დასკვნის პროექტი და 2022 წლის 19 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნეს შპს “გ-“-ის თანამშრომელს – დ. კ-ეს. დ. კ-ე მივიდა შპს „მ-ის“ ოფისში (მდებარე თ-ში, გ. მ-ის ქუჩის №-) და დ. თ-ი და ნ. ქ-ი დაიყოლია, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან, სანაცვლოდ კი, დაჰპირდა, რომ მათ კომპანიასთან სამომავლოდაც გააგრძელებდა საქმიან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 2022 წლის 25 აგვისტოს დ. თ-მა და ნ. ქ-მა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ „შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს “გ-“-ის დირექტორმა ლ. ფ-ემ, შპს “გ-“-ის სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ, წარადგინა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (მდებარე თ-ში, შ-ს ქუჩის №-), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით.

ყალბი დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს (-ის ს-ო სამსახურსა და შპს “გ-“-ს) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებსა (მათ შორის – ცენტრალურ შადრევანზე) და კასკადზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე გასართობად მივიდნენ --ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ შორის იყვნენ: ა. ლ-ძე, ლ. ლ-ძე და მ. მ-ი. თამაშის დროს ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ შადრევნის აუზში. მის ამოსატანად წყალში ჩავიდნენ ა. ლ-ძე და ლ. ლ-ძე, რა დროსაც, მათ მიიღეს ელექტროტრავმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენის ზემოქმედებით. ელექტროტრავმის შედეგად, ისინი გახდნენ შეუძლოდ და წაიქცნენ აუზში. მათ დასახმარებლად აუზში ჩავიდა მ. მ-ი, რომელმაც ასევე მიიღო ელექტროტრავმა და ისიც გახდა შეუძლოდ. საბოლოოდ, ბავშვები აუზიდან ამოიყვანა იქვე მყოფმა პირმა, რის შემდეგაც, გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ელექტროტრავმის შედეგად, ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2020 წლის 18 მაისს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა (სამსახურის უფროსი გ. გ-ი) და შპს „L-ის“ (დირექტორი გ. მ-ი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა. 2020 წლის 15 დეკემბერს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა შპს „L-სგან“ ჩაიბარა შესრულებულ პროექტი.

2021 წლის 22 ოქტომბერს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს “გ-“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 2022 წლის 22 თებერვალს და 3 აგვისტოს, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (მდებარე თ-ში, შ-ს ქუჩის №-), ლ. ფ-ემ შპს “გ-“-ის სახელით, მის მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ წარადგინა ყალბი დოკუმენტები, კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო შპს „L-ის“ ბეჭედი და არქიტექტორების ხელმოწერები. რეალურად აღნიშნული ცვლილებების დოკუმენტები შპს „L-ს“ არ დაუმზადებია.

2022 წლის 16 მარტსა და 15 აგვისტოს, -ის ს-ო სამსახურის უფროსს (გ. გ-სა) და შპ “გ-“-ის დირექტორს (ლ. ფ-ეს) შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. შეცვლილი პროექტის საფუძველზე, სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე გასართობად მივიდნენ --ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ შორის იყვნენ: ა. ლ-ძე, ლ. ლ-ძე და მ. მ-ი. თამაშის დროს ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ შადრევნის აუზში. მის ამოსატანად წყალში ჩავიდნენ ა. ლ-ძე და ლ. ლ-ძე, რა დროსაც, მათ მიიღეს ელექტროტრავმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენის ზემოქმედებით. ელექტროტრავმის შედეგად, ისინი გახდნენ შეუძლოდ და წაიქცნენ აუზში. მათ დასახმარებლად აუზში ჩავიდა მ. მ-ი, რომელმაც ასევე მიიღო ელექტროტრავმა და ისიც გახდა შეუძლოდ. საბოლოოდ, ბავშვები აუზიდან ამოიყვანა იქვე მყოფმა პირმა, რის შემდეგაც, ისინი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ელექტროტრავმის შედეგად, ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შპს „მ-ის“ მიმართ:

2021 წლის 22 ოქტომბერს თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს “გ-“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ-ში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო, წარედგინა ფორმა №2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებსა და პროექტთან შესაბამისობასა და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოს თვეში შპს “გ-“-მა დაასრულა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, შპს “გ-“-მა, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „მ-თან“.

შპს „მ-ის“ ინსპექტორმა, დ. თ-მა, და ტექნიკურმა მენეჯერმა, ნ. ქ-მა, შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა ფორმა №2-ის ცხრილებში დაფიქსირებულ დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ, მოამზადეს დასკვნის პროექტი და 2022 წლის 19 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნეს შპს “გ-“-ის თანამშრომელს – დ. კ-ეს. დ. კ-ე მივიდა შპს „მ-ის“ ოფისში (მდებარე თ-ში, გ. მ-ის ქუჩის №-) და დ. თ-ი და ნ. ქ-ი დაიყოლია, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ კომპანიასთან სამომავლოდაც გააგრძელებდა საქმიან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 2022 წლის 25 აგვისტოს დ. თ-მა და ნ. ქ-მა შპს „მ-ის“ სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ, შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ „შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს “გ-“-ის დირექტორმა, ლ. ფ-ემ, წარადგინა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (მდებარე თ-ში, შ-ს ქუჩის №-), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით.

ყალბი დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს (-ის ს-ო სამსახურსა და შპს “გ-“-ს) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებსა (მათ შორის, ცენტრალურ შადრევანზე) და კასკადზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში, ვ. პ-ის ტერიტორიაზე გასართობად მივიდნენ --ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ შორის იყვნენ: ა. ლ-ძე, ლ. ლ-ძე და მ. მ-ი. თამაშის დროს ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ შადრევნის აუზში. მის ამოსატანად წყალში ჩავიდნენ ა. ლ-ძე და ლ. ლ-ძე, რა დროსაც, მათ მიიღეს ელექტროტრავმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენის ზემოქმედებით. ელექტროტრავმის შედეგად, ისინი გახდნენ შეუძლოდ და წაიქცნენ აუზში. მათ დასახმარებლად აუზში ჩავიდა მ. მ-ი, რომელმაც ასევე მიიღო ელექტროტრავმა და ისიც გახდა შეუძლოდ. საბოლოოდ, ბავშვები აუზიდან ამოიყვანა იქვე მყოფმა პირმა, რის შემდეგაც, ისინი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ელექტროტრავმის შედეგად, ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მხარეებმა. კასატორი – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ დგებუაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

6. შპს „მ-ის“ ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ძ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და შპს „მ-ის“ უდანაშაულოდ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში.

7. შპს “გ-“-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შპს “გ-“-ის გამართლებას.

8. მსჯავრდებული გ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. წ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. საქმეში წარმოდგენილია შპს „მ-ის“ ადვოკატ ლ. ძ-ას, შპს “ე-ის“ ადვოკატ ლ. ჭ-ის, მსჯავრდებულ ვ. ლ-ისა და მისი ადვოკატის – ვ. ლ-ის – შესაგებლები, რომლებითაც ისინი ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას; ამასთან, ადვოკატი ლ. ძ-ა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი სრულად გამორიცხავს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „მ-ის“ მიერ დანაშაულის ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ქმნის იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა და ყველა საკითხი, რაც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას. საჩივრების ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ საკვანძო ასპექტებზე.

12. უპირველ ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადვოკატების – ლ. ძ-ასა და კ. წ-ის – დასაბუთებული საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე წარდგენილია, შესაბამისად, 2025 წლის 25 ივნისს და 26 ივნისს. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს დასაბუთებულ საკასაციო საჩივრებზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ასევე – განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: №1006აპ-24, №356აპ-25, №1135აპ-23), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

14. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარეთა მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. ასევე, სასამართლო არ იზიარებს როგორც ბრალდების, ისე – დაცვის – მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით (თ-ის მ-დან მოპოვებული ინფორმაციით, მოწმეების: გ. მ-ის, შ. ქ-ის, შ. ბ-ის, ვ. ნ-ის, რ. კ-ის, ა. მ-ის, ი. მ-ის, უ. ხ-ის, ი. ნ-ის, დ. ს-ისა და სხვათა ჩვენებებით, დ. ს-ის, ა. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ე-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, შპს “ე-ის“ ინსპექტირების ანგარიშებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, ანგარიშების ტრანზაქციებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებით, ხელშეკრულებებით, 2022 წლის 16 მარტისა და 2022 წლის 15 აგვისტოს შეთანხმებებით, ვ. პ-ის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარული სამუშაოების აქტებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ამოღებული დოკუმენტაციით, დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით) უტყუარადაა დადასტურებული გ. გ-ის, ვ. ლ-ის, შპს “გ-“-ის, შპს „მ-ისა“ და შპს “ე-ის“ ბრალეულობა მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც მათ განესაზღვრათ კანონიერი და სამართლიანი სასჯელები.

15. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი გულგრილობა, ე. ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას. სამსახურებრივი გულგრილობა გაუფრთხილებელი დანაშაულია, მისი ჩადენა შესაძლებელია როგორც თვითიმედოვნებით, ისე – დაუდევრობით და მისი ამსრულებელი არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მოქმედებითაც და უმოქმედობითაც. პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის საჭიროა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის უმოქმედობით გამოიხატება, თუ მოხელე არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს იმ ზომას, რაც უნდა მიეღო, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება კი გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არასრულყოფილად, ნაწილობრივ შესრულებას, რასაც იგივე შედეგი უნდა მოჰყვეს. სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება – სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად გამოწვეული ადამიანის სიკვდილი – დაკვალიფიცირდება შემდეგი პირობების არსებობისას: ა) როდესაც ადამიანის სიკვდილი სახელმწიფო მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგია (მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის); ბ) დამნაშავე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით – თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით; გ) არ უნდა არსებობდეს სამსახურებრივი გულგრილობისათვის დადგენილი სხვა სპეციალური ნორმა.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ. გ-ი კანონით დადგენილი წესით დაინიშნა თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე. თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულებით განსაზღვრულია აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი, ამოცანები და ფუნქციები, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების უფლება-მოვალეობანი, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები და სხვა. დებულების თანახმად, სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (რომლის უფლება-მოვალეობანი დებულებითაა გაწერილი). დადგენილია, რომ გ. გ-ისადმი დაქვემდებარებული სამსახური, წარდგენილი, როგორც „შემსყიდველი“, კურირებდა და ზედამხედველობდა ვ. პ-ში მიმდინარე შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გ. გ-ი აწერს ხელს კომპანიებთან დადებულ სატენდერო ხელშეკრულებებს, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს “გ-“-ის მიერ წარდგენილი ცვლილებები იყო არსებითი, როგორც ტექნოლოგიურ, ისე – ხარჯთაღრიცხვის ნაწილში და, ფაქტობრივად, ახალ პროექტს წარმოადგენდა, საქალაქო სამსახურის უფროსს, გ. გ-სა, და შპს “გ-“-ს შორის (დირექტორი ლ. ფ-ე) გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები ისე, რომ გ. გ-მა არ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა პროექტში შესული ცვლილებების შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. ამის შემდეგ შპს “გ-“-მა ცენტრალურ შადრევანზე უხარისხოდ შეასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც არ შესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს “გ-“-მა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს არ წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები – ფაქტობრივად, მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გ. გ-ი – გულგრილად მოეკიდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არ მოითხოვა შპს “გ-“-ის დირექტორისგან ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია და მათ გარეშე მიიღო შესრულებული სამუშაოები, რაც გააფორმა 2022 წლის 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნის შემთხვევაში, აღმოჩნდებოდა შესრულებული სამუშაოების უხარისხობა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი – 2022 წლის 13 ოქტომბერს შადრევნის აუზში, წყალში ჩასულმა ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ, დაზიანებული კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვის გამო, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი გარდაიცვალა.

17. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. გ-ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

18. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, გასაღებისა და გამოყენებისათვის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონით დადგენილი წესი. ოფიციალურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რაიმე ალტერნატიულ მოქმედებაში: ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით, გამოყენებასა და გასაღებაში. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადება, ისე – ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება (მაგ., ტექსტის ნაწილის გადასწორება, დამატებითი მონაცემის შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა და სხვა). გამოყენება გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენას იმ პირისათვის/ორგანიზაციისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. გასაღება გულისხმობს მის გაყიდვას, გაჩუქებას, გაცვლას ან სხვა გზით გასხვისებას. აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე. ქმედების ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე – იურიდიული პირი. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და გასაღება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის პირმა უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ის იყენებს, ყალბია. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზიანი შეფასებითი ნიშანია და სასამართლომ უნდა დაადგინოს, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.

19. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი -– სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე. ამასთან, მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე – არამატერიალური/არაქონებრივი – მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, მით უფრო, როდესაც ის დაკავშირებულია საყოველთაოდ აღიარებულ და დაცულ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან.

20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შპს “გ-“-ის თანამშრომელმა – დ. კ-ემ – შპს „მ-ის“ თანამშრომლები – დ. თ-ი და ნ. ქ-ი – დაიყოლია, ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში (ექსპერტიზის დასკვნაში) შეეტანათ ყალბი მონაცემი და, მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, დ. თ-მა და ნ. ქ-მა, შპს „მ-ის“ სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში (ექსპერტიზის დასკვნაში) გააკეთეს ყალბი ჩანაწერი, რომ: „შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“, იმის მიუხედავად, რომ შპს „მ-ის“ ინსპექტორებს – დ. თ-სა და ნ. ქ-ს – არ შეუსწავლიათ სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან და არც გააჩნდათ შესაბამისი კვლევის ჩატარების უფლებამოსილება. აღნიშნული ინსპექტირების შუალედური ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა) გამოიყენა შპს “გ-“-ის დირექტორმა ლ. ფ-ემ და შპს “გ-“-ის სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ წარადგინა თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, რაც განხორციელდა კიდეც 2022 წლის 26 აგვისტოს.

21. წარმოდგენილი მტკიცებულებებით: გ. მ-ის, შ. ქ-ის, შ. ბ-ის და ვ. ნ-ის მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაციით, სატენდერო ხელშეკრულებებით, შპს „L-ის“ პროექტით, 2022 წლის 16 მარტისა და 2022 წლის 15 აგვისტოს შეთანხმებებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, პროექტში შესული ცვლილებებითა და თანდართული დოკუმენტაციით/ნახაზებით – ასევე უტყუარად დასტურდება, რომ შპს “გ-“-ის დირექტორმა, ლ. ფ-ემ, შპს “გ-“-ის სახელით, მისი მეშვეობით (გამოყენებით) და მის სასარგებლოდ, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში წარადგინა შპს „L-ის“ ბეჭდითა და თანამშრომელთა ხელმოწერებით გაყალბებული პროექტის ცვლილებები. შეცვლილი პროექტის საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

22. 2022 წლის 13 ოქტომბერს შადრევნის აუზში, წყალში ჩასულმა ა. ლ-ძემ და ლ. ლ-ძემ, დაზიანებული კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვის გამო, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მ. მ-ი გარდაიცვალა.

23. სასამართლო ასკვნის, რომ იურიდიული პირებთან – შპს „მ-სა“ და შპს “გ-“-თან მიმართებით, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს “გ-“-ის მიმართ – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, მათ შორის, მაკვალიფიცირებელი გარემოება – მნიშვნელოვანი ზიანი.

24. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკაშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასჯელის მიზნებზე, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

26. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.

28. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც ნაკლებად მძიმე მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და მისი ჩადენისათვის დაწესებულია ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – მძიმე დანაშაულია და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

29. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – გ. გ-ს, ვ. ლ-ეს, შპს “გ-“-ს, შპს „მ-სა“ და შპს “ე-ს“, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით დაწესებული სასჯელები, რომლებიც, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასამართლომ იმსჯელა დანიშნული სასჯელების მიზანშეწონილობაზე. ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელების უსამართლობას და მათი გამკაცრების აუცილებლობას.

30. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, პროპორციულობის პრინციპი, როგორც ადამიანის ღირსების მნიშვნელოვანი ნაწილი, აღიარა საქმეებზე: „Harkins and Edwards v. the United Kingdom“ და „Rrapo v. Albania“ და განაცხადა, რომ „უხეშად არაპროპორციულმა“ სასჯელმა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, პროპორციულობის პრინციპი ირღვევა მხოლოდ ძალიან ხანგრძლივი სასჯელის შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სასჯელის ხანგრძლივობის საფუძველზე, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არ ადგენს, გარდა ძალიან რთული შემთხვევებისა. ევროსასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უხეში არაპროპორციულობის“ ტესტი მკაცრია და ვლინდება მხოლოდ იშვიათ და უნიკალურ შემთხვევებში. ევროსასამართლოს თავშეკავება ნაწილობრივ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მას არ სურს ჩაერიოს სახელმწიფოს არჩევანში სასჯელებთან მიმართებით, ვინაიდან სახელმწიფოები უზრუნველყოფილი არიან დისკრეციის გარკვეული ხარისხით.

31. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა, და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ მხარეები და მათ გასცა დასაბუთებული პასუხები.

32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

33. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), No18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ., Tchankotadze v. Georgia, № 15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).

34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ეროვნული სააპელაციო სასამართლო არ შეიძლება, იყოს ვალდებული, ვრცლად იმსჯელოს, როდესაც ის უბრალოდ იყენებს საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ კონკრეტულ საკანონმდებლო დებულებას (იხ. მაგალითად, საქმეები: ნერსესიანი სომხეთის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №15371/07, 2010 წლის 19 იანვარი; §23 და 24; Burg and Others v. France (dec.), No. 34763/ 02, ECHR 2003-II; Gorou v. 2006; გლენდერი შვედეთის წინააღმდეგ (დეკ.), No 28070/03, 2005 წლის 6 სექტემბერი; Jaczkó უნგრეთის წინააღმდეგ, No 40109/03, § 29, 18 ივლისი 2006; მარინი ალბანეთის წინააღმდეგ, No. 3738/02, § 106, ECHR 2007-XIV (ამონაწერები)).

35. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ იკვეთება.

36. შესაბამისად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის, ასევე – შპს „მ-ის“ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ძ-ას, შპს “გ-“-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის, მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. წ-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ჯინჯოლია