Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №647აპ-25 8 დეკემბერი, 2025 წელი

მ. ა., №647აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ადვოკატის – მ. ი-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ-ს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით;

1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც, იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

1.2. ა. მ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2024 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, კ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევმა ა. მ-მა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, დედას – მ. მ-ს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხში, რა დროსაც მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2024 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, კ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ა. მ-, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, დედას – მ. მ-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც მ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2.3. 2024 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით, 12:30 საათზე, კ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ა. მ- საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, დედას – მ. მ-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც მ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენით:

2.1.1. ა. მ- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.1.2. ა. მ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ა. მ-სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 8 სექტემბრიდან.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანნა ცაგურიამ –სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. მ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდისთვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო, მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატმა, მ. ი-მა – ა. მ-ს მიმართ სრულიად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული ა. მ- და მისი ადვოკატი – მ. ი-ი – საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ა. მ-ს მიმართ სრულიად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორთა მოსაზრებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. მ-ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში ა. მ-ს უდანაშაულოდ ცნობა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარისთვის სადავოა ა. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსჯავრდების ნაწილში.

4.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. მ-ს მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – მ. მ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის – ა. მ-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებს ხშირად ახასიათებს დაზარალებულის მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევები, რაც დაკავშირებულია პროცესუალური პრივილეგიით სარგებლობასთან. ასეთ ვითარებაში, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ვერ გამოიყენება მტკიცებულებად (მტკიცებულებად არ უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც, ვინაიდან იგი არის არა დამოუკიდებელი მტკიცებულება, არამედ – ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემადგენელი ნაწილი), თუმცა, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს ღირებულებით წონას იმ დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია მისი მონაწილეობით. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე.

4.5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. მ-მა 112-ის სამსახურს მიმართა შეტყობინებით, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ მისმა შვილმა – ა. მ-მა – 2024 წლის 6 სექტემბერს ფეხი დაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დაზარალებულს გაეწია სამედიცინო დახმარება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

4.6. შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით დადგინდა, რომ 2024 წლის 6 სექტემბერს, კ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ა. მ-მა დედას – მ. მ-ს – ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეების – ტ. გ-ის, გ. გ-ის და ლ. მ-ის – ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა მათ პირველივე შეხვედრისას განუცხადა, რომ 2024 წლის 6 სექტემბერს, ა. მ-მა ფეხი ამოარტყა. აღნიშნული განცხადება თანხვდება 112-ში დაფიქსირებულ შეტყობინებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ დაზარალებულს სხეულზე არსებული დაზიანებები ა. მ-მა მიაყენა.

4.7. მართალია, ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის გამო, სასამართლოსთვის უცნობია მისი განმარტება ძალადობის შედეგად განცდილ ფიზიკურ ტკივილთან მიმართებით, თუმცა ამგვარ მოცემულობაში, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, რადგან „ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – ფიზიკური ტკივილის – განცდის დადგენა შესაძლებელია, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის №443აპ-20 განაჩენი).

4.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულ მ. მ-ის მიმართ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2024 წლის 6 სექტემბერს მას შვილმა, ა. მ-მა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ფეხის დარტყმით. დაზარალებული უჩივის მცირე ინტენსივობის ტკივილს მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, სადაც აღენიშნება საშუალო ზომის კანქვეშა სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება დაფიქსირებულია, როგორც ფორმა №100-ში, ისე – ექიმ-ქირურგის მიერ 2024 წლის 8 სექტემბერს შედგენილ ცნობაში. დაზარალებული ტკივილის ფაქტს აფიქსირებს შემთხვევიდან ორი დღის შემდეგაც, რაც დამატებით დასტურდება შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის შინაარსით. გასათვალისწინებელია, მსხვერპლის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და დანაშაულის ჩადენის ხერხი, რაც ერთობლიობით ადასტურებს ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.

4.9. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ადვოკატის – მ. ი-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე