საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№657აპ-25 თბილისი
ფ. დ., 657აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის განაჩენით დ. ფ-ი ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა – უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ. ფ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შემცირებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 6000 ლარი. დ. ფ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა –განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო ნაწილი – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 6 იანვრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით შეიცვალა: დ. ფ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე იმავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6000 ლარიანი ჯარიმა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენით დ. ფ-ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2024 წლის 24 სექტემბერს, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, ო. ჭ-ის ქუჩის N--ში მდებარე შპს „ა-ის“ სამშენებლო ობიექტზე, დ. ფ-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ა-ის“, შპს „ა-ის“ და ნ. ს-ის კუთვნილ სხვადასხვა სახის სამუშაო იარაღებსა და ელექტროსადენებს. დ. ფ-ის ქმედების შედეგად, ნ. ს-ეს – 1100 ლარის, შპს „ა-ს“ – 3910 ლარის, ხოლო შპს „ა-ს“ – 1164 ლარის – ქონებრივი ზიანი მიადგა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ი. ნ-ი ითხოვს დ. ფ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რომლიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, მან თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, არის ოჯახის ერთადერი მარჩენალი, კმაყოფაზე ჰყავს ასაკოვანი და ავადმყოფი მშობლები, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება, დაზარალებულებისთვის აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი. ადვოკატი ასევე ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, რათა მხარეებს შორის გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებასა და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულებისა და მოწმეების, ასევე – ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმი, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი და 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმეში არსებული სხვა მასალები) სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, დაზარალებულების პოზიცია და დ. ფ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებშია. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევმა დ. ფ-მა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის ახალი განზრახი დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც აშკარად მიუთითებს მის მიდრეკილებას დანაშაულის ჩადენისაკენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.
8. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, დ. ფ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქებას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
9. საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე