Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№676აპ-25 თბილისი

ჯ. ბ., №676აპ-25 4 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით ბ. ჯ-ე-ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) – ჯარიმა 2000-2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. ჯ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 23 აგვისტოდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ჯ-ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2019 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით, 04:00 საათზე, ძარცვისთვის ნასამართლევი ბ. ჯ-ე იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ქ. ქ-ში, ა-ის ქუჩის N--ში მდებარე, შპს „ა-ას“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „ა-ის” თანამშრომელ მ. გ-ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, აშკარად დაეუფლა შპს „ა-ას“ კუთვნილ თანხას – 533 ლარს.

· 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ქ-ში, ი. -ის გამზირის N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ჯ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. ჭ-ს, კერძოდ, მოჰქაჩა თმა, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ს. ჭ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით, 05:30 საათზე, ქ. ქ-ში, რ. თ-ის N--ში, ბ. ჯ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. ჭ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც, ს. ჭ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ, №- პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ცნობის თანახმად, ბ. ჯ-ეს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს 75 დღით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა. კასატორმა მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას (მაგ. იხ. სუსგ №1307აპ-23, №757აპ-22, №83აპ-25, №364აპ-24).

6. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ჯ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, ვინაიდან საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, საკასაციო პალატა არ მსჯელობს ბ. ჯ-ის მსჯავრდების სხვა ნაწილთან – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან – მიმართებით და აფასებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც დაცვის მხარემ მიიჩნია სადავოდ.

7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც, სხვა მუხლთან ერთად, ბ. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ მ. გ-ის, მოწმეების – მ. ჯ-ის, გ. ნ-ას, ლ. შ-ის, გ. კ-სა და სხვათა ჩვენებებიდან, პირის ამოცნობის ოქმიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიდან და სხვა მასალებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილათ არჩადენილ დანაშაულში ბ. ჯ-ე.

9. განსაკუთრებით საყურადღებოა დაზარალებულ მ. გ-ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული, დამაჯერებელი და დეტალური ჩვენება, რომელიც სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ასევე უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არაერთხელ დამაჯერებლად განმარტა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული პირი – ბ. ჯ-ე – იყო. ასევე, 2019 წლის 23 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმითაც დასტურდება, რომ მ. გ-ემ, კონკრეტულ ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით – სიმაღლით, თმით, თვალებით და სახის მოყვანილობით – ამოიცნო ბ. ჯ-ე. ამოცნობისას, რომელიც ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ბ. ჯ-ის ადვოკატის მონაწილეობით, დაზარალებულმა მიუთითა, რომ ყაჩაღური თავდასხმისას კარგად დაამახსოვრდა დანაშაულის ჩამდენი პირების სახის დაუფარავი ნაწილი, მათი აღნაგობა და დანახვისთანავე იცნო ბ. ჯ-ე სახის იმ ნაწილით, რომელიც უჩანდა და ხილული იყო მისთვის. დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა მოწმე გ. ნ-ამ.

10. საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და სრულად შეესაბამება მ. გ-ს ჩვენებას მ. ჯ-ის ჩვენებაც, რომელმაც თანმიმდევრულად აღწერა 2019 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში ბ. ჯ-ის გადაადგილება, მისი ჩაცმულობა, ის ფაქტი, რომ ბ. ჯ-ეს ჰქონდა იარაღი და ხმლისმაგვარი საგანი. მოწმემ მიუთითა, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს, ღამით თორმეტ საათს გადაცილებული იყო, გადაადგილდებოდნენ თავისი კუთვნილი, „მერსედეს A“ კლასის ავტომობილით, რომლის სახელმწიფო ნომერია – -; ბ. ჯ-ე და გ. ქ., მათივე თხოვნით, ბენზინგასამართ სადგურ „ა-ისთან“, მარცხნივ მდებარე პატარა, ვიწრო ჩიხთან დატოვა. ბ-ას ეცვა შავი, კაპიუშონიანი სპორტულები და ხელზე ეკეთა წითელი ბენდენასავით, ერთ ხელში ეჭირა იარაღივით საგანი და მეორე ხელში – ხმლის მსგავსი საგანი. ისინი დაახლოებით, 40 წუთში მასთან მივიდნენ, მისცეს 250 ლარი და უთხრეს, რომ „ა-ი“ დააყაჩაღეს, რაზეც ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან ხუმრობა ეგონა. „ა-იდან“ დაბრუნებულ ბ. ჯ-ეს იარაღი ისევ თან ჰქონდა, ხოლო ხანჯალი არ დაუნახავს.

11. ზემოჩამოთვლილი მოწმეების მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოკვლევის შედეგები. ვიდეოჩანაწერი სრულად თანხვდება მათ მიერ სასამართლო სხდომაზე აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. განსაკუთრებით ხაზგასამელია მაღაზია „დ-ის“ სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ყაჩაღური თავდასხმიდან მცირე დროში მ. ჯ-ის „მერსედეს A“ კლასის ავტომობილიდან გადმოდის და მაღაზია „დ-ში“ შედის ბ. ჯ-ე, რომლის აღნაგობა და ჩაცმულობა სრულად ემთხვევა ბენზინგასამართ სადგურ „ა-ის“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში დაფიქსირებული თავდამსხმელის აღნაგობასა და ჩაცმულობას.

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას არსებითი საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა. დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ქმედება შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა იურიდიულად სწორად დააკვალიფიცირეს მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და, უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე