Facebook Twitter

¹ 3კ/552-01 21 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. კ-ძე 1974 წლის 10 ივლისიდან 1989 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საწარმოო გაერთიანება “ს.-ის” ქუთაისის ფილიალში კონვეიერის მემანქანედ. 1988 წლის 8 ივლისს მიღებულ საწარმოო ტრამვასთან დაკავშირებით ზ. კ-ძეს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა მესამე ჯგუფის ინვალიდობა პროფესიული შრომის უნარის 60% დაკარგვით, საწარმოს დაეკისრა ზ. კ-ძისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა.

საწარმოო გაერთიანება “ს.-ის” ქუთაისის ფილიალის სამართალმემკვიდრეა სააქციო საზოგადოება “მ.-ა”. 1999 წლის ოქტომბერში ზ. კ-ძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1996 წლის იანვრიდან პენსია არ ჰქონდა მიღებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “მ.-ს” ზ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 2392 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს “მ.-ს” სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ზ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ სს “მ.-ს” ზ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 2392 ლარის და ყოველთვიური სარჩოს, 150 ლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “მ.-ში” ზ. კ-ძე მუშაობდა კონვეიერის მემანქანედ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 პუნქტის შესაბამისად დაზარალებულს სარჩო განესაზღვრა არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ზ. კ-ძემ დაკარგა შრომის უნარი 60%-ით.

წარმომადგენელი ქ. ა-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 პუნქტის თანახმად ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანიზაციაში აღარ არსებობს იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები”.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სს “მ.-ს” ხელფასის უწყისებში დაფიქსირებულია იმ სპეციალობის და თანრიგის მონათესავე სპეციალობა, რაზედაც მუშაობდა მოსარჩელე.

იმ საფუძვლით, რომ ხელფასის უწყისი არ არის პირველადი დოკუმენტი, ხოლო სრულყოფილად შევსებული დოკუმენტები საბუღალტრო ექსპერტს არ წარედგინა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო მინიმალური ხელფასის – 25 ლარის ათმაგი ოდენობა 60% შრომის უნარის დაკარგვის გათვალისწინებით.

დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, იყო თუ არა სრულყოფილად შედგენილი სს “მ.-ში” ხელფასის დასარიცხად საჭირო პირველადი დოკუმენტები, არამედ იმ გარემოებას, არსებობდა თუ არა საწარმოში კონვეიერის მემანქანის ან იმავე თანრიგის პროფესია, როგორიც გააჩნდა მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია საქარვთელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “მ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.