¹ 3კ/555-01 19 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ქონების დაბრუნება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ქონების შენახვის ხარჯების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
“ს.-ა” (შპს “ს.-ა”) ქ. თბილისის მე-4 სტამბას (შემადგომში სს “კ.-ი”) 1990 წლამდე აწვდიდა ქაღალდს პოლიგრაფიული სამუშაოების შესასრულებლად. სხვადასხვა შეკვეთების შესრულების შემდეგ სტამბაში დარჩა 58 ტ. ქაღალდი. მხარეთა შორის ქაღალდის ხარჯებისა და ნაშთების შედარება მოხდა 1987 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რის შესახებაც 1987 წლის 30 დეკემბერს შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა სახის ქაღალდის ნაშთი სტამბაში შეადგენდა 1688693 ფურცელს და 5152 კგ-ს. შემდგომი პერიოდის საბუღალტრო ნაშთების ურთიერთშედარება ჩატარდა მხოლოდ 1994 წ. 1 იანვრის მდგომარეობით, მაგრამ შედარების აქტი არ შედგენილა იმის გამო, რომ ¹... სტამბის აქტივისტთა ბრიგადის 1992 წლის 11 თებერვლის შეთანხმებით დოკუმენტების და საქმეების გასანადგურებლად შედგენილი შერჩევისა და შესრულებულ სამუშაოების საფუძველზე, 1986-88 წლების შემოსავალ-გასავლის ზედდებულები, ფაქტურები, შემკვეთის ბარათები, ქაღალდის ჭრის აქტები და სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულები დამუშავებული და განადგურებული იქნა გამომცემლობის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე.
“ს.-ის” არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მე-4 სტამბამ დარჩენილი 58 ტ. ქაღალდი არ დაუბრუნა, რის გამოც 1999 წლის 15 ივლისს სახაზინო საწარმო “ს.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სს “კ.-ის” მიმართ და მოითხოვა 58 ტ. სხვადასხვა სახის ქაღალდის დაბრუნება.
სს “კ.-მ” შეგებებული სარჩელი აღძრა სახაზინო საწარმო “ს.-ის” მიმართ ქაღალდის შენახვის ხარჯების 12180 ლარის გადახდის დაკისრებისა და მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სს “კ.-ს” მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა 24445 კგ. ქაღალდის და 116521 ფურცლის დაბრუნება (ე.ი. 30 ტ. ქაღალდი), ხოლო შეგეებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 343,347-ე მუხლებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა 1999 წლამდე, რადგან მოპასუხემ შეასრულა მოსარჩელის ერთი შეკვეთა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ქაღალდის შენახვის ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 646-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სახაზინო საწარმო “ს.-მ” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება 28 ტ. ქაღალდის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო 30 ტ. ქაღალდის დაბრუნების ნაწილში უცვლელად დატოვება.
სს “კ.-მ” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით “ს.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; სს “კ.-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე, 79-ე, მე-80, 82-ე, 343-ე, 347-ე, 350-ე და სამოქალაქო კოდექსის 369-ე, 372-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ 1994 წლის 19 ივლისის შუალედური აქტით მოახდინა სახაზინო საწარმო “ს.-ისა” და თბილისის ¹ 4 სტამბას (ამჟამინდელი სს “კ.-ი”) შორის შეზიდული ქაღალდის ხარჯვისა და ნაშთების ურთიერთშედარება, რა დროსაც მხარეთათვის ცნობილი გახდა ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
სასამართლომ დაადგინა, რომ შ.პ.ს “ს.-ს”, რომელიც წარმოადგენდა დამოუკიდებელ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ ორგანიზაციას, დავის უფლება წარმოეშვა 1994 წლიდან, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა”. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, კი საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობების და სხვა კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის ერთი წლით. სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევისას არ გაიზიარა მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს “კ.-ის” მიერ 1999 წელს შესრულებული შეკვეთა მიჩნეულ უნდა იქნეს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაგრძელებად და ამ საფუძვლით მოცემული დავა ხანდაზმული არ არის.
შპს “ს.-ა” საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (არასწორად განმარტა კანონი), რაც გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
კასატორს მიაჩნია, რომ მას მოთხოვნის უფლება 1994 წელს კი არ წარმოეშვა, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, არამედ 1999 წელს, რადგან მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულება გრძელდებოდა და მოპასუხის მხრიდან შეკვეთის შესრულებაც ამის აღიარებაა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ხოლო ამავე კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევებით) კასატორს არ წამოუყენებია, ხოლო რაც შეეხება კანონის არასწორად განმარტებასა და გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებულობას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სარედაქციო საწარმოო გამომცემლობას (შპს “ს.-ა”) დავის უფლება წარმოეშვა 1994 წლის 19 ივლისს, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 1994 წლის 15 ივლისს. მოთხოვნის უფლების წარმოების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასამართლო ხანდაზმულობა) ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის განისაზღვრებოდა ერთი წლით. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ (მხარეებმა) გაუშვა კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც, ამ საფუძვლით სასამართლომ სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ხანდაზმულობის ვადაზე სასამრათლოს მიერ მითითება უსაფუძვლოა, რადგან ნარდობის ხელშეკრულების მხარეებს შორის ურთიერთობა გრძელდებოდა 1999 წლამდე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან, როგორც მოსარჩელე (კასატორი) აღიარებს, მისთვის 1994 წელს უკვე ცნობილი იყო მისი დარღვეული უფლების შესახებ, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეიტანა სარჩელი არბიტრაჟში, ე.ი. მხარეებს შორის 1994 წლიდან სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ გრძელდებოდა. აღნიშნული გარემოების გამო სასამრათლომ სავსებით სწორად მიიჩნია 1999 წელს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო ახალ ხელშეკრულებად და არა ძველი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებულად. პალატა ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომ მხარეებს შორის უვადო ხელშეკრულება არსებობდა. უფრო მეტიც, მხარემ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ითხოვს გადაცემული ქონების დაბრუნებას, ვერ წარუდგინა სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.