Facebook Twitter

¹ 3კ/556-01 27 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: აქციის ღირებულების დაბრუნება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ, სადაც აღნიშნა, რომ 1991 წელს 10000 მანეთად შეიძინა სს “კ.-ის” ერთი აქცია. მოპასუხის წესდების მეოთხე მუხლის თანახმად, მას შეეძლო საზოგადოებიდან გამოსვლა და დაებრუნებინა მის მიერ შეტანილი თანხა აქციის ღირებულების მთლიანად დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით სწორედ აღნიშნული პირობების გამო გადაწყვიტა გამხდარიყო მოპასუხე საზოგადოების აქციონერი, რადგან თუ მოგებას ვერ მიიღებდა, შესაძლებლობა ექნებოდა დაებრუნებინა აქციის ღირებულება. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა აქციის ღირებულების დაბრუნება, რაც მიყენებულ ზიანთან ერთად შეადგენს 10848 ლარს. მოპასუხემ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით, სულ 31537 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე 1992-1993 წლებში იღებდა დივიდენდებს, შემდგომ წლებში საზოგადოებას მოგება არ ჰქონია, რის გამოც ვერ უხდიდა მოსარჩელეს დივიდენდებს. მოპასუხის მოსაზრებით “მეწარმეთა შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს აქციის გამოსყიდვის შესაძლებლობას. “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე კი მოსარჩელეს არ მოუთხოვია აქციის ღირებულების დაბრუნება. ამდენად, მოპასუხემ მოითხოვა, რომ სასამართლოს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელი დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სს “კ.-ა” რეგისტრირებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹ 360 დადგენილებით. მოსარჩელე ამ საზოგადოების აქციონერი გახდა 1991 წელს. იგი ფლობს ერთ აქციას, რომელიც შეიძინა 10000 მანეთად. მოპასუხის წესდების მეოთხე მუხლის თანახმად, იმ აქციონერებს, რომლებმაც მთლიანად გადაიხადეს აქციის ღირებულება, შეძლოთ, გამოსულიყვნენ საზოგადოებიდან და დაებრუნებინათ მათ მიერ შეტანილი თანხა აქციის ღირებულების მთლიანად დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ. 1996 წელს “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ, მოპასუხემ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და წესდება მოიყვანა კანონთა შესაბამისობაში, კერძოდ, სააქციო საზოგადოებას აეკრძალა აქციონერებისათვის აქციის ღირებულების უკან დაბრუნება. სასამართლომ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 531 I ნაწილი და 57.2 მუხლები, რომლის თანახმად, არ შეიძლება აქციონერს მიეცეს სხვა საზღაური გარდა საზოგადოების დივიდენდებისა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს საერთო კრებაზე, რომელიც იხილავდა წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხს, არ მოუთხოვია, როგორც გამონაკლისი, აქციის ღირებულების დაბრუნება, ასევე კანონის ამოქმედებამდე არ მიუმართავს მოსარჩელისათვის აქციის ღირებულების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მოგების მიუღებლობის გამო ვერ უხდიდა მოსარჩელეს დივიდენდებს, რის გამოც დივიდენდების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი და ძველი წესდების მე-4 მუხლი, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონი, რადგან იგი აუარესებს მის მდგომარეობას, რის გამოც ამ კანონს არ შეიძლებოდა მისცემოდა უკუქცევითი ძალა. კასატორის მოსაზრებით, მას რომ ბანგში შეეტანა 10000 მანეთი, მიიღებდა მინიმალურად 2% დანარიცხს. მოპასუხის საზოგადოებაში შეტანილი თანხიდან კი არ იღებს დივიდენდებს, რითაც განიცადა მორალური ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამათლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წ.), რადგან აღნიშნული კოდექსი არ აწესრიგებდა სამეწარმეო საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე სამეწარმეო საქმიანობას აწესრიგებდა “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი. “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანოინს მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ რეგისტრაციას. 1996 წლის 16 მარტს მოპასუხე საზოგადოების საერთო კრებამ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიიღო წესდების ახალი რედაქცია, რომელიც არ ითვალისწინებდა აქციათა გამოსყიდვას. საზოგადოების წესდება სამეწარმეო საზოგადოების ძირითადი დოკუმენტია, რომელშიც ასახულია აქციონერთა შეთანხმება საზოგადოების საქმიანობისა და ამ საზოგადოებაში აქციონერების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომელიც აქციონეთა შეთანხმებული საერთო ნების შედეგია, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულია. დადგენილია ასევე, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხე საზოგადოებისათვის აქციის ღირებულების დაბრუნების მოთხოვნით. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ აქციონერებმა ცვლილება შეიტანეს წესდებაში. საზოგადოება რეგისტრაციაში გატარდა 1996 წლის 14 მაისს. ამდენად, წარმოიშვა ახალი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საზოგადოების წესდების ახალი რედაქცია და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 57.2 მუხლი, რომლის თანახმადბ აკრძალულია იმ ფულადი თანხის უკან დაბრუნება, რომელიც აქციონერებმა შეიტანა საზოგადოების კაპიტალში. ერთადერთი რისი მოთხოვნის უფლებაც აქციონერს აქვს, არის საზოგადოების დივიდენდები. ამასთან, აქციონერები დივიდენდებს მიიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ საზოგადოებას დარჩა გასანაწილებელი მოგება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციონერად ყოფნა თავისთავად არ არის აუცილებელი პირობა, რომ აქციონერი მოგებას მიიღებს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს დივიდენდებს ვერ უხდის მოგების მიუღებლობის აგმო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ კი ასეთი პრეტენზია ვერ იქნა წამოყენებული.

რაც შეეხეა მოგების მიუღებლობით მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურებას, პალატას აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იძლევა პირადი არაქონებრივი უფლებების ამომწურავ ჩამონათვალს რომლის ბრალეული ხელყოფისათვის შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურება. მოგების მიუღებლობა პირად არაქონებრივ უფლებებს არ მიეკუთვნება, რის გამოც იგი არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.