Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №772აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. ს., №772აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ქ-ე - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსის მე-- დანაყოფის №- საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ს. ქ-ემ შეიძინა და ამავე საკანში ინახავდა აკრძალულ საგნებს – საწერი კალმის კორპუსის ფრაგმენტში ჩამაგრებულ წაგრძელებული ფორმის მჩხვლეტავი თვისებების მქონე თვითნაკეთ ობიექტსა და სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებული საპარსი მოწყობილობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს, ბასრი (მჭრელი) ნაწიბურის მქონე მართკუთხედის ფორმის ლითონის ფურცლოვან ტეხვის ნიშნების მქონე ფირფიტას, რაც 2020 წლის 7 დეკემბერს, საკნის შემოწმება-დათვალიერების დროს ამოიღეს №- პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენით ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითად ჩათვლილი 3 წელი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 8 დღით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. გ-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კასატორი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას, თუმცა, საკასაციო საჩივარში არ შეიცავს არგუმენტირებულ მსჯელობას და მოთხოვნის დასაბუთებას – ადვოკატი მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ს. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაწესებულებაში აკრძალული კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის გაცნობის შესახებ 2017 წლის 8 ივნისის ოქმით, ასევე, სოციალური მუშაკის – სალომე ქორიძის ჩვენებით) დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ს. ქ-ეს გაეცნო კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. აღნიშნულ ოქმში კანონმდებლობით გათვალისწინებულ აკრძალულ საგანთა შორის მითითებულია – „სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი“. ინფორმაციის გაცნობა დადასტურებულია ხსენებულ ოქმზე ს. ქ-ის ხელმოწერით. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 იანვრის - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ს. ქ-ის საკნის შემოწმებისას ამოღებული, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული საგნები წარმოადგენს: მჩხვლეტავი თვისებების მქონე თვითნაკეთ ობიექტსა და ბასრი (მჭრელი) ნაწიბურის მქონე, მართკუთხედის ფორმის, ლითონის ფურცლოვან, ტეხვის ნიშნების მქონე ფირფიტას. საკნის შემოწმება-დათვალიერების 2020 წლის 7 დეკემბრის ოქმით დასტურდება, რომ აკრძალული საგანები აღმოაჩინეს ს. ქ-ის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ტუმბოსა და საწოლში. მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნების შეძენა, შენახვა ასევე დადასტურებულია მოწმეების – გ. კ-ის, უ. თ-ის, შ. წ-ის, გ. ბ-ის ჩვენებებითა და ი. ბ-ის გამოკითხვის ოქმით.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. გ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ლევან თევზაძე