3კ/562-01 31 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,თ. კობახიძე
დავის საგანი: სახლიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-ია 1992 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მუ. ფ-იასთან. 1993 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ შვილი ბ. ფ-ია.K ამავე წელს, კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მ. კ-იამ დატოვა მეუღლის ოჯახი აბაშის რაიონის სოფ. ... და საცხოვრებლად გადავიდა დედის ოჯახში, ხობის რაიონის სოფ. ...
მ. კ-იამ სარჩელით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მეუღლისა და მამამთილის საცხოვრებელი სახლიდან, ერთი ოთახის გამოყოფა დამხმარე სათავსოთი და იმ ტანისამოსისა და ნივთების დაბრუნება, რომელიც მას მეუღლის სახლში ჰქონდა დატოვებული.
საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და მოითხოვა ფართის გამოყოფის ნაცვლად საკომპენსაციო თანხის დაკისრება მოპასუხისათვის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ. კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-იამ და მოითხოვა მუ. და მ. ფ-იებისათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. კ-იას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება. მუ. და მ. ფ-იებს მ. კ-იას სასარგებლოდ დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ია გახდა მუ. ფ-იას კომლის სრულუფლებიანი წევრი. სასამართლომ ჩათვალა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკომლო მეურნეობა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საადგილმამულო მეურნეობაა, რომელიც ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ. კ-იას და მის მცირეწლოვან შვილს წარმოეშვათ საერთო საკუთრების უფლება მ. ფ-იას კომლის ქონებაზე, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით; გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-იამ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, მუ. და მ. ფ-იებისათვის მის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მუ. და მ. ფ-იებმაც და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, თვლის, რომ მუ. და მ. ფ-იების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ია 1992 წლიდან ფაქტიურ ცოლ-ქმრული ცხოვრებით ცხოვრობდა აბაშის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ მ. ფ-იასთან; მ. კ-იამ ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე დატოვა მ. ფ-იას ოჯახი 1993 წელს და ცხოვრება განაგრძო დედის სახლში, ხობის რაიონის სოფ. ..., სადაც ამვე წლის დეკემბერში შეეძინა შვილი ბ. ფ-ია;
პალატა იზიარებს კასატორების მუ. და მ. ფ-იების პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მ. კ-იას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე; ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. კ-იამ სადავო კომლი 1993 წელს დატოვა, ხოლო სასამართლოში სარჩელი 2000 წლის 29 აგვისტოს შეიტანა;
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-იას და მის მცირეწლოვან შვილს წარმოეშვათ საერთო საკუთრების უფლება მ. ფ-იას კომლის, როგორც საკომლო მეურნეობის ქონებაზე;
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად გააიგივა ერთმანეთთან საკოლმეურნეო კომლი და საკომლო (ფერმერული) მეურნეობა, ისე, რომ არ გაურკვევია მუ. და მ. ფ-იების კომლის სტატუსი, კერძოდ არის თუ არა იგი რეგისტრირებული სათანადო წესით საადგილმამულო წიგნში;
საქართველოს კანონის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”. მე-5 მუხლის მიხედვით, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა, ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში თითოეული მათგანი თანამესაკუთრად უნდა იყოს რეგისტრირებული;
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა რა, მ. კ-ია აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საკომლო მეურნეობის ქონების თანამესაკუთრედ, არ გაარკვია იყო თუ არა იგი რეგისტრირებული ამავე კანონის მე-5 მუხლით, დადგენილი წესით;
პალატა თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტიილების გაუქმების საფუძველია;
სააპელაციო სასამართლომ მუ. და მ. ფ-იებს, მ. კ-იას სასარგებლოდ დააკისრა 1000 ლარის გადახდა ისე, რომ არ მიუთითა კანონის არცერთი ნორმა, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი კანონის დარღვევითაა გამოტანილი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს მუ. და მ. ფ-იების კომლის სამართლებრივი სტატუსი, ასევე არსებობს თუ არა მ. კ-იას და მისი მცირეწლოვანი შვილის ბ. ფ-იას კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და იურიდიული საფუძველი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება:
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მუ. და მ. ფ-იების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.