Facebook Twitter

¹ 3კ-563 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: საერთო საკუთრებიდან რეალური გამოყოფა და დამხმარე ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე ლიტ “ა” ორსართულიანი სახლის 35/124 ნაწილის მესაკუთრეა მ. მ-ძე, ბ. ვ-ძის სახელზე ირიცხება სახლის 27/124 ნაწილი, ხოლო ი. ნ-ძეზე 62/124 ნაწილი.

¹ 51 სერვისული მომსახურების ცენტრის 2000 წლის 4 მაისის ცნობის თანახმად ი. ნ-ძის ოჯახი 1936 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში. მის სახელზე ირიცხება 62 კვ.მ. ფართობის 4 საცხოვრებელი ოთახი, 21 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსო და 51.5 კვ. მეტრი ფართის სარდაფი. ი. ნ-ძეს აღნიშნული ფართობი საკუთრებაში გადაეცა 1992 წლის 17 აპრილს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით. 1987 წელს მ. მ-ძე, ჯ. ჩ-ავასთან ბინის გაცვლის შედეგად საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნულ სახლში. 1990 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საბინაო ტრესტთან დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მ. მ-ძეზე აღირიცხა სახლის 27/124 ნაწილი. კრწანისის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 აგვისტოს ¹ 4/138 განკარგულებით მასვე გადაეცა 8 კვ.მ. ფართის ოთახი. ბ. ვ-ძის კუთვნილი სახლის ნაწილი პრივატიზებულია ამ ბინის ყოფილი მესაკუთრე მ. ი-ავას მიერ 1992 წლის 19 მაისს. პრივატიზაციის ხელშეკრულების მიხედვით მ. ი-ავას საკუთრებაში გადაეცა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა 54 კვ.მ. საერთო ფართით, 27 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 29 კვ.მ. სარდაფით.

მ. მ-ძემ და ბ. ვ-ძემ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში სარდაფიდან და სხვენიდან კუთვნილი წილების შესაბამისი ფართის გამოყოფის და ლ. დ-ძის გამოსახლების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარდაფის ფართის მთლიანად მათზე მიკუთვნება, სარდაფიდან ლ. დ-ძის გამოსახლება და ი. ნ-ძისათვის სხვენის საკუთრებაში გადაცემა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლომ 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა მ. მ-ძემ და ბ. ვ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელი. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

მ. მ-ძე და ბ. ვ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად. ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებულ ბინებზე ან შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილზე. ი. ნ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებაშია 1992 წლის 11 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული ფართობი, კერძოდ, სარდაფის სართულში 51.5 კვ.მ. დამხმარე ფართი. 29 კვ.მ. ფართის სარდაფის ინდივიდუალური მესაკუთრეა ბ. ვ-ძე, ხოლო 10 კვ. მეტრი სარდაფისა მ. მ-ძე.

სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა 128.6 კვ.მ. ფართის სხვენი, რადგან იგი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას.

კასატორები ითხოვენ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სარდაფების მესაკუთრეებზე გადანაწილებას და სანაცვლოდ საერთო საკუთრების სხვენის გადაცემას, რაც სამოქალაქო კოდექსის ნორმებით არ არის გათვალისწინებული.

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვენის გაყოფა ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია ეზოდან სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობა.

კასატორები მოითხოვენ ი. ნ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სარდაფიდან ლ. დ-ძის გამოსახლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სადავო სარდაფის მესაკუთრეებს, რის გამოც არ არსებობს კანონის მითითებული ნორმის გამოყენებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ძის და ბ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.