საქმე N240100124010183921
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №893აპ-25 12 იანვარი, 2026 წელი
ს–ა დ., №893აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ს–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 14 ივნისს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მ. ა–ს საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე გზაზე, დ. ს–ას შელაპარაკება მოუვიდა მეზობლად მცხოვრებ ლ. ქ–სთან, რა დროსაც დ. ს–ამ ლ. ქ–ს ორივე ხელი ძლიერ მოუჭირა კისრის არეში და აწია მიწის ზედაპირიდან, შემდეგ მუშტი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რის გამოც ლ. ქ– დაეცა მიწაზე, თავი დაარტყა მიწის ზედაპირზე და დაკარგა გონება. დ. ს–ას ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ. ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში ექსკორიაციებისა და ჰემატომის სახით, განუვითარდა ჰემორაგიული ინსულტი, მარჯვენა ხელ-ფეხის ფუნქციური მოშლა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სენაკის რაიონულმა სასამართლომ, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, არ გაიზიარა ბრალდების მხარის სამართლებრივი შეფასება დ. ს–ას ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, რადგან საქმის არსებითი განხილვის შედეგად არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ლ. ქ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი (სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა, რომ დ. ს–ამ მუშტი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რის გამოც ლ. ქ– დაეცა მიწაზე, თავი დაარტყა მიწის ზედაპირს და დაკარგა გონება, ხოლო დ. ს–ას ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ. ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, განუვითარდა ჰემორაგიული ინსულტი, მარჯვენა ხელ ფეხის ფუნქციური მოშლა). ამასთან, დაადგინა ბრალდებულის მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენით, დ. ს–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ თეიმურაზ ჯალაღონიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ს–ას წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 20 აგვისტოს, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ თეიმურაზ ჯალაღონიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენის ცვლილება – დ. ს–ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა დ. ს–ას ქმედება. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა დ. ს–ას მიერ ლ. ქ–ს მიმართ ძალადობა. კერძოდ, ყელზე ხელების მოჭერითა და ხელის დარტმით ლ. ქ–ს აუწია წნევამ, დაემართა ჰემორაგიული ინსულტი, წაიქცა და ფეხზე ვეღარ დადგა. შესაბამისად დ. ს–ას მიერ ჩადენილი ძალადობა მიზეზობრივ კავშირშია წნევის მატებასთან და დამდგარ შედეგთან – ინსულტის განვითარებასთან, რამაც გამოიწვია ლ. ქ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სხეულის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარით დადასტურდა, დ. ს–ას მიერ ლ. ქ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს დ. ს–ას მიერ ლ. ქ–ს მიმართ ძალადობის ფაქტი. ბრალდების მხარე სადავოდ ხდის – გამოიწვია თუ არა მისმა ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სხეულის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ – ლ. ქ–ს, მოწმეების – ზ. ს–ს, ე. ქ–ს, ლ. მ–ს, ი.ს–ს, ე. ქ–ს, თ. ჯ–ს, რ. კ–ს, დ. გ–ს, მ. ა–ს , ა. ლ–ს, ე. ჩ–ს, ნ. კ–ს, კ. ც–ს, მ. ნ–ს ჩვენებებს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №........., სამედიცინო ექსპერტიზის №......... და №.......... დასკვნებს, ექიმ-რადიოლოგ ნ. ს–ს და შპს გადაუდებელი ნერვოლოგიის კლინიკა „ნ–ს“ დირექტორის ნ. კ–ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ს–ას მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენას.
5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა დ. ს–ას ქმედებასა და დაზარალებულ ლ. ქ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტს შორის.
5.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ფაქტის თვითმხილველი მოწმის მ. ა–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2024 წლის 14 ივნისს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე დ. ს–ას და ლ. ქ–ს შორის კონფლიქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. რა დროსაც, დ. ს–ამ მარცხენა ხელი კისერში წაუჭირა ლ. ქ–ს, ხოლო მარჯვენა ხელი ჰქონდა აწეული, ლ–მმა უთხრა, გამიშვი, ვიხრჩობიო. მოწმის განმარტებით, დ. ს–ას ლ. ქ–სთვის ხელი არ დაურტყამს.
5.6. საკასაციო სასამართლო სადავო გარემოებასთან მიმართებით – დ. ს–ას მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენდა თუ არა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო ექსპერტის N....... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს საქართველოს კლინიკები მ–ს კლინიკის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N.....-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარირი 19.06.2024)) – მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ. ქ–მ აღნინულ საავადმყოფოს მიმართა 14.06.2024წ-ს 19:14 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:35 სთ-ზე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა დიდი ზომის კანქვეშა ჰემატომა მარცხნივ თხემ-კეფის მიდამოში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა (შპს ...... სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.....-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 02.07.2024წ) – მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ. ქ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.06.2024წ-ს 21:25სთ-ზე საიდანაც გაეწერა 28.06.2024წ-ს 11:20სთ-ზე დიაგნოზით: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროებში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. კომა, დაუზუსტებელი. ცერებრული შეშუპება. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაცია თავის მიდამოში. ექიმ-რადიოლოგ ნ. ს–ს მიერ 22.08.2024წ ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ინტრაცერებრული ჰემატომა მარცხნივ ჩენჩოსა და გარეთა კაფსულის დონეზე. ჰემატომა შესაძლოა იყოს როგორც ტრავმული, ასევე სპონტანური. ქალას ძვლების მოტეხილობის სარწმუნო კ.ტ. ნიშნები არ აისახება. პნევმოთორაქსის სარწმუნო კ.ტ. ნიშნები არ აისახება. ჰემატომის ხანდაზმულობა მითითებულ 14.06.2024 თარიღს არ ეწინააღმდეგება. შპს ........იის კლინიკა „ნ–ს“ დირექტორის ნ. კ–ს მიერ 03.02.2022წ. ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: ,,თქვენი მომართვის (N........ 07.08.2024წ.) საფუძველზე გავეცანი მოქ. ლ. ქ–ს სამედიცინო დოკუმენტაციას. მოგახსენებთ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფის დასკვნითი დიაგნოზია: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა, ცერებრული შეშუპება. დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით აღნიშნული პათოლოგია არაა შეფასებული როგორც ტრავმული, არამედ შეფასებულია როგორც მწვავე ცერებრო-ვასკულური დაავადება, ჰემორაგიული ინსულტი, აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლჩაქცევით. შესაბამისად აღნიშნულ მდგომარეობას ტრამვას ვერ დავუკავშირებთ“. დაზიანებები ექსკორიაციებისა და კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.7. სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით, „როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ–ს კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №..... და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან ირკვევა, ლ. ქ–ს აღნიშნულ კლინიკისათვის მიუმართავს 14.06.2024წ.,19:14 სთ, საიდანაც 14.06.2024წ. 20:35სთ. გაეწერა დიაგნოზით (გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ ქ–ში ....-ში): ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი; სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: მარცხნივ თხემ-კეფის არეში დიდი ზომის კანქვეშა ჰემატომა. შპს ........ სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის .... ბარათი №..... და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან ირკვევა, ლ. ქ– აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 14.06.2024წ. 21:25სთ. (გაწერა: 28.06.2024წ. 11:20სთ), სადაც დაესვა დიაგნოზი: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროებში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (ძირითადი), სუნთქვის მწვავე უკმარისობა (გართულების), კომა, დაუზუსტებელი (გართულების), ცერებრული შეშუპება (გართულების); სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მცირე ზომის ექსკორიაცია თავის არეში. ექსპერტის დასკვნა N........ (05.07.2024წ. – 29.08.2024წ. სს. ექსპერტი, მ. ნ–ე)-ის მონაცემებით: „...შენიშვნა: მ–ს რაიონული სამმართველოს მ–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის ზ. კ–ს 08.07.2024 წლის (სეებ. რეგ. N.......) მომართვით ირკვევა: „ლ. ქ–ს ქ.ქ–ს ....... სახელობის ...... მედიცინის ცენტრიდან გამოწერის შემდეგ მკურნალობისათვის სხვა კლინიკისთვის არ მიუმართავს“. ექსპერტის დასკვნა N....... ფარგლებში გამოძიების მიერ წარმოდგენილი კ.ტ. კვლევის CD დისკი შეისწავლა ექიმ-რადიოლოგმა ნ.ს–მა და 22.08.2024წ-ს მიღებული იქნა სათანადო დასკვნა, საიდანაც ირკვევა: თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე (წერილი N...... 07.08.2024წ) მოგახსენებთ შემდეგს: განიხილება კ.ტ. კვლევის DICOM ვერსია (ქ–ა ლ–მ. 42წ. 14.06.2024-15.06.2024). არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ინტრაცერებრული ჰემატომა მარცხნივ ჩენჩოსა და გარეთა კაფსულის დონეზე. ჰემატომა შესაძლოა იყოს როგორც ტრამვული, ასევე სპონტანური. ქალას ძვლების მოტეხილობის სარწმუნო კ.ტ. ნიშნები არ ისახება. პნევმოთორაქსის სარწმუნო კ.ტ. ნიშნები არ ისახება. ჰემატომის ხანდაზმულობა მითითებულ 14.06.2024 თარიღს არ ეწინააღმდეგება. ამავე ექსპერტიზის (ექსპერტის დასკვნა N........-ის) ფარგლებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს. ....... კლინიკა „ნ...“-ს დირექტორმა ნ.კ–მ, რომლის საკონსულტაციო დასკვნის მონაცემებით: „....სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფის დასკვნითი დიაგნოზია: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა, ცერებრული შეშუპება. დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით აღნიშნული პათოლოგია არაა შეფასებული როგორც ტრამვული, არამედ შეფასებულია როგორც მწვავე ცერებროვასკულური დაავადება, ჰემორაგიული ინსულტი, აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლჩაქცევით. შესაბამისად აღნიშნულ მდგომარეობას ტრამვას ვერ დავუკავშირებთ....“. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს. გადაუდებელი ....... კლინიკა „ნ–“-ს დირექტორმა, თ–ს სამედიცინო აკადემიის პროფესორმა, ნ. კ–ემ, რომლის მიერ, N.. კითხვაში აღწერილ ქმედებას - კერძოდ, ორივე ხელების კისერში მოჭერით, ასეთ მდგომარეობაში მიწის ზედაპირიდან აწევით, ისე რომ ფეხით არ ეხებოდა მიწის ზედაპირს, შეეძლო გამოეწვია არტერიული წნევის მატება, შესაბამისად არტერიული წნევის მატებასთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობები, მათ შორის ჰემორაგიული ინსულტი და მისი გართულებები: ცერებრული შეშუპება, კომა – ცხადია, კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი კავშირის კატეგორიულად მტკიცება ან გამორიცხვა შეუძლებელია. ამდენად, ექსპერტიზას ზ/აღნიშნულზე კატეგორიული მსჯელობა არ შეუძლია და გამომდინარე აქედან, სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი დიაგნოზების სასამართლო მედიკური კუთხით შეფასების საფუძველი არ გააჩნია. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი დაზიანებები ჰემატომის და ექსკორიაციის სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“.
5.8. საკასაციო პალატა, ერთი მხრივ ზემოხსენებული სამედიცინო ესქეპერტიზის დასკვნების, ხოლო მეორეს მხრივ ექსპერტების მ. ნ–ს, ნ. კ–ის, კ. ც–სა და ე. ჩ–ს, ექიმი-ნევროლოგის თ. ს–ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შეფასებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები არ შეიცავს კატეგორიულ და მტკიცებითი შინაარსის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ქ–ს ჰემორაგიული ინსულტი და მარჯვენა ხელ-ფეხის ფუნქციური მოშლა განუვითარდა დ. ს–ას ძალადობრივი ქმედების შედეგად.
5.9. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული საექსპერტო კვლევებითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი დ. ს–ას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან დ. ს–ას დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს (N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მომართვის თანხმად, დ. ს–ა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2025 წლის 27 აგვისტოს კალენდარულად) დამატებით მსჯელობას ამნისტიის გავრცელების თაობაზე აღარ იქონიებს.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე