3კ/572 7 სექტემბერი, 2001 წ ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. გ-ძემ და აღნიშნა, რომ 1997 წლის 16 დეკემბერს სესხის ხელშეკრულება გააფორმა ფირმა “მ.-თან” და სესხად გადასცა 2400 აშშ დოლარი ყოველთვიური 7%-ის დარიცხვით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ერთი თვის პროცენტი გადაუხადა ფირმა “მ.-ის” დირექტორმა ს. ა-ძემ, ხოლო შემდეგში უარი განაცხადა არა მარტო ვალის გადახდაზე არამად მთლიანად უარყო ვალის არსებობა და გ. დ-ძე, ვის მიერაც დაიდო ხელშეკრულება თვითნებობის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან. Gგ. დ-ძემ 6 თვის შემდეგ დაუბრუნა მას 1200 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი 1200 აშშ დოლარის ფირმა “მ.-ისათვის” დაკისრება მის სასარგებლოდ.
მოპასუხე ს. ა-ძემ სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ მის ფირმას მ. გ-ძისაგან არავითარი თანხა არ მიუღია, ხოლო გ. დ-ძის მიერ აღებულ სესხზე ის პასუხს არ აგებს. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. დ-ძემ არაკანონიერი გზით დაუსვა ფირმის ბეჭედი ხელშეკრულებას, რომელიც თითქოს ფირმა “მ.-თან” გააფორმა მოსარჩელემ. Mმოსარჩელის განმარტებით, “მ.-ი” წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. გ-ძის სარჩელი და ფირმა “მ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 1200 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ფირმა “მ.-ის” დირექტორმა ს. ა-ძემ შეიტანა საჩივარი იმავე სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ს. ა-ძეს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2000 წლის 22 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ს. ა-ძის კერძო საჩივარი, შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე და საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა ს. ა-ძის კერძო საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სასარჩელო განცხადება და ფირმა “მ.-ი” გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან. სასამართლომ განმარტა, რომ გ-ძემ სესხის ხელშეკრულება გააფორმა არა ფირმა “მ.-თან”, არამედ გ. დ-ძესთან, ვინაიდან აღნიშნულ ფირმას არ გააჩნდა უფლება სესხად აეღო ფული მოქალაქეებისაგან. ხელშეკრულებაშიც, რომელიც დირექტორის გვერდის ავლით გაფორმდა, სასამართლოს აზრით, ნათლად ჩანდა თუ ვინ იყო მსესხებელი, 1200 აშშ დოლარი კრედიტორს თვით დ-ძემ დაუბრუნა და ეს უკანასკნელი არც დარჩენილი თანხის გასტუმრებას უარყოფდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ მ. გ-ძემ და სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მან თანხა შეიტანა ფირმა “მ.-ში” და მასვე უნდა დაებრუნებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. გ-ძემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ფირმა “მ.-ისათვის” 1200 აშშ დოლარის დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ფირმა “მ.-ისს” მ. გ-ძის სასარგებლოდ დააკისრა 1200 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ძემ სესხის ხელშეკრულება გააფორმა ფირმა “მ.-თან”. პალატის აზრით, მ. გ-ძეს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ სწორედ გ. დ-ძე იყო ფირმა “მ.-ის” თანამშრომელი და უფლება გააჩნდა მოქალაქეებისაგან მიეღო სესხი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია ფირმა “მ.-ის” დირექტორმა ს. ა-ძემ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ მის ფირმას სესხი არ აუღია და არც ჰქონდა ამის უფლება, ხოლო მისმა თანამშრომელმა, თვითნებურად, ადმინისტრაციის გვერდის ავლით აიღო სესხი გ-ძისაგან, რისთვისაც გამოიყენა ფირმის ბეჭედი. კასატორის განმარტებით აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს დ-ძე და არც თანხის გადახდაზე ამბობს უარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;
სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. გ-ძეს სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ მისი პარტნიორი იყო შპს “მ.-ი”. Dდადგენილია, რომ გ. დ-ძე სარგებლობდა ,,მ.-ის” ბეჭდით და ოფისით. სესხზე პირველი თვის პროცენტი გადახდილი იყო ,,მ.-ის” დირექტორის მიერ. Aაღნიშნული პირობები შეიქმნა ,,მ.-ის” ხელშეწყობით. წარმოდგენილმა პირმა შექმნა ისეთი გარემოებები, რომ მოსარჩელეს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობითი უფლების არსებობა.
ასეთ პირობებში გ. დ-ძე უნდა ჩაითვალოს ,,მ.-ის” წარმომადგენლად და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ფირმა ,,მ.-ს”.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ.-ის” დირექტორის ს. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.