Facebook Twitter

საქმე N 210100125011604612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №862აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი

ქ–ი თ., №862აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა უსუფაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ქ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო თ. ი–ი (.........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განცორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ს ცენტრში იმყოფებოდნენ ჭ. ძ–ი, გ. ა–ი და შ. გ–ი, რომლებთანაც მივიდნენ თ. ი–ი, თ. ქ–ი და ბ. ქ–ე. ბ. ქ–ესა და ჭ. ძ–ს შორის წარსულში მომხდარი შელაპარაკების გამო. თ. ი–მა და თ. ქ–მა ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ჭ. ძ–ს, კერძოდ, თ. ი–მა სახისა და ტანის არეში დაარტყა მუშტები, ხოლო თ. ქ–მა მუშტები დაარტყა მარჯვენა მხრის არეში. აღნიშნულის შედეგად ჭ. ძ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2025 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ს ცენტრში, ურთიერთშელაპარკებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, თ. ი–ი სიტყვიერად, ასევე თანნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ. გ–სა და ჭ. ძ–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 01 ივლისის განაჩენით, თ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

თ. ი–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა უსუფაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ბრალდებისა მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 5 სექტემბერს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა უსუფაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ. ქ–ისა და თ. ი–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. მართალია მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშულები, თუმცა მათი მხრიდან ბრალის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, არ უნდა ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად, რადგან ისინი არ განიცდიან სინანულს და ბრალი მხოლოდ იმის გამო აღიარეს, რომ პასუხისმგებლობა შეემსუბუქებინათ. თ. ი–მა ჯგუფურად, თ. ქ–თან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ჭ. ძ–ს. ასევე, თანნაქონი დანის დემონსტრირებით (იქნევდა დანას და იწევდა დასარტყმელად) სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჭ. ძ–სა და შსს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ შ. გ–ს. შ. გ–ს თან რომ არ ჰქონოდა სამსახურეობრივი ცეცხლსასროლი იარაღი, თ. ი–ი მათ სიცოცხლეს მოუსპობდა ან ჯანმრთელობას დაუზიანებდა. თ. ი–ი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ გაჩერდა, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ჩაიდინოს დანაშაული. ამასთან თ. ი–ი გასამართლებულია განზრახ მკველელობისთვის (მართალია ამჟამად არ არის ნასამართლევი, თუმცა ეს გარემოება მის პიროვნებას სდევს თან) და შესაბამისად, მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულისაკენ. სასამართლომ მათ ყველაზე ლმობიერი და მსუბუქი სასჯელი დაუნიშნა, რაც ფორმალური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდა და დაზარალებულს უჩენს იმის განცდას, რომ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა. მსგავსი მიდგომა დამნაშავეს უჩენს ,,დაუსჯელობის სინდრომს“. შესაბამისად, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც თ. ი–ს და თ. ქ–ს უნდა დაენიშნოთ უფრო მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდებისა მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა თ. ქ–ისა და თ. ი–ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, ამასთან დაცვის მხარემ უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ქ–სა და თ. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. საგულისხმოა, ასევე ის, რომ მსჯავრდებულები შეურიგდნენ დაზარალებულებს (დაზარალებულთა განცხადებების თანახმად, მათ მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ).

5.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

5.8. საკასაციო პალატას, სასჯელის დამძიმების მხრივ, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება თ. ი–ის გაქარწყლებულ ნასამართლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელის შეფარდების დროს მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ნასამართლობა, მათ შორის არც პიროვნების შეფასების კუთხით. ამდენად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, თ. ქ–ისა და თ. ი–ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელები – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი მოხდის ფორმა, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.

5.9. ამასთან, აღსანიშნავია რომ სასჯელი ეს არის პირის ინდივიდუალური გაკიცხვა ჩადენილი ქმედების გამო, თითოეული ქმედება და მისი ჩამდენი პირი განსხვავდება, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური და თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ასევე ჩადენილი ქმედების შემდეგ მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებთან (დაზარალებულთან შერიგება, ზიანის ანაზღაურება და სხვა). შემამსუბუქებელი გარემოებების უგულებელყოფა, მხოლოდ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამნაშავის რესოციალიზაციისათვის ხელისშემშლელ გარემოებად იქცეს, რაც არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდებს მსჯავრდებულებს, რომლებსაც დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია თ. ქ–ისა და თ. ი–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა უსუფაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე