Facebook Twitter

საქმე N330100124009318712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №882აპ-25 12 იანვარი, 2026 წელი

ც–ი ო., №882აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ც–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით (2025 წლის 4 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 28 თებერვალს, 02:30 საათიდან 10:32 საათამდე, თ–ი, სოფელი წ–ი, ....ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ქ. ჯ–ს მიმართავდა დამამცირებლად და თვლიდა, რომ მას არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვისა და სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება. ო. ც–მა განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში (სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურების, კისრის წინ და უკანა მხარეს), დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო ათეულობით, მათ შორის რამდენიმე შემავალი ჭრილობა მიაყენა ქ. ჯ–ს, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ც–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 21 აგვისტოს, მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა – კვალიფიკაციის შეცვლა და შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ო. ც–ის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ო. ც–მა თავიდანვე აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება, თუმცა რაც შეეხება ქმედების გენდერის ნიშნით ან განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას, ასეთს ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში წარმდგენილი მოწმეების ჩვენებები და ქ. ჯ–სა და ო. ც–ს შორის არსებული მიმოწერით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა. ასევე არ დგინდება დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა, რადგან მკვლელობის განზრახვის რეალიზაციისას, მრავალი ჭრილობის მიყენება ყოველითვის არ ნიშნავს განსაკუთრებულ სისასტიკეს. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის პიროვნებას. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართალია ო. ც–ი შერცხადია, თუმცა მართლსააწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა და პიროვნული და ქცევითი აშლილობა. გარდა ამისა, არ დადასტურებულა, რომ მიყენებული ჭრილობები დროში იმგვარად იყო გახანგრძლივებული, რომ ქ. ჯ–მა განიცადა ტანჯვა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ო. ც–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ც–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო. ც–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ ო. ც–მა თავი დამნაშავედ ცნო ქ. ჯ–ის მკვლელობაში. დაცვის მხარისთვის სადავოა ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადრებას გაამახვილებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ო. ც–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე.

5.5. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N30აპ-25 გადაწყვეტილება).

5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გენდერის ნიშნით მკვლელობის ჩადენაში იგულისხმება ისეთი მკვლელობა, რომლის მოტივი ხდება: მსხვერპლის გენდერული კუთვნილება, ანუ პირის ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე, მის სოციალურ ფუნქციასთან შეუთავსებლობა. ამიტომ აუცილებელია დადგინდეს, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ მსხვერპლის გენდერული კუთვნილებაა და დანაშაულებრივი ქმედება განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით. გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და არათანაზომიერად გაკიცხვა. სტერეოტიპული შეხედულებები გამოიხატება ძირითადად ამგვარ შეფასებებში: მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცი ქალს მიიჩნევს საკუთრებად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალს უფლება არ აქვს მამაკაცის ნებართვის ან თანხმობის გარეშე გავიდეს სახლიდან, კონტაქტი დაამყაროს ნათესავებთან, მეგობრებთან, ისარგებლოს ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, აირჩიოს მეგობრები, მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას, დაიწყოს მუშაობა და ა.შ.

5.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებითა და ო. ც–სა და ქ. ჯ–ს შორის არსებული მიმოწერებით ნათლად იკვეთება, თუ როგორ ცდილობდა მსჯავრდებული დაემცირებინა ქ. ჯ–ი, მოწმეები აღნიშნავდნენ რომ დაზარალებულს ე–ში ყოფნის პერიოდში აღენიშნებოდა თვალზე სილურჯე, რომელიც ო. ც–მა მიაყენა, ასევე ქ. ჯ–ის დამ აღნიშნა, რომ ადრე ქ–ის ხელზე შეუნიშნავს დამწვრობა, დაზარალებულმა კი მას მოუყვა, რომ სიგარეტი მიაწვა ხელზე ო. ც–მა და სთხოვდა არავისთვის ეთქვა. მისი დამამცირებელი მოქმედებები და სიტყვიერი შეურაცხყოფები ერთიანობაში ქ. ჯ–ს ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა, იგი განიცდიდა მორალურ ტანჯვას, რასაც ამჩნევდნენ მისი ახლობლები და გარშემომყოფები, რის გამოც იგი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მკურნალობდა დეპრესიისკენ მიდრეკილებასა და უძილობას, რაც დამახასიათებელია ფსიქოლოგიური ტანჯვისთვის. მოწმეთა ჩვენებებით ასევე იკვეთება, რომ ო. ც–ს გავლენა ჰქონდა ქ. ჯ–ზე, დაზარალებული ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ საბოლოოდ არ გამოსდიოდა, რადგან ო. ც–ი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მასზე და მსხვერპლს უშლიდა დედასთან კომუნიკაციას. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდეგენილი მიმოწერებით დადგინდა, რომ ო. ც–ი უპირატესობის დემონსტრირებას და ქ. ჯ–ის დამცირებას ცდილობს შეურაცხმყოფელი ფრაზებით, გინებით, რაც ადამიანის თავმოყვარეობას ლახავს. აღნიშნული მიმოწერებით დასტურდება, რომ ო. ც–ი ქ. ჯ–ს, რადგან იყო ქალი არ აღიქვამდა თანასწორად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გენდერული ნიშნით მკვლელობის ჩადენას არ უნდა იქნეს გაზიარებული.

5.9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით. ამ ნიშანის დასადასტურებლად აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ დამნაშავის მიერ გამოყენებული ხერხი/საშუალება ობიექტურად იწვევდეს ძლიერ ტანჯვას და აღმატებულ ხარისხში აჰყავდეს ის. სუბიექტური კრიტერიუმი კი, გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ შეგნებულად შეარჩიოს ისეთი ხერხი/საშუალება, რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს მსხვერპლში. ქმედების კვალიფიკაციისთვის საჭიროა, მკვლელის განზრახვაც მოიცავდეს ტანჯვას და ობიექტურად ასეთი შედეგიც დადგეს. ვინაიდან, სისასტიკის ცნება წარმოადგენს იურიდიულ ცნებას, სასამართლომ თითოეული კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.

5.10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 16 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნასა და ექსპერტ გ. ტ–ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, რომ ქ. ჯ–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა. ქ. ჯ–ის გვამზე აღინიშნებოდა სხვადასხვა ზომის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და ნაკვეთი ჭრილობა (სულ 59 ჭრილობა) და ნაკაწრები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე: მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან და ზემოთ მდებარე ჭრილობა პირობითად №19 მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, თითქმის ჰორიზონტალურად, აზიანებს თავის ქალას რბილ საფარს, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ქიცვს, სადაც ნანახი იქნა მოთეთრო ფერის მეტალის უცხო სხეული - დანის წვერი, რომელიც ამოღებული იქნა. შესაბამისად ქალასარქველზე სწორკიდეებიანი მოტეხილობა, მოიცავს საფეთქლის ძვლის ქიცვს გამჭოლად და შედის ქალას ღრუში. სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ქ. ჯ–ის გვამზე არსებული ჭრილობები სიცოცხლის დროინდელია, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, განვითარებულნი არიან სიკვდილის დადგომამდე წინა უახლოეს პერიოდში, იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები (პირობითად ჭრილობები №1-1ა, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 15, 16, 17, 19, 24, 33, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 53, 56) განვითარებულნი არიან რაიმე ცალმხრივ ლესილი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობები (პირობითად ჭრილობები №5ა, 10, 12, 18, 20, 21, 22, 23, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 34, 35, 49, 50, 51, 52, 54, 55, 57, 58, 59) განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით. ქ. ჯ–ს გვამზე არსებული ჭრილობები პირობითად №2, 5, 13, 42 (მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით) ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ქ. ჯ–ს გვამზე არსებული ჭრილობები პირობითად №19, 37, 39, 48, 52, 53 ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში, ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან არ იმყოფებიან. ჭრილობები პირობითად №1-1ა, 3, 4, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 40, 41, 43, 44, 45, 46, 47, 49, 50, 51, 54, 55, 56, 57, 58, 59 - ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში ცალკე აღებულნი, ატარებენ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან არ იმყოფებიან. ჭრილობა პირობითად №26 ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში ცალკე აღებული ატარებს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან არ იმყოფება.

5.11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაპყრო ყურადღება, როგორც დაზიანებათა სიმრავლეს (59 ჭრილობა), ასევე სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებს, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში მსჯავრდებულის მრავლობით მოქმედებას ადასტურებს მსხვერპლის მიმართ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. ც–ი დანაშაულის განხორციელების მომენტში აცნობიერებდა თავისი ქმედების არამარტო ძირითად შედეგს – მსხვერპლის სიკვდილს, არამედ, ამ შედეგის დადგომამდე ჭრილობების მიყენებით გამოწვეულ მსხვერპლის ტანჯვას, გარკვეული დროის მანძილზე. საგულისხმოა, რომ ქ. ჯ–სთვის მიყენებული ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მსხვერპლს დაზიანებები მიყენებული აქვს სახის არეში, ასევე ორივე ხელზე, რაც ნათლად მიუთითებს, რომ იგი ხელის აფარებით ცდილობდა თავდაცვას. ამასთან, არაერთი დარტყმის შედეგად დანის წვერი ჩატყდა დაზარალებულის თავის ქალაში. ქ. ჯ–ის სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ მამას გაუჭირდა მისი ცნობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ კვალიფიკაციას, ვინაიდან სახეზე გვაქვს დანით მიყენებული სიცოცხლისდროინდელი 59 ჭრილობა - თავის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რაც სუბიექტური თუ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული სისასტიკე.

5.12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ობიექტური დამკვირვებლისათვის აშკარა და ნათელია ის გარემოებები, რომ ო. ც–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერია და, საკასაციო საჩივრის დაშვების რაიმე საფუძველი, არ იკვეთება.

5.13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ო. ც–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე