საქმე N 210100124009136641
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №821აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი
ხ–ე ი., №821აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბექა ნათელაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ხ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, დ–ს რაიონში, მინდორ ,,ჭ–ზე“ არსებულ რ. ა–ის მესაქონლეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ი. ხ–ემ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანის ქნევა დაიწყო გ. ა–ის მიმართ და ორჯერ მოახერხა დანის დარტყმა, კერძოდ, ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ცხვირისა და გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ი. ხ–ე მოკვლის განზრახვით კვლავ ცდილობდა გ. ა–ისთვის დანის დარტყმას, თუმცა ადგილზე მყოფმა მ. მ–მა შეძლო მისთვის დანის წართმევა, რის გამოც ი. ხ–ემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, ი. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა. ი. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 25000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (12.03.2024-26.11.2024 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 20000 ლარით და საბოლოოდ ი. ხ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
2.2. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, დ–ს რაიონში, მინდორ „ჭ–ზე“ არსებულ რ. ა–ის ........ის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ი. ხ–ემ თანნაქონი დანის გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა გ. ა–ს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ი. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბექა ნათელაურმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ი. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ი. ხ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ი. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ი. ხ–ის განმარტებით, იგი თავს იცავდა გ. ა–ისგან და სწორედ ამიტომ გამოიყენა დანა, თუმცა მანვე განმარტა, რომ ტკივილი არ განუცდია, რაც აბსურდულია. ჩვენების მიცემისას, მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ მან დანის პირი ნახევრად ხელით დაფარა, რათა დაზარალებულს მძიმე დაზიანება არ მიეღო სიცრუეა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებულს ხელისგული გაეჭრებოდა. პროკურორის აზრით, სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ი. ხ–ეს არ სურდა გ. ა–ის მოკვლა, ვინაიდან მან ნებაყოფლობით გადასცა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს დანა არასწორია, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა მწყემსებიც, შესაბამისად, ბრალდებულის მცდელობას ყოველგვარი პერსპექტივა წაერთვა და იგი იძულებული გახდა დანა გადაეცა. ბრალდების მხარის პოზიციით მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და შინაარსი, მიუთითებს სწორედ ი. ხ–ის მხრიდან მოკვლის განზრახვის არსებობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ი. ხ–ე დამნაშავედ უნდა ეცნო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და არა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ხ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ი. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ხ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, დ–ს რაიონში, მინდორ „ჭ–ზე“ არსებულ რ. ა–ის .......ის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ი. ხ–ემ თანნაქონი დანის გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა გ. ა–ს. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ხ–ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახ მკვლელობისათვის. მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის, ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
5.6. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13). განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ, დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილება).
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ მას და ი. ხ–ეს ერთმანეთთან მოუვიდათ შეკამათება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ი. ხ–ის მიერ გამოყენებულია დანა, თუმცა საგულისხმოა, რომ მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რაც სიცოცხლისთვის საშიში არაა. ამასთან, განზრახვის დასადგენად მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ დაზარალებული, მსჯავრდებული და მ. მ–ი; სიტყვიერი შეკამათება გადაიზარდა ჩხუბში, სადაც ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა თავად დაზარალებულმა; მართალია ი. ხ–ე იქნევდა დანას, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოხვდა დაზარალებულს ისიც, მხოლოდ ნაწილობრივ; დანის დარტყმის შემდეგ ი. ხ–ეს დანა მ. მ–მა გამოართვა, რაზეც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია; შემთხვევის ადგილზე შემოდგომში მისული პირების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანის დარტყმის შემდეგ ი. ხ–ე და გ. ა–ი ერთმანეთისგან სამი მეტრის დაშორებით იდგნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ ი. ხ–ის მიერ გ. ა–ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილზე არ არსებობდა დაუძლეველი ძალა და არც რაიმე სახის განსაკუთრებული ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოებანი, მას პირველი დარტყმის შემდეგ შეეძლო განეხორციელებინა აქტიური მოქმედებები მიზნის მისაღწევად, რაც არ განუხორციელებია, მით უფრო იმ პირობებში, რომ დაზარალებულს დაზიანება არ ემჩნეოდა. საგულისხმოა ისიც, რომ მოგვიანებით დაზარალებული და მსჯავრდებული შორიახლოს იმყოფებოდნენ, რა დროსაც დაზარალებული კვლავ გაიწია მსჯავრდებულისკენ.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებზე, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომლის შედეგადაც დაზიანებული იყო კანი და კანქვეშა ქსოვილი. ჭრილობის ხასიათი ამყარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ დაზარალებული დაინდო და მთელი ძალით არ მოუქნია დანა, ვინაიდან არ სურდა მისთვის განსაკუთრებული ზიანის მიყენება. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად ნათელია, რომ ი. ხ–ე არ მოქმედებდა გ. ა–ის მოკვლის განზრახვით.
5.10. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ი. ხ–ის მიერ გ. ა–ის მოკვლის განზრახვა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის პოზიციას, რომ ხსენებული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმას, რომ აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მხრიდან დანის რამდენჯერმე მოქნევის ფაქტი.
5.11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება, მსჯავრდებულის ქმედებები დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ი. ხ–ის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბექა ნათელაურის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე