Facebook Twitter

¹ 3კ/579-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ს-ია და ი. ჯ-ია 1992 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 1996 წლის 29 ივნისს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ 1993 წლის 10 მაისს დაბადებული ზ. ს-ია. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მათ შორის ქორწინება შეწყდა.

დ. ს-იამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. ჯ-იას მიმართ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი ბინის განსაზღვრის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ერთპიროვნულად წყვეტდა შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხელს უშლიდა მასთან ურთიერთობაში.

შეგებებული სარჩელით ი. ჯ-იამ მოითხოვა შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისათვის დ. ს-იასათვის ალიმენტის დაკისრება, თვეში 700 ლარის ოდენობით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა დ. ს-იას სასარჩელო მოთხოვნა. მხარეთა შვილის _ ზ. ს-იას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა თბილისში, ... მდებარე ი. ჯ-იას საცხოვრებელი ბინა. დ. ს-იას მიეცა შვილთან შეხვედრის უფლება მცოცავი გრაფიკით.

ი. ჯ-იას უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება დ. ს-იას დაეკისრა ალიმენტის 50 ლარის გადახდა ყოველთვიურად, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-იამ. კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომლის შესაბამისად:

1. შვილის _ ზ. ს-იას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ი. ჯ-იას საცხოვრებელი ბინა;

2. დ. ს-იას შვილის ნახვის უფლება ექნება მცოცავი გრაფიკით _ ყოველ მეორე შაბათ-კვირას; იგი ამ უფლებას გამოიყენებს, როგორც ი. ჯ-იას საცხოვრებელ ადგილზე, ასევე, ბავშვის თავისთან წაყვანით. ამ შემთხვევაში დ. ს-ია ვალდებულია, ი. ჯ-იას აცნობოს ზ. ს-იას ადგილსამყოფელი;

შეხვედრების დროდ განისაზღვრა პარასკევი, 19სთ-დან, კვირა დღის საღამოს 19 სთ-მდე;

ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ივნისის და ივლისის თვეებში, დ. ს-ია ზ. ს-იას 2-2 (ორ-ორი) კვირით თავისთან წაიყვანს ი. ჯ-იასათვის ბავშვის ადგილსამყოფლის ცნობებით. დ. ს-ია ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ, ვადის მითითებით, წინასწარ განზრახულ თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა აცნობოს ი. ჯ-იას;

თუ ზ. ს-ია შეთანხმებით გათვალისწინებული დროისათვის და განმავლობაში იქნება ავად, დ. ს-იას ბავშვის მონახულების უფლება ექნება ი. ჯ-იას საცხოვრებელ ადგილზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებით განსაზღვრული დროის პერიოდში ზ. ს-ია დაკავებული იქნება სპორტული, აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო ან სხვა საქმიანობით, დ. ს-ია ვალდებულია, ხელი შეუწყოს (ადგილზე დროული მიყვანით, წამოყვანით) მას.

4. დ. ს-ია შეუქმნის შვილს აღზრდისა და განათლების შესაბამის პირობებს, დაეხმარება დავალებების მომზადებაში.

5. დ. ს-ია ზ. ს-იას აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობის სახით გადაიხდის 50 (ორმოცდაათი) ლარს ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი რიცხვისა. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დ. ს-იას დაეკისრება პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 1 (ერთი)%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. დადგენილი ვადების შეცვლა (უფლების რეალიზაციის პერიოდის გაცვლა) დაიშვება მხოლოდ მხარეთა ურთიერთთანხმობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების საფუძველზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმე საკასაციო სასამართლოში განიხილება იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის. 372-ე მუხლის თანახმად, საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მხარეთა მორიგების შესაბამისად:

1. ზ. ს-იას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის _ ი. ჯ-იას საცხოვრებელი ადგილი;

2. დ. ს-იას შვილის _ ზ. ს-იას ნახვის უფლება მიეცეს შემდეგი წესითა და პირობებით:

მცოცავი გრაფიკით, ყოველ მეორე შაბათ-კვირას თავისი შეხედულებისამებრ, როგორც ი. ჯ-იას საცხოვრებელ ადგილზე, ასევე შვილის თავისთან წაყვანით. ამ შემთხვევაში დ. ს-ია ვალდებულია, ი. ჯ-იას აცნობოს ზ. ს-იას ურთიერთობის ადგილსამყოფელი;

დ. ს-იას ზ. ს-იასთან ყოფნის დრო განესაზღვროს პარასკევის 19 სთ-დან, კვირა დღის 19 სთ-მდე;

დ. ს-იამ ზ. ს-ია დააბრუნოს დედის საცხოვრებელ ადგილზე კვირას, 19 სთ-მდე;

ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ივნისისა და ივლისის თვეების განმავლობაში, დ. ს-იამ 2-2 (ორ-ორი) კვირით თავისთან წაიყვანოს ზ. ს-ია, ი. ჯ-იასათვის ბავშვის ადგილსამყოფლის ცნობებით. დ. ს-იამ ამ პუნქტში აღნიშნული 2-2 (ორ-ორ) კვირიანი ვადით ბავშვის წაყვანის უფლება გამოიყენოს მთლიანად. დ. ს-იამ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ, ვადის მითითებით, წინასწარ განზრახულ თარიღამდე არაუგვიანეს 7 (დღისა), აცნობოს ი. ჯ-იას;

თუ ზ. ს-ია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დროისათვის და განმავლობაში იქნება ავად, დ. ს-იამ ინახულოს შვილი ი. ჯ-იას საცხოვრებელ ადგილზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებით დადგენილი დროის პერიოდში ზ. ს-ია დაკავებული იქნება სპორტული, აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო ან სხვა საქმიანობით, დ. ს-იამ ხელი შეუწყოს (ადგილზე დროული მიყვანით და წამოყვანით) მას.

4. დ. ს-იამ ზ. ს-იას შეუქმნას აღზრდისა და განათლების შესაბამისი პირობები, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს დავალებების მომზადებაში.

5. დ. ს-იამ ზ. ს-იას აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობის სახით გადაიხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი რიცხვისა. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დ. ს-იას დაეკისროს პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 1 (ერთი)%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. დადგენილი ვადების შეცვლა (უფლების რეალიზაციის პერიოდის გაცვლა) მოხდეს მხოლოდ მხარეთა ურთიერთთანხმობით.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.