Facebook Twitter

3კ-581-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

სსკ ბანკმა “ა-მა” ვ. ხ-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “უ-სა” და ვ. ხ-შვილს შორის 1997 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხის უკანონოდ დაკავებული ტერიტორიიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით:

1998 წლის 24 დეკემბერს სსკბ “ა-ს” და შპს “უ-ას” შორის დადებული შეთანხმების თანახმად ბანკს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი და 7 სართულიანი შენობა-ნაგებობა შპს-ს დავალიანობის (300000 აშშ დოლარის) დასაფარავად. აღნიშნული მორიგება დამტკიცებულ იქნა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 დეკემბრის განჩინებით. ქონების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ მოსარჩელესათვის ცნობილი გახდა 1997 წლის ივნისის ხელშეკრულების შესახებ, რომლითაც ვ. ხ-შვილს შპს “უ-საგან” უვადო სარგებლობაში გადაეცა 27,8 კვ.მეტრის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე შპს “უ-ას” დამტკიცებული პროექტის საფუძველზე უნდა ეწარმოებინა ენერგოსადგური, ხოლო დამტკიცებული პროექტისაგან განსხვავებული შენობა-ნაგებობის აღმართვის რაიმე ნებართვა შპს-ს არ მიუღია. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 1999 წლის 14 ნოემბრის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის საფუძველზე, ყოველგვარი გარიგება მიწასთან დაკავშირებით რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო მისი დადებიდან 30 დღის განმავლობაში (მე-8 მუხლი), რადგან სადავო გარიგება კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისად არ არის დადებული მოსარჩელეს იგი ბათილად მიაჩნია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის უფლება სადავო გარიგებით არ შელახულა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი შემდეგი გარიგების საფუძველზე: “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 1996 წლის 14 ნოემბრის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაში აღნიშნული უძრავი ნივთი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 45-ე მუხლის პირველი აბზაცით, კანონით დაწესებული ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი შედეგი პირდაპირაა მითითებული კანონში, ხოლო ამავე კოდექსის 48-ე მუხლით ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 2-ე მუხლის პირველ პუნქტზე და სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელციო პალატის 2001 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “უ-ამ” მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არა მიწის ნაკვეთი, რის გამოც სსკბ “ა-ს” სადავო მიწის ნაკვეთზე დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება არ აქვს სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

_ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაეშვა, რადგან იგი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. არ იყო მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე.

_ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, კერძოდ, შპს “უ-ა” არ იყო მოწვეული დავის განხილვაში.

_ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 133-ე და 132-ე მუხლები.

_ სასამრათლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ სსკბ “ა-ს” საკუთრებაში გადაეცა მშენებარე ნაგებობა, მდებარე ... ქ. თბილისში. დამტკიცებული პროექტით შენობის პირველ სართულზე, სადავო მიწის ნაკვეთზე უნდა ყოფილიყო ოთხი სვეტი (იგი ბანკის საკუთებას წარმოადგენს), ხოლო მეორე სართულზე ამ სვეტებზე უნდა მოეწყოს ტერასა, რომლის აშენებაც ამჟამად, მოპასუხის ხელისშემშლელი მოქმედების გამო, შეუძლებელია. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებისათვის სასამართლოს უნდა მიეცა სათანადო შეფასება და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი დაეკმაყოფილებინა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსკბ “ა-მა” მოთხოვნის უფლება დაუთმო სს “ბ-უს”, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და თვლის რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სასამართლომ ისე მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ სსკ-ის მე-2 მუხლის საფუძველზე, რომ არ დაასაბუთა თუ, რატომ არ ილახება მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელის უფლება ან კანონით გათვალისწინებული ინტერესი. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, შეცილების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე მოსარჩელეა; სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის გამოთავისუფლებას მოითხოვს მხარე, შენობის მიმდებარე ტერიტორიაა; უძრავ ნივთზე (მიწაზე) დადებული გარიგება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული; მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად დამტკიცებული პროექტი მხარემ წარადგინა, მაგრამ სასამართლომ მას, როგორც მტკიცებულებას არ მისცა შეფასება; არ გამოიკვლია პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა ითვალისწინებდა, თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის აღმართვას. აღნიშნული გარიგების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ დაადგინოს მოსარჩელეს შეელახა რაიმე უფლება და კანონით გათვალისწინებული ინტერესი თუ არა.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლომ სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად არ მისცა შეფასება, რის გამოც საქმეზე სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს მიერ შეუფასებელ მტკიცებულებეზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალებში არსებული ყველა დოკუმენტი (საბუთი), რომელიც მშენებარე ობიექტს შეეხება; შეაფასოს მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებანი, მიუთითოს რომელ მტკიცებულებებს ემყარება სასამართლოს დასკვნები; გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) სასამართლომ, ასევე, უნდა მიუთითოს მოსაზრებანი, რომლებითაც იგი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი არ არის შედგენილი სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

პალატა, ასევე, იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ მოიწვია მესამე პირი შპს “უ-ა” და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სსკ-ის 91-ე მუხლით მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ბ-უს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.