Facebook Twitter

¹ 3კ/584-01 25 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: საგარანტიო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 10 ნოემბერს სს “რ.-მ” თურქეთის “ე.-ის” და ინდივიდუალური მეწარმე მ. ბ-იას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 24 მარტს შპს ბანკ “რ.-ს,” ინდივიდუალურ მეწარმე მ. ბ-იასა და თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულებით ბანკმა “რ.-მ” გასცა კრედიტი 30000 აშშ დოლარის ოდენობით ინდივიდუალურ მეწარმე მ. ბ-იაზე, ხოლო თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალმა კრედიტის ამოღების მიზნით გასცა საბანკო გარანტია და იკისრა მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა სესხის დაბრუნების შესახებ. თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის მიერ მითითებულ სესხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1999 წლის 15 მარტის თარიღით იყო გაცემული საგარანტიო წერილი.

1999 წლის 7 სექტემბერს, გარანტი ბანკის ხელმძღვანელობაში ცვლილებების გამო, სს ბანკი “რ.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის ხელმძღვანელობას მათ მიერ გაცემული საგარანტიო წერილის დადასტურების და საკრედიტო ხელშეკრულებაში მათი მონაწილეობის შესახებ, მაგრამ 1999 წლის 17 სექტემბერს გარანტმა საკრედიტო ხელშეკრულებაში მონაწილეობა და საგარანტიო წერილის გაცემის ნამდვილობა არ დაადასტურა იმ მოტივით, რომ თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალს არ გააჩნდა საგარანტიო წერილისა და ხელშეკრულების ორიგინალები. ბანკს არ აუღია საკომისიო გასამრჯელო; ფილიალს არ გააჩნდა საგარანტიო წერილის გაცემის უფლება და საგარანტიო წერილი არ იყო დაბეჭდილი სატიტულო ფურცელზე. აღნიშნულის გამო, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, სს ბანკმა “რ.-მ” 1999 წლის 7 ოქტომბერს უარი განცხადა საკრედიტო საგარანტიო ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რის შესახებაც აცნობა მოპასუხეს.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, მოსარჩელემ მოითხოვა მხარეთა შორის 1999 წლის 24 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა და თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალისათვის 41450 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება. ასევე, მოითხოვა სასამართლო ხარჯების _ 6000 ლარის დაკისრება.

თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მისი სახელით გაცემული საგარანტიო წერილი ყალბი იყო. ასევე, გაყალბებული იყო საკრედიტო ხელშეკრულებაში “ე.-ის” ფილიალის მონაწილეობა და ვინმე მ. ბ-იასთან “ე.-ის” ფილიალს რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული არასდროს ჰქონია. ამასთან, მითითებული დოკუმენტები რეგისტრებული არ იყო “ე.-ის” ფილიალში, ხელშეკრულებაზე მ. ჯ-ის ხელმოწერები გაყალბებული იყო, ხოლო “ე.-ის” თბილისის ფილიალი უფლებამოსილი არ იყო, ეწარმოებინა ზემოთ მითითებული საბანკო საქმიანობა. მითითებულ დოკუმენტებზე მ. ჯ-უნის ხელმოწერები ამ პირს რომ არ ეკუთვნოდა და გაყალბებული იყო, დადასტურდა შპს საექსპერტო-კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ექსპერტის ცნობითაც.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად: შეწყდა 1999 წლის 24 მარტის საკრედიტო საგარანტიო ხელშეკრულება ბანკი “რ.-ს”, ინდივიდუალურ მეწარმე მ. ბ-იასა და თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალს შორის. მოპასუხე თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალს დაეკისრა 41450 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის და სამართლებრივი მომსახურების ხარჯების _ 6000 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის სააპელციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ საგარანტიო ხელშეკრულება გაცემული იყო სათანადო წესების დაცვით სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ. მასზე ხელს აწერდა უფლებამოსილი პირი და გაყალბებული არ ყოფილა.

2001 წლის 21 მაისს თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი.

კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მისი არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე არ მოიწვია უშუალო მოპასუხე მ. ბ-ია;

2. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს კერძო ინიციატივის საფუძველზე ექსპერტის მიერ შედგენილი ცნობა და დასკვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეეფასებინა, როგორც წერილობითი მტკიცებულება და არა როგორც ექსპერტის დასკვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს ხელთ გააჩნდა რა მისი დავალებით ჩატარებული ექსპერტის დასკვნა, სადავო ხელმოწერების მ. ჯ-ის შესაძლო კუთვნილებაზე და ექსპერტის განსხვავებული მოსაზრება (ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მ. ჯ-ს), არ უნდა დაყრდნობოდა სავარაუდო დასკვნას.

4. სასამართლო პროცესზე კასატორმა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების მოთხოვნის გარდა დააყენა სხვა ალტერნატიული მოთხოვნაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება და საქმის საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სადავო დოკუმენტებზე თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის დირექტორის მ. ჯ-ის ხელმოწერების არსებობა დადასტურებულად ჩათვალა ამ საქმეზე ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და სადავო დოკუმენტებზე თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის კუთვნილი ბეჭდების არსებობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად ჩათვალა იმ სპეციალისტთა მიერ გაცემული ცნობები და დასკვნები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შესახებ კანონის მოთხოვნის დაცვით არ იყო ჩატარებული, არ მიანიჭა მათ მტკიცებულებითი ხასიათი და უარყო.

აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.

მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ და ობიექტურ გამოკვლევას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამავე ნორმის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მითითებული გარემოებების გამოკვლევისას განჩინებაში მიუთითა, რომ იმის დასადგენად, არის თუ არა საგარანტიო წერილზე და საკრედიტო-საგარანტიო ხელშეკრულებაზე თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის წარმომადგენელი მ. ჯ-ის ხელმოწერები ნამდვილი არაერთხელ იქნა შემოწმებული ეს დოკუმენტები. მათ შორის, თურქეთის “ე.-ის” მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის ცნობა და სტამბოლის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის საბუთების განმხილველი განყოფილების მიერ გაცემული დასკვნა; სასამართლოს განჩინებითაც აღნიშნულ ხელმოწერებზე დანიშნულ იქნა არაერთი ექსპერტიზა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ ექსპერტიზა ჩატარებული იქნა ერთხელ, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ ორჯერ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მთავარი სასამართლო ექსპერტის მოსაზრება და სტამბოლის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის საბუთების განმხილველი განყოფილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ხელმოწერები არ ეკუთვნოდა მ. ჯ-ს, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებდა იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტზე ხელმოწერის სისწორის დადგენისათვის საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა სწორედ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სპეციალისტთა ზემოთ მითითებული ცნობები და მოსაზრებანი არ იყო მოპოვებული საპროცესო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე და 168-ე მუხლების მოთხოვნები და ამიტომ ხელმოწერებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებანი გაზიარებული ვერ იქნებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსეპრტო-კრიმინალური ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას მისცა სათანადო შეფასება და მიიჩნია, რომ იგი ჩატარებული იყო საპროცესო ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მიუთითა, რომ მოსაზრებას, რომ სადავო დოკუმენტებზე ხელმოწერები მ. ჯ-ის მიერ იყო შესრულებული, აღრმავებდა ის გარემოება, რომ როგორც საბანკო გარანტიაზე ასევე საკრედიტო-საგარანტიო ხელშეკრულებაზე დასმული იყო თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის ბეჭედი, რაც ექსპერტის დასკვნითაც იყო დადასტურებული და მხარეებს შორის დავას არ იწვევდა.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და ამ მიმართებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე სათანადო დასკვნები გააკეთა მათი ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სასამართლო სხდომაზე აუცილებლად უნდა მიეწვია მოპასუხე მ. ბ-ია.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მ. ბ-იას არყოფნა ვერ გახდება ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმეები სასამართლოში აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მ. ბ-ია უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ მონაწილეობდა მისი წარმომადგენელი, რაც კანონით დასაშვები იყო.

საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემული საქმის განხილვის შეჩერებისა და ხელმოწერების სიყალბის დადგენის მიზნით საგამოძიებო ორგანოებისათვის სადავო დოკუმენტების გადაცემის თაობაზე.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტი მიუთითებს, რომ, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იყოს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული წესი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სხვა საქმე და ეს სხვა საქმე ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. მოცემულ შემთხვევაში ამ სამოქალაქო დავის გარდა სხვა საქმე, რომლის გადაწყვეტის გარეშეც შეუძლებელი იქნება ამ საქმის განხილვა, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ცხადია, არ არსებობს ამ საქმის შეჩერების საფუძველიც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს, მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, გადასცემს საგამოძიებო ორგანოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ასეთ დოკუმენტს მტკიცებულებებიდან გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ საგარანტიო წერილზე და საკრედიტო-საგარანტიო ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის წარმომადგენელ მ. ჯ-ს და მითითებულ დოკუმენტებზე დასმულია ამ ორგანიზაციის ბეჭდები, თავისთავად გამოირიცხა სიყალბის მოტივით ამ დოკუმენტების მტკიცებულებიდან გამორიცხვის შესაძლებლობა.

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თურქეთის “ე.-ის” თბილისის ფილიალის წარმომადგენელ რ. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.