Facebook Twitter

¹3კ/588-01 21 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი: სამემკვიდრეო ვადის აღდგენა და მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/14 ნაწილი ირიცხება პ. მ-ოვის სახელზე. პ. მ-ოვს (მ-შვილს) საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 58-10-ე მუხლის (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) საფუძველზე მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი გარდაიცვალა პატიმრობაში 1942 წლის 16 ივნისს, ხოლო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 1 დეკემბრის განჩინებით პ. მ-შვილის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირებულ იქნა. პ. მ-შვილის შვილიშვილმა თ. მ-შვილმა 2000 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სანოტარო კანტორის მიმართ და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ასევე, 1336-ე მუხლის საფუძველზე ბინის მესაკუთრედ ცნობა, რადგან მოსარჩელის მამა ი. მ-შვილი გარდაიცვალა 1979 წელს. მან, როგორც რეპრესირებულის შვილმა, ვერ შეძლო ბინის გადაფორმება. ამ ბინაში უკანონოდ ცხოვრობენ მოქალაქეები.

ქ. თბილისში, ..... მდებარე სამემკვიდრო საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა ვ. გ-ძემ, ლ. ლ-შვილმა, ნ. ხ-შვილმა მოითხოვეს თ. მ-შვილის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირად ჩართვა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინაში ცხოვრობენ 1926-1946 წლებიდან, ბინა მათი საკუთრებაა და მისი ნაწილი საბინაო ტრესტის ბალანსზეა აღრიცხული. სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე შეძენითი ხანდაზმულობით სადავო ბინის მესაკუთრეებად უნდა იქნენ ცნობილი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის სარჩელი სამემკვიდრეო ვადის აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მესამე პირების: ნ. ხ-შვილის, ვ. ი-შვილის და ლ. ლ-შვილის სარჩელი მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ქ. თბილისში, ..... მდებარე სახლის 4/14 წილი, რიცხული პ. მ-ოვზე, გადაეცა ხაზინას.

თ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ..... მდებარე სახლის 4/14 ნაწილი, რიცხული პ. მ-ოვზე, გადაეცა ხაზინას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: პ. მ-შვილს ჰყავდა ორი შვილი: ი. და ვ., ოთხი შვილიშვილი: თ., მ., პ. და თ. პ. მ-შვილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა გაიხსნა 1942 წელს. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1923 წლის) თანახმად სამკვიდროს მიღების ვადად განისაზღვრებოდა ექვსი თვე. პ. მ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს მამის მემკვიდრეობა არ მიუღიათ. ი. და ვ. მ-შვილების ქმედებით დასტურდება, რომ მათ უარი თქვეს სამკვიდროზე. ი. მ-შვილი გარდაიცვალა 1979 წლის 27 თებერვალს. ვ. მ-შვილი გარდაიცვალა 1996 წლის 21 ოქტომბერს. მათი შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, რადგან მშობლებმა არ მიიღეს სამკვიდრო. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ პ. მ-შვილის მემკვიედრეები სამკვიდროს ფაქტობრივად არ დაუფლებიან. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მამამისმა ი. მ-შვილმა ვერ მიიღო მემკვიდრეობა იმ მიზეზით, რომ მისი ბაბუა პ. მ-შვილი იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, ამჟამად კი პ. მ-შვილი რეაბილიტირებულია.

პალატამ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა პ. მ-შვილის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ..... მდებარე სახლის 4/14 წილის ხაზინისათვის გადაცემის თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების შესახებ. რადგანმხარეებს არ მოუთხოვიათ არც სარჩელით და არც შეგებებული სარჩელით სადავო ქონების ხაზინისათვის გადაცემა.

თ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ. მ-შვილისათვის გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვალა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და მისი უფლების ცნობა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 4/14 ნაწილზე.

თ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივებია შემდეგი: სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ პ. მ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეები სამკვიდროს ფაქტობრივად არ დაუფლებიან. პ. მ-შვილის სახელზე რიცხულ ბინაში მისი პატიმრობის დროს და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მისი მეუღლე ვ. ს-ოვა, შვილები: ი. და ვ., რომლებსაც იმჟამად სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ. საქმეში ჩართული მესამე პირები მდგმურების სტატუსით ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, ისინი თავდაპირველად ბინის ქირას უხდიდნენ კასატორის ბებიას, შემდეგ ბიძას ვ. მ-შვილს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართებრივი საფუძვლები, თვლის, რომ კასაცია უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ პ. მ-შვილის სახელზე ირიცხება ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/14 ნაწილი, პ. მ-შვილი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს და მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1942 წელს იგი პატიმრობაში გარდაიცვალა. 1956 წელს პ. მ-შვილი რეაბილიტირებულ იქნა. პ. მ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მის მემკვიდრეებს არ გადაუფორმებიათ. მისმა შვილიშვილმა თ. მ-შვილმა 2000 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში სანოტარო კანტორის მიმართ და მოითხოვა პაპის, პ. მ-შვილის, სახელზე რიცხულ ბინაზე სამკვიდრო მიღების ვადის აღდგენა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აწ გარდაცვლილ პ. მ-შვილის სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა ვ. გ-ძემ, ლ. ლ-შვილმა, ნ. ხ-შვილმა მოითხოვეს თ. მ-შვილის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირად ჩართვა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინაში ცხოვრობენ 1926-1946 წლებიდან, ბინა მათი საკუთრებაა და მისი ნაწილი საბინაო ტრესტის ბალანსზეა აღრიცხული. სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე შეძენითი ხანდაზმულობით სადავო ბინის მესაკუთრეებად უნდა იქნენ ცნობილი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. მათ სააპელაციო წესით არ გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია.

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის საჩივარი და მას უარი ისე უთხრა სადავო ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე, რომ მოცემული საქმის განხილვაში მოპასუხე ნოტარიუსი არ მიუწვევია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-72-ე მუხლების თანახმად მოწინააღმდეგე მხარედ მხოლოდ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით იქნენ პროცესზე მოწვეული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ. მ-შვილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა გაიხსნა 1942 წელს, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ. მ-შვილის მემკვიდრეები: ი. (თ. მ-შვილის მამა) და ვ. მ-შვილები ფაქტობრივად სამკვიდროს არასოდეს არ ფლობდნენ. საკასაციო პალატა იზიარებს თ. მ-შვილის წარმომადგენელს მ. მ-შვილის, საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, პ. მ-შვილის გარდაცვალების დროისათვის, 1942 წელს, სადავო ბინაში ცხოვრობდა თუ არა მისი მეუღლე ვ. ს-ოვა, შვილები: ვ. და ი. მ-შვილები.

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ხ-შვილი თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ მამამისმა ე. ხ-შვილმა სადავო ბინის ნაწილი – 58 კვ.მ. ფართის სამი ოთახი 1946 წელს იყიდა მ-ოვისაგან, სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, 1946 წელს ე. ხ-შვილმა ვისგან იყიდა სადავო ბინა, თუ 1942 წელს, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის პ. მ-შვილის მემკვიდრეები ქონებას ფაქტოჰბრივად არ დაუფლებიან.

გარდა ამისა საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მემკვიდრეთა შორის დავის არარსებობის პირობებში არსებულ სამემკვიდრეო ქონებაზე მემკვიდრის მიერ გაცხადებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი თუ შეიძლება იყოს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება.

საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა მთელი რიგი მტკიცებულებების გამოკვლევა, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებული არის კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მიწვევა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს უფლება არ აქვს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. ამიტომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-შვილის წარმომადგენელი მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც თ. მ-შვილს უარი ეთქვამემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელებაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.