Facebook Twitter

საქმე N 010100124010402895

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №897აპ-25 ქ. თბილისი

ა. ს., 897აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ა-ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2024 წლის ივნისში ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ს. ა-მა იძალადა თავისი ოჯახის წევრზე − მეუღლე ა. მ-ზე. კერძოდ, ხელი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2024 წლის 16 სექტემბერს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს − ა. მ-ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით ს. ა., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ს. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და დამატებითი ვალდებულება (ს. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, კვირაში ორჯერ დაეკისრა, ბათუმის რაიონულ პროკურატურაში გამოცხადება, პროკურორისათვის ანგარიშგების მიზნით. მასვე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა).

გირაოს შემტანს, ა. წ-ს კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

გამართლებულ ს. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ა-ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ა-ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულ ა. მ-ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. გამართლებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ს. ა.ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. ა-ს მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს.

10. წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ს. ა.ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, კერძოდ:

11. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – ა. მ-მ (გამართლებულის ყოფილი მეუღლე) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის – ს. ა.ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

12. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება წარდგენილი ბრალდება, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაზარალებულ – ა. მ-ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, შეაფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რამდენად საკმარისია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სახელდობრ:

15. დეტექტივ რ. ბ-ს გამოკითხვის ოქმი ირიბი მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი უშუალოდ არ შესწრებია რომელიმე შემთხვევას. მოწმე ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ამდენად, მისი ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

16. დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში დაზარალებული უთითებს ძალზე ზოგადი სახის ინფორმაციას ყოველგვარი დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ მეუღლეებს შორის ოჯახური კონფლიქტია.

17. რაც შეეხება ს. ა-ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, მართალია, მასში მითითებულია როგორც 2024 წლის ივნისის ფიზიკური ძალადობის, ისე – 2024 წლის 16 სექტემბერს დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის შესახებ, მაგრამ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

18. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო, მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს ს. ა-ს ბრალეულობას, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე