3კ/591 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ან თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. პ-იასა და ნ. ვ-უას შორის 1995 წლის 16 იანვარს დაიდო ქ. თბილისში, ..... ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
თ. პ-იას წარმომადგენელმა ნ. პ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დადებისას თ. პ-ია იყო გონებადაქვეითებული, ამით ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარემ ნ. ვ-უამ, მოტყუებით დაადებინა გარიგება და ბინა გააყიდინა რეალურ ფასთან შედარებით ძალიან იაფად. ბინის საფასურიდან, 6000 დოლარიდან, ნ. ვ-უამ პირადად მას გადაუხადა მხოლოდ 4000 დოლარი, 2000 დოლარი კი მისცა მის თანმხლებ პირს, რომელმაც გაიტაცა მთელი თანხა და თ-სთვის მიცემული თანხაც.
სარჩელი არაერთხელ განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ბოლოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სტაციონალური სასამართლო-ფსიქატრიული ექსპერტიზის ¹71-ე აქტზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. პ-იას ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს შეეძლო სწორად შეეგნო თავისი ქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. სასამართლოს მოსაზრებით, გარიგების ბათილობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის ფაქტი, რომ თ. პ-იას არ მიუღია ბინის საფასურის გარკვეული ნაწილი, რადგან ნ. ვ-უამ მთლიანად დაფარა ის თანხა, რაც თ. პ-იამ დაუსახელა და თუ არა პ-იას თანხმობა, იგი თანხის ნაწილს ვინმე გ-ძეს არ გადასცემდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაცი პალატის 2001 წლის 22 მარტის განჩინებით რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. პ-იას წარმომადგენელმა ნ. პ-იამ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გაიზიარა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ერთ-ერთი დასკვნა, რომლის მიხევდითაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას თ. პ-იას არ ჰქონდა ფსიქიკური მოშლილობა და არ გაითვალისწინა მეორე დასკვნა, რომლის მიხედვითაც მას არ შეეძლო შეეგნო თავისი ქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ნასყიდობის ხელშეკრულება თავისთავად წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო გარიგებას მყიდველს ნ. ვ-უას მამასა და ძირითად მოქმედ ს. გ-ძეს შორის, რომელმაც ბინის საფასური მიითვისა. მოგვიანებით ისინი დააკავეს და გაასამართლეს, მაგრამ თ. პ-იას ზიანი არავინ აუნაზღაურა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და გამოვიდეს ახლი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა გაიყიდა 6000 დოლარად. 4000 დოლარი ნ. ვ-უამ გადასცა პირადად მას, ხოლო 2000 დოლარი ს. გ-ძეს, რომელმაც მიითვისა მთლიანი თანხა. თ. პ-იას წარმომადგენელმა ნ. პ-იამ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა, რომ მას არ აქვს პრეტენზია 4000 დოლარის ანაზღაურებაზე, რომელიც ნ. ვ-უამ პირადად მას გადასცა, არამედ ითხოვს ს. გ-ძისათვის გადახდილი 2000 დოლარის ანაზღაურებას, სანაცვლოდ, დოლარის მყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 15000 დოლარის ანაზღაურებას ან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
დავის წარმოშობის მომენტისათვის მომქმედი 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადაიხდის დათქმულ ფასს, გამყიდველს უფლება აქვს ან მოითხოვოს დათქმული ფასის გადახდა, აგრეთვე, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ან თავის მხრივ უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს მისი მოშლა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში თ. პ-იას მოთხოვნა, მისთვის გადაუხდელი თანხის ანაზღაურებაზე, საფუძვლიანია, რადგან ის ფაქტი, რომ მყიდველი შევიდა შეცდომაში და ბინის საფასურის ნაწილი 2000 დოლარი გამყივდელის ნაცვლად გადასცა ს. გ-ძეს, მას არ ათავისუფლებს სახელშეკრულებო მოვალეობისაგან – ბინის საფასური მთლიანად გადაუხადოს ბინის გამყიდველს. პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ვ-უას უნდა დაეკისროს დარჩენილი 2000 დოლარის ანაზღაურება და არა 15000 დოლარისა, რადგან ნ. პ-ია ვერ მიუთითებს დანარჩენი 13000 დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველზე.
პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის ალტერნატიული მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის თ. პ-ია იყო ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში, რადგან სასამართლომ შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ თ. პ-იას ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეეძლო შეეგნო თავისი ქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. პალატა თვლის, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ხელშეკრულების მოშლისა, რადგან ნ. ვ-უამ მთლიანად გადაიხადა საფასური, მიუხედავად იმისა, რომ მან ფაქტობრივი შეცდომის გამო ბინის საფასური გადაუხადა არა გამყიდველს, არამედ სხვა პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. პ-იას წარმომადგენლის, ნ. პ-იას, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის განჩინება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. პ-იას წარმომადგენლის, ნ. პ-იას, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ნ. ვ-უას დაეკისროს 2000 აშშ დოლარის გადახდა ნ. პ-იას სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.