¹3კ/592-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ეზოს გაყოფა, ნაგებობის მონგრევა და გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-იანმა და ს. გ-იანმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების გ. ს-იანის, სი. გ-იანისა და ს. ს-ოვის მიმართ, ეზოს გაყოფის, ნაგებობის მონგრევისა და გამოსახლების შესახებ.
თავის მხრივ, მოპასუხე გ. ს-იანმა შეგებებული სარჩელი აღძრა ვ. ს-იანის მიმართ, საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმელის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. უკანასკნელად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-იანის და სი. გ-იანის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ¹...... 26.06.98 ექსპერტის დასკვნის ¹1 დანართის მიხედვით და მხარეთა წილების გათვალისწინებით.
2. მოშლილ იქნა მოპასუხე ს. ს-ოვის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელიც ნაჩვენებია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ¹1 დანართის მწვანე ზოლში.
3. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხე ს. ს-იანის გამოსახლებასა და ქირის გადახდევინებაზე.
4. მოპასუხე გ. ს-იანსა და ს. ს-ოვს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მიიჩნიეს რა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ, გ. ს-იანმა და მისმა წარმომადგენელმა სი. გ-იანმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ს-იანის სარჩელი ეზოს გაყოფის თაობაზე და იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული მათი შეგებებული სარჩელი ვ. ს-იანის მიმართ, საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმელის გაუქმების შესახებ.
აპელანტებმა მათი სააპელაციო საჩივარი დააფუძნეს შემდეგ გარემოებებზე:
მათი განმარტებით, თბილისში ..... მდებარე მიწის ნაკვეთი ეკუთვნით საზიარო უფლებით როგორც ვ. ს-იანს. და სი. გ-იანს, ასევე ამ უკანასკნელთ. ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით და საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობია 1034 კვ.მ., საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით კი ეზოს რეალური ფართია 1258 კვ.მ., ე.ი. ზედმეტია 174 კვ.მ. სახლის მიმდებარე ეზოს მიწის ნაკვეთი განლაგებული იყო კლდეზე და როცა წვიმა მოდიოდა რეცხავდა ეზოს, ამიტომ მათ ააშენეს ბეტონის კედელი, ჩაყარეს მოტანილი მიწა, რაზედაც დახარჯეს სათანადო სახსრები. მათი აზრით, აღნიშნულ გარემოებებს მოსამართლემ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება.
მათივე მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ექსპერტიზის დასკვნას და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ეზოს გაყოფით ილახებოდა მათი უფლებები. მათ, ასევე, უკანონოდ მიაჩნიათ, ს. ს-ოვის მიერ აშენებული ნაგებობის, დამხმარე სათავსების მოშლა და დანგრევა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაგებობა აშენებულია იმ მიწაზე, რომელიც არ შედის სადავო მიწის ნაკვეთში და ამ უკანასკნელთა სახსრებით არის მომატებული.
აპელანტ გ. ს-იანსა და მის წარმომადგენელ ს. გ-იანს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შეგებებული სარჩელი ვ. ს-იანის მიმართ საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმლის გაუქმების შესახებ.
აპელანტებმა მოითხოვეს, რომ არ დაკმაყოფილდეს ს. გ-იანის და ვ. ს-იანის სარჩელი ეზოს გაყოფის თაობაზე. Mმათ, ასევე მოითხოვეს, რომ დაკმაყოფილდეს მათი შეგებებული სარჩელი ვ. ს-იანის მიმართ, საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმლის გაუქმების თაობაზე.
თავის მხრივ, ს. ს-ოვმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ს-იანისა და ს. გ-იანის სარჩელი საერთო ეზოს გაყოფის თაობაზე, ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მოშლილ იქნა დამხმარე სათავსის სახით მის მიერ აშენებული ნაგებობა. აპელანტმა მოითხოვა, რომ დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა საზიარო საკუთრების ეზოს გაყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაერთოს ნება გააგრძელოს ეზოში დამხმარე ფართობის _ აბაზანისა და სამზარეულოს მშენებლობა, ასევე, გაუქმებულ იქნეს სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოშლილ იქნა მის მიერ აშენებული დამხმარე ნაგებობა.
მოწინააღმდეგე მხარემ ს. გ-იანმა და ვ. ს-იანმა არ ცნეს გ. ს-იანისა და მისი წარმომადგენლის _ სი. გ-იანის, ასევე ს. ს-ოვის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს, რომ უცვლელად იქნეს დატოვებული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
მათი განმარტებით, სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით კანონიერად მოახდინა მიწის ნაკვეთის გაყოფა, რადგან აპელანტებთან ერთად საერთო ეზოთი სარგებლობა შეუძლებელია კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულების გამო. მათივე მოსაზრებით, ეზოს წილების შესაბამისი გაყოფით არ შელახულა აპელანტთა უფლებები.
სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-იანის და სი. გ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ს. ს-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მთლიანად, შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმგვარად, რომ მოსარჩელეებს ვ. ს-იანს და სი. გ-იანს უარი ეთქვათ სარჩელზე, თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთის გაყოფაზე. გ. ს-იანს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ვ. ს-იანს დაევალა მოაწყოს გამწოვი ვენტილაცია და საპირფარეშოს გადახურვა რკინა-ბეტონის მონოლითური ბეტონით. დაკმაყოფილდა ს. ს-ოვის შეგებებული სარჩელი და მას ნება დაერთო დამხმარე სათავსის მშენებლობაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახლმფლობელობის საეზოვე მიწის ნაკვეთი საზიარო უფლებებით ეკუთვნოდა, როგორც აპელანტებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც მხარეებს გააჩნდათ საზიარო უფლებები არ შეიძლებოდა ნატურით გაყოფისას დაყოფილიყო ერთგვაროვან ნაწილებად, რადგანაც შეუძლებელი იყო სადავო ნაკვეთის გაყოფა დანიშნულების გამოყენების თვალსაზრისით ღირებულების დაკარგვის გარეშე. სასამართლო კოლეგიამ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 956-ე, 957-ე და 693-ე მუხლები.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-იანმა. მან მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო დამატებით საკასაციო საჩივარში მოითხოვა საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოში ხალახალი განხილვისათვის.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გ. ს-იანის შეგებებულ სარჩელზე, ვ. ს-იანის საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმლის გაუქმების შესახებ უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ქონების ნატურით გაყოფის ორ პირობას ადგენს: 1. ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად. 2. ნივთი უნდა გაიყოს ღირებულების შემცირების გარეშე.
ეზოს ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას არ არის აუცილებელი, რომ ეზო იყოფოდეს სახლის მესაკუთრეებზე ზუსტად მათი კუთვნილი იდეალური წილების შესაბამისად. მიწის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს Mმიწის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, მიწის მდებარეობა და მისი განლაგება მისასვლელ გზასთან მიმართებაში. არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ შეიძლება მიწის გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, თუ შესაძლებელია თანაბრად იქნეს გათვალისწინებული მხარეთა საყოფაცხოვრებო ინტერესები. შესაძლებელია მიწის შედარებით დიდი ფართი მიეცეს ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარისათვის გადაცემული მიწის ფართი თავისი დანიშნულებით და მდებარეობით იმგვარი ღირებულების იყოს, რომ მას გაუთანაბრდეს.
რაც შეეხება ღირებულების შემცირებას, პალატის აზრით, ნივთის ღირებულებაში უგილისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება. სახლის ეზო უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილმა ეზოებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ.
სააპელაციო სასამართლომ მისი გადაწყვეტილებით არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა, თუ რამდენად შესაძლებელია მიწის გაყოფა თითოეულ მესაკუთრეთა შორის თავიანთი იდეალური წილების შესაბამისად, რაც არასწორად უნდა ჩაითვალოს. Mმართალია, სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან, მაგრამ მიწის ნაკვეთის ერთგვაროვან ნაწილებად Dდაყოფისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიეცეს არა ფართის ზუსტად თანაბარი ფართობის ნაწილებად დაყოფას, არამედ მის დაყოფას სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიხედვით ერთგვაროვან ნაწილებად. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ს-ოვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში. სასამართლო არ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლის შესაბამისადაც მან ჩათვალა, რომ მშენებლობაზე მოსარჩელეთა მიერ განცხადებული იყო თანხმობა.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სააპელაციოPპალატამ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.