საქმე N 330100123006732270
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №889აპ-25 ქ. თბილისი
კ. დ., 889აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ-მ ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2018 წლის 19 მარტს, ... მდებარე ავტოსალიზინგო კომპანია შპს „...“ წარმომადგენელსა და დ. კ-ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N ...., რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხად მიიღო 11 274,12 (თერთმეტი ათას ორას სამოცდათოთხმეტი ლარი და თორმეტი თეთრი). ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს „...“ სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 7 000 ლარად ღირებული „BMW 528” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც დ. კ-ს გადაეცა სარგებლობის უფლებით, ლიზინგის საგნის გასხვისების, დაგირავების ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით. ხელშეკრულების პირობით, დ. კ-ს შპს „...“ სასარგებლოდ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 313,17 (სამას ცამეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარი. მსესხებელმა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა, შპს „... “ უფლებამონაცვლე შპს „...“ კუთვნილი ავტომობილი კი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგა. ზემოაღნიშნული ქმედებით, შპს „...“ უფლებამონაცვლეს − შპს ...“ მიადგა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენით დ. კ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 2 000 (ორი ათასი) ლარი;
დ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.
გაუქმდა დ. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული − გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას დ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე, ი. კ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: ...) ეკვივალენტურ ნაწილს. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან იგი ლმობიერი და არაპროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ დ. კ.ს შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს, როგორც დ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (დ. კ.მ დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი); ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მსჯავრდებულის სურვილი, რომ ჩაედინა დანაშაული), აგრეთვე − მსჯავრდებულის პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დ. კ. წარსულში არ არის ნასამართლევი, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში აანაზღაურა ზიანის ნაწილი და ზიანის სრულად ანაზღაურების მზაობა გამოთქვა, მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და აღნიშნულზე დაყრდნობით, დ. კ.ს განესაზღვრა მისთვის მსჯავრად შერაცხილი მუხლის სანქციით დადგენილი სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაწესებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე