Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3ა/595-01 4 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კომპანია “აი-ტი-ეს” – (“ინტერტეკ ტესტინგ სერვისის” საგარეო ვაჭრობის სტანდარტების) საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 7 მარტის განჩინებაზე, საქმეზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპანია შპს “მედინსერვის” სარჩელის გამო მოპასუხე კომპანია “აი-ტი-ეს” მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გამოარკვია:

შპს “მედინსერვისმა” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ესპანეთის ქარხანა “ბიუფ მედიტალის” დავალებითა და სახელით, მას და ამერიკულ კომპანია “ბაქსტერ ექსპორტ კორპორეიშენს” შორის 1999 წლის 7 ივნისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ესპანეთში არსებული ქარხნიდან საქართველოში უნდა შემოტანილიყო მედიკამენტები, რომელთა რეალიზაციის შედეგად შპს “მედინსერვი” მიიღებდა მოგებას.

1999 წლის 11 დეკემბერს საქონელი თბილისში ჩამოტანილ იქნა წინასაიმპორტო ინსპექტორების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, რის გამოც კონტროლის რეჟიმით ტვირთი გაფორმდა საბაჟო საწყობში “ლილო-1”.

მოპასუხე კომპანია “აი-ტი-ესმა”, რომელიც უფლებამოსილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოში იმპორირებულ ტვირთებზე ინსპექტორების პროცედურებს მწარმოებელ ძირითად და არსებული მდგომარეობით ერთადერთ სააგენტოდ, საქართველოში ტვირთის შემოსავლიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოახდინა სწორი განბაჟება. ტვირთის ადყოვნებამ გამოიწვია შპს “მედინსერვის” და კომპანია “ბაქსტერ ექსპორტ კორპორეიშენ” შორის შეთანხმებული გრაფიკის დარღვევა, რითაც შპს “მედინსერვის” მიადგა 21400 აშშ დოლარის ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამომავლოდ გადასახდელი საბრუნავი სახსრების შევსება 70500 აშშ დოლარით და მომავალში ასაღები კრედიტის 24%–იანი წლიური განაკვეთის დასაფარავად მოპასუხისათვის 16920 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “მედინსერვისის” სარჩელი და კომპანია “ინტერტეკ ტესტინგ სერვის ინტერნეიშენელს” შპს “მედინსერვის” სასარგებლოდ დაეკისრა 21400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. შპს “მედინსერვის” უარი ეთქვა მოპასუხისათვის 16920 აშშ დოლარის დაკისრებაზე.

კომპანია “აი-ტი-ესმა” დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 7 მარტის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანია “აი-ტი-ესის” წარმომადგენელმა ა. კ-შვილმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში დაბრუნებას.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 7 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფომ, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის სახით (შემდგომში “სახელმწიფო”) და შპს “ინტერტექ ტესტინგ სერვის ინტერნეიშენელმა” (შემდგომში “კომპანია”) ურთიერთო შორის დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია “აი-ტი-ესი” სახელმწიფოსათვის და მის სასარგებლოდ განახორციელდებოდა საქართველოს საბაჟო მომსახურების სფეროში განსაზღვრულ მომსახურებას.

საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია “აი-ტი-ესი” დანიშნულია კონტროლის იმ ძირითად სააგენტოდ, რომელიც აწარმოებს ინსპექტორების პროცედურას საქართველოს საბაჟო მომსახურების სფეროში და ამრიგად, იგი საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტთან ერთად მოცემულ ურთიერთობებში წარმოსდგება როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციულ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ დავებს საოლქო სასამართლოებში იხილავენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატები.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტარციული ხაისათი და საჯარო ინტერესები განაპირობებს მხარის ნების პრიმატისა და დისპოზიციურობის პრინციპის შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცპებულების წარმოდგენის შესახებ.

როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას განასხვავებს სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერების და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის პალატის 2001 წლის 7 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.