¹ 3კ/596-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: სს “ს.-ბის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 3 აგვისტოს ¹2 სხდომის ოქმისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ფ-ძემ 2000 წლის 16 ივლისს მოიწვია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 2000 წლის 26 ივლისისათვის, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი უნდა ყოფილიყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თ. ჯ-ძის საქმიანობის მიზანშეწონილობის განხილვა. თ. ფ-ძემ 2000 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს და ითხოვა სხდომის გადატანა ერთი კვირით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2000 წლის 26 ივლისს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხილულ იქნა თ. ჯ-ძის განცხადება, რომელიც დაკმაყოფილდა და სხდომა მოწვეულ იქნა 2000 წლის 3 აგვისტოსათვის. იმავე დღეს სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ფ-ძემ თ. ჯ-ძეს გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა სხდომის დღე.
2000 წლის 3 აგვისტოს ჩატარდა სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც წესდებით გათვალისწინებული 6 წევრისაგან ესწრებოდა 5. დღის წესრიგს ეყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. თ. ჯ-ძემ და სამეთვალყურეო საბჭოს ერთმა წევრმა დატოვეს სხდომა და ჩაატარეს ცალკე სხდომა, რომლითაც დაადგინეს ახალი სხდომის მოწვევის დრო.
2000 წლის 3 აგვისტოს სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიერ მიღებული დადგენილებით თ. ჯ-ძე გათავისუფლებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან და არჩეულ იქნა ახალი თავმჯდომარე. აღნიშნულზე შედგა ოქმი ¹2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით ცვლილება შევიდა საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში.
სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ 2000 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან 2000 წლის მაისის თვეში გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სს “ს.-ის” დირექტორის ჯ. მ-ძის მიმართ ხელფასის დავალიანების ანაზღაურების შესახებ. მისი ასეთი ქმედება მოპასუხე მხარემ მიიჩნია არასწორად და 2000 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელე უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის ¹ 2 სხდომის ოქმის და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დადგენილების გაუქმება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ჯ-ძის სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 3 აგვისტოს სხდომა ჩატარდა კანონის ნორმათა სრული დაცვით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-ძემ. აპელანტმა მიუთითა, რომ სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის დღეს 2000 წლის 16 ივლისს თავმჯდომარე თ. ჯ-ძე ასრულებდა თავის მოვალეობას. აპელანტის მტკიცებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო სამუშაო ადგილზე. ამ შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილი არ იყო მოეწვია საბჭოს სხდომა, რითაც დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.5 მუხლის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ჯ-ძის სარჩელს სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 3 აგვისტოს ¹2 სხდომის ოქმის ძალადაკარგულად ცნობისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დადგნილების გაუქმების თაობაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 3 აგვისტოს სხდომის მოწვევისას დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.5 მუხლი. პალატის განმარტებით, 2000 წლის 26 ივლისს სხდომის მოწვევისას თ. ჯ-ძე იმყოფებოდა ბიულეტენზე და მოადგილე უფლებამოსილი იყო მოეწვია სხდომა; ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევისას დაცულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.6 მუხლის მოთხოვნები, მოწვევა გაკეთებულია სულ ცოტა 8 დღით ადრე.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.7 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სხდომას ესწრებოდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საკმაო რაოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება თავმჯდომარის გადაყენების შესახებ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და თ. ჯ-ძის სარჩელი მისი გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა.
თ. ჯ-ძემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. Kკასატორის განმარტებით, იგი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაოაბზე, რომ 2000 წლის 3 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნების დაცვით. Mმისი აზრით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 3 აგვისტოს სხდომა მოწვეულ იქნა 16 ივლისს განსაზღვრული დღის წესრიგით მოადგილის მიერ, რომელიც არ იყო უფლებამოსილი. 16 ივლისს თ. ჯ-ძე ასრულებდა თავის მოვალეობას, იგი ბიულეტენზე გავიდა 25 ივლისიდან და საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ 16 ივლისს თ. ჯ-ძე არ იყო სამუშაო ადგილზე. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ უარი განაცხადა ჩაეტარებინმა 3 აგვისტოს სხდომა 16 ივლისს განსაზღვრული დღის წესრიგით, მარამ ვერ შეძლო კენჭი ეყარა დღის წესრიგისათვის, რადგან საბჭოს სამმა წევრმა დატოვა სხდომა.
კასატორის აზრით, სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი 1999 წლის 2 აგვისტოდან იმყოფებოდა უხელფასო შეებულებაში და ამ პერიოდში მოხდა მისი განთავისუფლება, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34.2 მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი სს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 3 აგვისტოს ¹2 სხდომის ოქმი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დადგენილება,
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ჯ-ძის საკასაციო საჩიავრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გრემოებათა გამო:
საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.5 მუხლის თანახმად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მისი არყოფნისას _ მოადგილე) იწვევ სხდომებს.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2000 წლის 26 ივლისს, როდესაც საბოლოოდ გადაწყდა 3 აგვისტოს სხდომის მოწვევის საკითხი და დაზუსტდა სხდომის დღე, თ. ჯ-ძე იმყოფებოდა ბიულეტენზე. ამდენად, მის მოადგილეს უფლება ჰქონდა მოეწვია სამეთვალყურეო საბჭოს კრება. კრების მოწვევის შესახებ გაფრთხილებული იყო თვით თ. ჯ-ძე და ისიც დაეთანხმა კრების მოწვევას. Aაღნიშნულის გამო, პალატის აზრით, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არა აქვს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილი იყო თუ არა 16 ივლისს მოეწვია კრება. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევისას დაცულია “მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 55.6 მუხლის მოთხოვნები, მოწვევა გაკეთებულია სულ ცოტა 8 დღით ადრე.
აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამეთვალყურეო საბჭოს კრება მოწვეულ იქნა და მისი გადაწყვეტილება თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მიღებულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი წარმოადგენს სპეციალურ და უფრო ახალ კანონს, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება ის ნორმები და შეზღუდვები, რომელიც მუშაკის გათავისუფლებისას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით არის გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.