საქმე N 010100124010162739
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№903აპ-25 ქ. თბილისი
ტ. გ., 903აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ტ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის (ორი ეპიზოდი); ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით, მუქარისათვის ნასამართლევი გ. ტ., 2024 წლის 2 აგვისტოს, ... მდებარე კაფე-ბარში, ა. მ-ს არაერთგზის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით, მუქარისათვის ნასამართლევი გ. ტ., 2024 წლის 2 აგვისტოს, ... მდებარე კაფე-ბარში, ი. რ-ს არაერთგზის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, თაღლითობისათვის ნასამართლევმა გ. ტ-მ, 2024 წლის 2 აგვისტოს, ... მდებარე კაფე-ბარ „...“ შეუკვეთა ორი კათხა ლუდი, რომლის საფასური არ გადაიხადა.
2. გ. ტ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენით გ. ტ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ არტემ მაროჩკინის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. რ-ს ეპიზოდი) და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა როყვამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. ტ.ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა როყვამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ – უკანონოა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების – დანაშაულების შესახებ შეტყობინებების, დაზარალებულების: ი. რ-სა და ა. მ-ს, მოწმეების: გ. ა-ს, გ. ჭ-ს, რ. კ-ს, ა. ს-ს ჩვენებების, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის – უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით დასტურდება დაზარალებულ ა. მ-ს მიმართ მუქარისა და ქონებრივი დაზიანების ბრალდებები.
7. მსჯავრდებული გ. ტ. წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი და, იმავდროულად – შეუმსუბუქდეს სასჯელი.
8. დაცვის მხარეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა გ. ტ-ს მიერ დაზარალებულ ი. რ-ს მიმართ მუქარის ბრალდება, რომლის ჩადენისთვისაც მას კანონიერად და სამართლიანად დაედო მსჯავრი, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულ ა. მ-ს მიმართ მუქარისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტები, რასაც ბრალდების შესახებ დადგენლების მიხედვით, ედავებოდა მას ბრალდების მხარე. კერძოდ: დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენების საპირწონედ – რომ მას შემდეგ, რაც გ. ტ-ს მოსთხოვა გადაეხადა მირთმეული ლუდის საფასური, მსჯავრდებული დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით და ისე წავიდა, რომ თანხა არ გადაუხდია – გ. ტ-მ და შემთხვევის დროს, მისმა თანმხლებმა პირმა – დ. მ-მ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ორი კათხა ლუდის საფასური – 10 ლარი – გადაიხადა დ. მ-მ, გ. ტ. კი არავის დამუქრებია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენების კვალდაკვალ, დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე, იმყოფებოდა, დაახლოებით, 10-12 ადამიანი, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს, თუმცა არცერთი ეს სავარაუდო თვითმხილველი მოწმე სასამართლოში დაკითხული არ ყოფილა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ასახულია შემთხვევის დროს, მსჯავრდებულისა და მისი თანმხლები პირის ქმედებები, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ გ. ტ. ამ დროს მისთვის ბრალადშერაცხილ დანაშაულებს სჩადის. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo - პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ტ.ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. რ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – კანონიერი და სამართლიანია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლების გაუქმების ან შეცვლის რაიმე საფუძელი, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე