Facebook Twitter

საქმე N 330100124010466151

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №860აპ-25 ქ. თბილისი

შ. გ., 860აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ-მ ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის 22 სექტემბერს, თ. ხ-ს მოთხოვნის საფუძველზე, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – გ. შ-ს მიმართ გამოიცა N... შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ორდერის საფუძველზე, გ. შ-ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – თ. ხ-თან, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, აგრეთვე, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მესამე პირების მეშვეობით, ასევე, საერთო თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ გ. შ. გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კაცის დომინანტური პოზიციისა და ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გ. შ-მ მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2024 წლის 16 ოქტომბერს, რამდენჯერმე დაურეკა და მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა თ. ხ-ს, ასევე, 2024 წლის 16 ოქტომბერს, საღამოს საათებში მიაკითხა ..., რითაც გ. შ.მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განაჩენით გ. შ., – დაბადებული .. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. შ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ.ს, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 16 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ლ-მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და შეეფარდა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ.ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 16 ოქტომბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ლ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გ. შ.ს ფოსტით არ გაგზავნია შემაკავებელი ორდერი და არც პირადად ჩაუბარებია პოლიციისგან. შესაბამისად, მსჯავრდებულმა არ იცოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. პოლიციის თანამშრომლის მიერ ტელეფონის საშუალებით ზეპირი გასაუბრება კი, ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით შემაკავებელი ორდერის ოფიციალურ გაცნობად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას − გ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაჰბარებია შემაკავებელი ორდერი, ხოლო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტელეფონით ზეპირი გასაუბრება ვერ ჩაითვლება შემაკავებელი ორდერის ოფიციალურ გაცნობად, ვინაიდან იგი არ ყოფილა გაფრთხილებული შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. 2024 წლის 22 სექტემბერს გ. შ-ს მიმართ გამოიცა №... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც, მას 30 (ოცდაათი) დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე, მსხვერპლთან კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.

10. მითითებული ორდერის შემდგენი შსს ... გამომძიებელ თ. ჟ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2024 წლის 22 სექტემბერს მოქალაქე თ. ხ-ს განცხადებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის − გ. შ-ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. იმავე დღეს, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან − ..., დაუკავშირდა გ. შ-ს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე და აცნობა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ. მანვე სატელეფონო საუბრისას, დეტალურად განუმარტა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ, ის, რომ ეკრძალებოდა თ. ხ-ს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მისვლა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. ასევე აცნობა, რომ ჰქონდა გასაჩივრების უფლება შემაკავებელი ორდერის ასლის ჩაბარებიდან 72 საათის ვადაში, რისთვისაც პირადად უნდა ჩაებარებინა შემაკავებელი ორდერი და დაედასტურებინა ხელმოწერით, თუმცა გასაჩივრება არ აჩერებდა შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. გ. შ-მ განუმარტა, რომ იმ დღეს ვერ მივიდოდა პოლიციის სამმართველოში და ორდერს ჩაიბარებდა უახლოეს დღეებში. აღნიშნულის შემდეგ, პატაკით მიმართა ხელმძღვანელს, რომ შემაკავებელი ორდერის პერიოდში მონიტორინგი განეხორციელებინა უფლებამოსილ თანამშრომელს, რის საფუძველზეც, მასალები გადასცა მართლწესრიგის ოფიცერ − თ. ჭ-ს.

11. მოწმე თ. ჟ-ს ჩვენება გამყარებულია და დადასტურებულია: მის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის პირობების გაცნობის შესახებ სატელეფონო გასაუბრების 2024 წლის 22 სექტემბრის ოქმით, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, 14:04 საათზე, გამომძიებელი თ. ჟ., სამსახურებრივი ტელეფონის ნომრიდან ... დაუკავშირდა ... წელს დაბადებულ გ. შ-ს ტელეფონის ნომერზე – ..., რომელსაც სატელეფონო გასაუბრებისას გააცნო მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. გ. შ.ს ასევე განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაშია მისი გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში და მისი დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ასევე, განემარტა, რომ მას აქვს ორდერის გასაჩივრების სამდღიანი ვადა, თუმცა იგი არ აჩერებს ორდერის მოქმედებას. დასმულ შეკითხვაზე, გ. შ-მ განმარტა, რომ მოუცლელობის გამო პოლიციის სამმართველოში მისვლას ვერ ახერხებდა და პოლიციაში გამოცხადდებოდა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს; ასევე − შპს „...“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და აღნიშნული ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, 2024 წლის 22 სექტემბერს, 14:04:38 საათსა და 19:31:46 საათზე გამომძიებელი ნამდვილად ესაუბრა გ. შ-ს მის კუთვნილ ნომერზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან − ..., პირველ შემთხვევაში საუბრის ხანგრძლივობამ შეადგინა 91 წამი, ხოლო მეორე შემთხვევაში − 46 წამი.

12. საქართველოს შსს ... მართლწესრიგის ოფიცრის, მოწმე თ. ჭ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2024 წლის 26 სექტემბერს, მას შემდეგ რაც მასალები გადაეცა, მონიტორინგის მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გ. შ-ს. მოწმისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ გ-ს ჩაბარებული არ ჰქონდა ორდერის ასლი. გ. შ-მ განუცხადა, რომ მას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია. მოწმის მიერ შემაკავებელი ორდერის ჩაბარების მიზნით, სამმართველოში გამოცხადების მოთხოვნაზე, ბრალდებულმა განუცხადა, რომ სამსახურიდან იმავე დღეს მისვლას ვერ ახერხებდა და მივიდოდა მეორე დღეს. მან შესთავაზა ფაქტობრივ მისამართზე შემაკავებელი ორდერის ასლის გაგზავნა, რაზეც გ. შ-მ უთხრა, რომ თავად მივიდოდა სამმართველოში, თუმცა იგი არც მეორე დღეს და არც შემდეგში არ მისულა.

13. მოწმის ჩვენების ნამდვილობა დადასტურებულია 2024 წლის 26 სექტემბერს მონიტორინგის განხორციელების მიზნით გ. შ-სთან სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ შპს „...“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და აღნიშნული ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, 2024 წლის 26 სექტემბერს გ. შ-ს, კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა მართლწესრიგის ოფიცერი თ. ჭი., მობილური ტელეფონის ნომრიდან − ...

14. დაზარალებულ თ. ხ-ს უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2024 წლის 22 სექტემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მისი ყოფილი მეუღლის − გ. შ-ს მიმართ. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 16 ოქტომბერს, გ. შ. დაჟინებით მოითხოვდა თავიანთი საერთო შვილის − ს-ს წაყვანას მასთან. ამ მიზეზით, დაიწყო დაზარალებულის მობილური ტელეფონის ნომერზე რეკვა. დაახლოებით 21:00-21:30 საათზე კარზე გაისმა კაკუნისა და გ-ს ხმა. იგი დაჟინებით მოითხოვდა კარის გაღებას და სახლში შეშვებას, ბავშვების ნახვის მოთხოვნით. დაზარალებულმა ბრალდებულს განუმარტა, რომ არ ჰქონდა იქ ყოფნის უფლება და დროულად წასვლას სთხოვდა, თუმცა გ. არ ჩერდებოდა, ეუბნებოდა, რომ თავის სახლში ყოფნის უფლება გააჩნდა და იქ იმყოფებოდა, სადაც უნდოდა, რომ ყოფილიყო. თ. ხ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მსჯავრდებულის ინფორმირებულობას, შემაკავებელი ორდერის თაობაზე, ადასტურებს დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერიც.

15. მითითებული მოწმის ჩვენება გამყარებულია აგრეთვე თ. ხ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის თანახმად, გ. შ-ს ნომრიდან თ. ხ-ს ნომერზე 2024 წლის 16 ოქტომბერს − 18:04, 18:06, 18:14, 18:21, 19:13,19:11, 19:32, 19:54, 20:08, 20:09, 20:15, 20:16, 20:17, 20:18 და 20:36 საათზე დგინდება „გამოტოვებული ზარები“, ხოლო ამავე დღეს 18:37, 18:46, 18:59, 19:10, 19:11, 19:12, 19:42, 19:59, 20:07 – „მიღებული ზარები“. გ. შ-ს ნომრიდან თ. ხ-ს ნომერზე შესულია ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებები 19:16 საათზე „შვილს არ მანახებთ?“, „ბაღში გელოდებით“. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2024 წლის 16 ოქტომბერს მის საცხოვრებელ სახლთან გ. შ-ს მისვლისა და კარზე კაკუნის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გადაღებული აქვს მობილური ტელეფონით

16. დაზარალებულ თ. ხ-ს დედის, მოწმე ლ. კ-ს უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თ. ხ-ს და გ. შ-ს თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტები. დროთა განმავლობაში მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ.ი იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, კერძოდ, გ. შ. მას უქმნიდა ისეთ მდგომარეობას, რომ თ.-ს მის პროფესიაზე უარი ეთქვა, რასაც ძალიან განიცდიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2024 წლის 7 ოქტომბერს დაუკავშირდა გ., რომელმაც მოიკითხა, თუ სად იყო თ. და როდესაც გაიგო, რომ სამსახურში იმყოფებოდა, მოიხსენია უცენზურო სიტყვებით.

17. მოწმე ლ. კ-ს მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, თავის მხრივ, დადასტურებულია შპს „...“ გამოთხოვილი ინფორმაციით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2024 წლის 22 სექტემბრიდან 2024 წლის 16 ოქტომბრამდე გ. შ-მ შეწყვიტა თ. ხ-თან სატელეფონო კომუნიკაცია და თავიანთ საერთო შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე უკავშირდებოდა დაზარალებულის დედას − ლ. კ-ს.

18. გარდა მითითებული მტკიცებულებებისა, საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე, რომლის მიხედვით, გ. შ.ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ზუსტად იდენტური დანაშაულის − შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

19. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ, მართალია, გ. შ-ს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი პირადად არ ჩაჰბარებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისთვის ნამდვილად ცნობილი იყო, როგორც ორდერის გამოცემის, ისე – დაწესებული აკრძალვების თაობაზე და იგი სრულად აცნობიერებდა, რომ დაზარალებულ თ. ხ-თან კომუნიკაციითა და მის საცხოვრებელ ადგილას გამოცხადებით, არღვევდა შემაკავებელი ორდერით დაკისრებულ ვალდებულებებს. აღნიშნული დასტურდება არა მხოლოდ მოწმეების − თ. ჟ-სა და თ. ჭ-ს ჩვენებებით, არამედ შპს „...“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომ მსჯავრდებულს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მართლაც არაერთხელ დაუკავშირდნენ, თავდაპირველად, 2024 წლის 22 სექტემბერს, ორჯერ, უშუალოდ შემაკავებელი ორდერის გამომცემი პირი − გამომძიებელი თ. ჟ, ხოლო მოგვიანებით − 2024 წლის 26 სექტემბერს მართლწესრიგის ოფიცერი, მოწმე თ. ჭ. ამასთან, 2024 წლის 22 სექტემბრიდან, 2024 წლის 16 ოქტომბრამდე შემაკავებელმა ორდერმა გამოიღო შედეგი, ვინაიდან გ. შ. ასრულებდა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, რა დროშიც, დაზარალებულ თ. ხ-თან საკონტაქტო, შუამავალ პირად იყენებდა მის დედას, მოწმე ლ. კ-ს, რაც, თავის მხრივ, დადასტურებულია მოწმეების − თ. ხ-სა და ლ. კ-ს ჩვენებებით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერებით. მითითებული მტკიცებულებების გარდა, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულ გ. შ-სათვის ნამდვილად ცნობილი იყო მის მიმართ შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნებისა და ვალდებულებები შეუსრულებლობის შემთხვევაში − სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, დამატებით დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით, რომლის მიხედვით, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გ. შ. მსჯავრდებულია ზუსტად იდენტური დანაშაულის − შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. შესაბამისად, აღნიშნული მსჯავრდებიდან გამომდინარეც, მისთვის ცხადი იყო, რომ შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე