Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/599 22 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

საკასაციო საჩივრის შემომტანი პირები - “...... კავშირის” თავმჯდომარე ბ. კ-ი, “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის”

წარმომადგენლები: ა. ტ-ი და მოპასუხეთა წარმომადგენელი მ. ჭ-შვილი.

მხარეები:

მოსარჩელე: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - ნაციონალური მოძრაობა “ს-ისა” _ თავმჯდომარე გ. შ-ძე.

მოპასუხეები: “...... კავშირი” და “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა”.

მოსარჩელის წარმომადგენელი გ. გ-ძე

მოპასუხეთა წარმომადგენლები: მ. ჭ-შვილი და ჯ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი: “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის” 1998 წლის 11 მაისის და “...... კავშირის” 1998 წლის 17 აპრილის რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 4 მაისს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების _ ნაციონალური მოძრაობა “ს-ისა” თავმჯდომარე გ. შ-ძემ “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის” და “..... კავშირის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა კერძო სამართლის იურიდიულ პირად ზემოთ მითითებული ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს 1998 წლის 17 აპრილისა და 1998 წლის 11 მაისის დადგენილებათა გაუქმება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2000 წლის 26 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა სარჩელი და გაუქმდა ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 აპრილის დადგენილება “........ კავშირის” და იმავე სასამართლოს 1998 წლის 11 ივნისის დადგენილება “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის” რეგისტრაციები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა” და “..... კავშირი” წარმოადგენდნენ რელიგიურ გაერთიანებებს და მოქმედი კანონმდებლობით რელიგიური გაერთიანებების კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია დაუშვებელი იყო. ამასთან, წარმომადგენლობას, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობდა.

2000 წლის 24 ივლისს “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ” და “...... კავშირმა” საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

1. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მოპასუხე ორგანიზაციათა სასამართლო რეგისტრაცია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი ისახავდნენ რელიგიურ მიზნებს.

აღნიშნული მოქმედებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა, სადაც მითითებულია, რომ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება და აკრძალვა შეიძლება მხოლოდ ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და მათი აკრძალვის შესახებ” კანონის პირველი, მე-3, მე-4 მუხლების და საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 45-ე მუხლების მოთხოვნები;

2. მათივე მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება წარმოადგენს მოპასუხეთა კონსტიტუციურ უფლებებში უკანონო ჩარევას იმ თვალსაზრისითაც, რომ მითითებულმა გადაწყვეტილებამ ჩაშალა “..... კავშირის” სურვილი კონგრესის ჩატარების თაობაზე, რადგანაც ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ქ. თბილისის პრემიერმა მათ უარი განუცხადა კონგრესის ჩატარების ნებართვის მიცემაზე; ამ გადაწყვეტილების გამო საბაჟო დეპარტამენტმა დააკავა “...... კავშირისთვის” განკუთვნილი ტვირთი;

3. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი. მათი მოსაზრებით, მითითებული მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული გაგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსს მთლიანობაში. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი სახელმწიფოს აძლევს საფუძველს, შექმნას რელიგიური გაერთიანება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ აღნიშნული მუხლი მიზნად არ ისახავს მოქალაქეთა კავშირების მიერ რელიგიური მიზნების დასახვის აკრძალვას;

4. კასატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 25-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითებენ, რომ ეს მუხლები არ ზღუდავენ კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას და არ მოითხოვენ, რომ მოპასუხეთა ორგანიზაციები გატარდნენ რეგისტრაციაში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

5. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რადგანაც ისინი რეგისტრაციაში გატარდნენ მანამ, სანამ მიღებული იქნებოდა საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ისინი წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;

6. მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 მაისის დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის” შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ არასწორია სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლზე დაფუძნებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თუ იურიდიული პირის საქმიანობის მიზანს არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, იგი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კავშირის და ფონდის სახით.

კასატორებს აბსურდულად მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ “წარმომადგენლობას”, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს და, ამის საპირისპიროდ, მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, მისი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, შეიძლება იყოს კერძო სამართლის სუბიექტი.

მათი მოსაზრებით, დაუშვებელია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 მაისის ¹ 372-ე დადგენილების შესაბამისად მოხდეს წარმომადგენლობის რეგისტრაცია, რადგანაც მას შემდეგ ძალაში შევიდა ახალი სამოქალაქო კანონმდებლობა, რომელიც რეგისტრაციის წესებს სხვაგვარად აწესრიგებს. მათ მიაჩნიათ, რომ ვინაიდან “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება” აერთიანებს 300-500 წევრს, იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეესაბამება კავშირს;

7. კასატორთა მოსაზრებით, თუკი სააპელაციო სასამართლო ჩათვლიდა, რომ რეგისტრაციის დროს სასამართლო გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, მაშინ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე, 348-ე მუხლების შესაბამისად, შეეტყობინებინა სარეგისტრაციო სასამართლოსათვის, რათა მას მიეღო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად;

8. მათ მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის არასწორი გამოყენებით, უარი თქვა “...... კავშირისთვის” რწმენის და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებაზე და თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა რელიგიურ უმცირესობას იმ უფლებებში, რომლებიც გააჩნია რელიგიურ უმრავლესობას;

9. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოქმედება, მოპასუხე გაერთიანებათა სასამართლო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, წარმოადგენს მათ გაერთიანებათა დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნის მიხედვით, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლების მოთხოვნებს ცალ-ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;

10. ამასთან, კასატორებმა საკასაციო საჩივარს დაურთეს ნუსხა იმ ფაქტებისა, რომლებიც, მათი მოსაზრებით, წარმოადგენს მათი ორგანიზაციის დევნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოპასუხე ორგანიზაციათა სასამართლო რეგისტრაცია გაუქმდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ისახავდნენ რელიგიურ მიზნებს და აღნიშნული მოქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3 და მე-4 მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ის კი არ დაუდგენია, რომ მოპასუხე ორგანიზაციები ისახავენ რელიგიურ მიზნებს, არამედ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ორგანიზაციები რელიგიური გაერთიანებებია. კასატორთა მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლოს არ გაუუქმებია მოპასუხე ორგანიზაციები, არამედ გააუქმა სასამართლოში კავშირის სახით მათი რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, არც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, მე-19, 45-ე და “საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის შეჩერების და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნები არ დაურღვევია. “საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს კანონის მითითებული მუხლები არეგულირებს კავშირის ფონდის და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და აკრძალვის პრინციპებს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა მოპასუხე ორგანიზაციათა არა საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხი, არამედ გააუქმა ამ ორგანიზაციათა კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით სასამართლო რეგისტრაცია, რაც არსებითად განსხვავდება საქმიანობის აკრძალვისა და საქმიანობის შეჩერებისაგან. სასამართლო რეგისტრაციის გაუქმებით მოპასუხე გაერთიანებათა მიმდევრების სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება არ შეზღუდულა, არც რაიმე დევნა განხორციელებულა მათ მიმართ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევაზე კასატორთა მითითება საფუძველს მოკლებულია.

სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუციის არც 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა, რადგან მითითებული მუხლი არეგულირებს საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და აკრძალვის წესს. მოცემულ შემთხვევაში ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხე გაერთიანებათა არსებობა ეჭვის ქვეშ არ დამდგარა, მათი საქმიანობა არ შეჩერებულა და არც აკრძალულა. ამ გაერთიანებათა სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავს მათი საზოგადოების საქმიანობის არც შეჩერებას და არც აკრძალვას.

სრულიად უსაფუძვლოა კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მოთხოვნა. მითითებული მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციით აღიარებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებით მოპასუხე გაერთიანებათა საქმიანობა, რადგან არ შეჩერებულა და არც აკრძალულა, თავისთავად არც საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მოთხოვნა დარღვეულა. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლებას, იგი შინაარსის გათვალისწინებით, ადამიანის ძირითადი უფლებაა და შეიძლება გააჩნდეს გაერთიანების წევრებს და არა იურიდიულ პირს.

ამრიგად, კასატორთა მითითება, რომ თითქოს მათი გაერთიანება გაუქმდა იმ მოტივით, რომ ისინი ისახავდნენ რელიგიურ მიზნებს, არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არა თუ ამ ნიშნით, არამედ საერთოდ არ შეჩერებულა და არ გაუქმებულა მოპასუხეთა საქმიანობა. კერძო სამართლის იურიდიულ პირად სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავს გაერთიანების საქმიანობის შეჩერებას და გაუქმებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, არარეგისტრირებულ კავშირსაც აქვს უფლება, სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით და საამისოდ უფლებამოსილი პირებით, თუკი მათი საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მესამე პუნქტის და “საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილ საკითხთა ხელყოფას.

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის პრემიერის გადაწყვეტილება “..... კავშირისათვის” კონგრესის ჩატარების ნებართვის მიუცემლობის ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოპასუხეთა ტვირთის დაკავების შესახებ წარმოადგენს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან მითითებული საკითხი არ წარმოადგენს განხილვის საგანს და პროცესუალურად არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან.

3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

კასატორთა მოსაზრების საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილებაში არსად არაა მითითებულის, რომ სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი კრძალავს მოქალაქეთა კავშირების რელიგიურ მიზნებს.

4. მცდარია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მესამე და 25-ე მუხლის პირველი ნაწილი და რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოსეული მიდგომით მოპასუხე გაერთიანებები ამ მუხლების საფუძველზე უნდა გატარდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ განუმარტავს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლი, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტების დროს მიუთითა, რომ: “მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მონაწილეობენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით მათი შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით”. ამასთან, მიუთითა, რომ მოპასუხეთა მიზნები სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცნებაში თავსდებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლმა განსაზღვრა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა წრე. ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით კი მიუთითა, რომ საჯარო მიზნების მისაღწევად შექმნილი რელიგიური გაერთიანებები საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან და მათი წარმოშობისათვის აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო საფუძველი.

აღნიშნულ დებულებას განავრცობს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მესამე ნაწილიც, რომელიც განამტკიცებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მათი შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

ვიდრე კანონით არ განსაზღვრულა რელიგიური ორგანიზაციების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი, სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია კერძო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების გამოყენება.

5. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორთა მოსაზრება, რომ რადგანაც ისინი რეგისტრაციაში გატარდნენ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” არეგულირებს სახელმწიფო იურიდიული პირების შექმნის და საქმიანობის წესს და არა რელიგიური გაერთიანებების შექმნის და საქმიანობის წესს.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ: “წარმომადგენლობას, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს”. აღნიშნულ მოსაზრებას კასატორებმა მართებულად დაუპირისპირეს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მითითებული უზუსტობა მხოლოდ ტერმინოლოგიური შეცდომაა და არ ცვლის ვითარებას შემდეგი მოსაზრებით:

სააპელაციო სასამართლომ შეცდომით, კერძო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად, მიუთითა კერძო სამართლის სუბიექტი. ის გარემოება, რომ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირები, ფიზიკური პირების და არარეგისტრირებული კავშირების მსგავსად, კერძო სამართლის სუბიექტები არიან, ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში მრავალჯერ აქვს მითითებული. თავისთავად ცხადია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის ცნება სხვაა, ხოლო კერძო სამართალურთიერთობის სუბიექტისა – სხვა.

ამდენად, კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა” არ ჩათვალა კერძო სამართალწარმოების სუბიექტად, არასწორია. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ზემოთ მითითებული გაერთიანება არ ჩაითვალა კერძო სამართლის იურიდიულ პირად და მიეთითა, რომ არასამეწარმეო გაერთიანების სახით სამოქალაქო კანონმდებლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში მოიაზრებდა კავშირს და ფონდს და არა “წარმომადგენლობას”.

მართალია, კავშირის დაფუძნებისათვის დამფუძნებელთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს ხუთ წევრს მაინც, მაგრამ მარტოოდენ ის გარემოება, რომ “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება” 300-500 წევრისაგან შედგება, ვერ ქმნის წარმომადგენლობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების საფუძველს, რადგანაც წარმომადგენლობის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბების საფუძველს ვერ ქმნის საზოგადოების წევრთა განსაზღვრული რაოდენობის არსებობა. წარმომადგენლობა არ შეიძლება იურიდიული პირი იყოს, იგი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფილიალის სახით (სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

იურიდიული პირის არსებობის ფუძემდებლური წინაპირობაა საკანონმდებლო ლეგიტიმაცია.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა ყოველთვის სპეციალურია. მათი უფლებაუნარიანობის ხასიათს მათ მიერ განხორციელებული ამოცანების ბუნება განსაზღვრავს, უფლებაუნარიანობის მოცულობა კი დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გამოცემულ სპეციალურ აქტზე, რომელიც ამტკიცებს ამ სუბიექტის საქმიანობის მიზნებს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა უფლებაუნარიანობის მოცულობას სპეციალური კანონი, სახელმწიფოს ადმინისტრაციული აქტი ან სხვა დამფუძნებელი დოკუმენტი განსაზღვრავს.

ზოგადად, იურიდიული პირის არსებობის წინაპირობაა, ცნობს თუ არა სამართალი ამ ორგანიზაციულ წარმონაქმნს იურიდიულ პირად, ე.ი. კანონმდებლობა იცნობს თუ არა ასეთ სუბიექტს.

კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნას საფუძვლად უდევს დამფუძნებელთა ნების თავისუფალი გამოვლენა და მხარეთა ავტონომიურობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა სახელმწიფოს სპეციალური აქტის საფუძველზე ხდება. ამასთან, ასეთის შექმნა შესაძლებელია ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზეც. ჩვენი კანონმდებლობით, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას რელიგიური გაერთიანება, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირიც. რელიგიური ორგანიზაციები მიეკუთვნებიან ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე არ წარმოიშობიან. მათ იურიდიული პირის სტატუსი შეიძლება შეიძინონ კანონის საფუძველზე.

7. უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე, 348-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ეცნობებინა რეგისტრატორი სასამართლოსათვის, რათა მას მიეღო ზომები რეგისტრაციაში დაშვებული ხარვეზის გასწორების მიზნით.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა უნდა შეატყობინონ სარეგისტრაციო სასამართლოებს არასწორი, არასრულფასოვანი ან საერთოდ არშემდგარი რეგისტრაციის შემთხვევების შესახებ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ასეთი უნდა განახორციელოს იმ სასამართლომ, რომელიც განიხილავს სარჩელს კონკრეტულად ამ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

საპროცესო კოდექსის მითითებული მუხლი არეგულირებს იმ ურთიერთობებს, როცა ამა თუ იმ დავის საქმის განხილვის დროს (როცა რეგისტრაციის გაუქმების საკითხი არ განიხილება) ცნობილი გახდება, რომ რეგისტრაცია არასწორია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მითითებული ნორმით ვერ იხელმძღვანელებდა და მას აღნიშნული მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია.

სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის შესაბამისადაც ვერ განახორციელებდა რაიმე მოქმედებას, რადგანაც მითითებული მუხლი არეგულირებს იმ სასამართლოს საქმიანობას, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია. ცხადია, რადგან რეგისტრაცია სხვა სასამართლომ მოახდინა, ამ ნორმით ხელმძღვანელობა სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო.

8. უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მიღებული გადაწყვეტილებით უარყოფილია იეჰოვას მოწმეთა რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება და ამით უარი ეთქვა რელიგიურ უმცირესობას იმ უფლებებში, რომელიც რელიგიურ უმრავლესობას გააჩნია.

ამ გადაწყვეტილებით არაა უარყოფილი იეჰოვას მოწმეთა რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის არსებობით ან არარსებობით არ იზღუდება კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. აქვე მიეთითა, რომ თვით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც კი, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლის მქონე, არაა სასამართლოში რეგისტრირებული, მაგრამ აღნიშნული გარემოება ზიანს არ აყენებს მართლმადიდებლური აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას.

9. უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-9, მე-10, მე-11, მე-14 მუხლების მოთხოვნებს ცალ-ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

ამ კონვენციის მე-9 მუხლი მიუთითებს, რომ ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება. აღნიშნული მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას მარტო ან სხვებთან ერთად კავშირში და საჯაროდ ან კერძოდ, თავისუფლებას გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებით და დაცვით.

როცა გაუქმდა მოპასუხეთა კერძო სამართლის იურიდიულ პირად სასამართლო რეგისტრაცია, ამით, არც პირდაპირ და არც ირიბად, მათი აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება არ აღკვეთილა და არც შეზღუდულა. არ შეზღუდულა მათი რწმენის შეცვლის თავისუფლება არც მარტო, არც სხვებთან ერთად კავშირში და არც საჯაროდ ან კერძოდ. არც მათი თავისუფლება შეზღუდულა რელიგიის ან რწმენის თავისუფლად გამომჟღავნების ან რელიგიის სწავლების, რიტუალების შესრულების დაცვის თვალსაზრისით.

ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის არც მე-10, მე-11 და მე-14 მუხლები ცალ-ცალკე და არც მე-9, მე-10, მე-11 მუხლები, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, არ დარღვეულა, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეუზღუდავს უფლება მოპასუხეთა მოსაზრებების, ინფორმაციის, იდეების მიღების და გავრცელების შესახებ. არ აუკრძალავს მათთვის მშვიდობიანი შეკრებების ან სხვებთან გაერთიანების უფლება.

აქედან გამომდინარე, რაიმე დისკრიმინაციულ ქმედებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან მოცემული გადაწყვეტილებით განსხვავებული აზრის, რწმენის, თუ შეხედულებების არსებობის შესაბამისად, არ მომხდარა რეგისტრაციის გაუქმება.

კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სხვა გაერთიანებები, რომლებიც რელიგიურ მიზნებს ისახავენ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რეგისტრირებულნი არიან სასამართლოებში კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო მათ წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების წარმომადგენლობების რეგისტრაციის და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლობათა აკრედიტაციის (რწმუნების) წესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 მაისის ¹ 372 დადგენილება და არასწორად მიუთითა, რომ უცხოეთის წარმომადგენლობათა რეგისტრაცია სასამართლოში დაუშვებელი იყო, მაშინ როცა მითითებული დადგენილება უკვე გაუქმებული იყო და ამით დისკრედიტაცია განიცადა მოპასუხეთა გაერთიანებებმა, საფუძველს მოკლებულია. ამ ნორმის არასწორად გამოყენება საქმის ვითარებას რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არ ცვლის.

მართალია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი იცავს ცალკეულ მოქალაქეთა ინტერესებს და არა პირთა ჯგუფებს, ამასთან აღნიშნული მუხლი არ მოქმედებს დამოუკიდებლად, არამედ იგი მოქმედებს როგორც დამატებითი, კონვენციით დაცულ, სხვა ძირითად უფლებებთან ერთად კავშირში, მაგრამ თუნდაც იგი მოქმედებდეს პირთა ჯგუფის მიმართ და სხვა ნორმებისგან დამოუკიდებლად, სახეზე არ გვაქვს არანაირი დისკრიმინაციული ქმედება, რადგანაც რელიგიური დისკრიმინაცია რელიგიაზე ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავებაა, გამონაკლისი შეზღუდვაა, ან უპირატესობის მინიჭებაა, რომლის მიზანიცაა ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპის აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის უარყოფა ან მათი დაკნინება. მოცემულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით მსგავს რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ის, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებები არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, რადგან კანონი, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად მიიჩნევს.

კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ თუკი მითითებული გაერთიანება არ იქნება რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, იგი საერთოდ არ შეიძლება არ არსებობდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს არარეგისტრირებული კავშირიც, რომელიც იქმნება წევრთა ურთიერთშეთანხმებით. მართალია, იგი არაა იურიდიული პირი, მაგრამ აქვს თავისი ქონება, რომელიც შედგება წევრთა საწევრო შენატანებისაგან და ამ შენატანებით შეძენილი ქონებისაგან და იგი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს წარმოადგენს. იგი სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში შეიძლება წარმოდგენილი იქნეს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კავშირის რეგისტრაციის გაუქმებით ხდება მისი ლიკვიდაციაც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა რა “...... კავშირის” და “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების რელიგიურ საზოგადოებათა წარმომადგენლობის” რეგისტრაცია, ფაქტობრივად გაუქმდა ამ გაერთიანებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის ფაქტი და არა უშუალოდ მითითებული ეს რელიგიური გაერთიანებები.

კერძო სამართლის იურიდიულ პირად სასამართლო რეგისტრაციის გაუქმებას შედეგად არ მოჰყოლია მითითებულ გაერთიანებათა არსებობის ლიკვიდაცია, არამედ შეწყდა მხოლოდ მათი კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია, რასაც არანაირად არ შეუზღუდავს მათი უფლებები, იყოს კერძო სამართალურთიერთობის სუბიექტი ისე, როგორც ნებისმიერი კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო ფიზიკური პირი ან არარეგისტრირებული კავშირი. მათი უფლებები აღმსარებლობის, გართიანებების, რწმენის და ა.შ. თავისუფლებაზე არავის შეუზღუდავს. ასევე რეგისტრაციის გაუქმებით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-9 (აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლების უფლება); მე-11 (შეკრებების და გაერთიანებების თავისუფლება); მე-13 (უფლება ეფექტურ ზომებზე) და მე-14 (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) მუხლებით დაცული უფლებები.

“პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა”, გარდა იმისა, რომ იგი რელიგიური გაერთიანება იყო და ამიტომ არ შეიძლება ყოფილიყო კერძო სამართლის იურიდიული პირი, იგი წარმომადგენლობა იყო და წარმომადგენლობას, როგორც ასეთს, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირად არ მოიაზრებს. წარმომადგენლობა, თავისთავად, ფილიალია. “პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა” თავისი ფუნქციებით სწორედ ფილიალია, ხოლო ფილიალი, სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი. აქედან გამომდინარე, იგი არ შეიძლება თავისი სახელით გამოსულიყო სამართლებრივ ურთიერთობაში, ამიტომ მისი იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგო იყო.

10. საკასაციო პალატა გაეცნო კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარზე თანდართულ მასალას მათი გაერთიანების დევნისა და დისკრედიტაციის შესახებ, მაგრამ აღნიშნულ მასალებში მითითებული ფაქტები, სარჩელის შესაბამისად, დავის საგანს და აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს, რადგან ამ ფაქტებს არანაირი კავშირი არა აქვს განსახილველი დავის საქმესთან – მოპასუხე გაერთიანებათა კავშირის სახით რეგისტრაციის კანონიერებასთან. მასალებში მითითებული საკითხები ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და ამ დავის საქმესთან ერთად მათი განხილვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე, 407-ე მუხლების შესაბამისად, დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის” და “..... კავშირის” და მათი წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.