გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/559-01 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი – ქორწინებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ვ-ოვა 1924 წლის 26 აპრილს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა მ. კ-აკთან და გადავიდა მეუღლის გვარზე. 1926 წელს შეეძინათ შვილი დ. კ-აკი. 1931 წლის აპრილში მათ შორის ქორწინება შეწყდა და თ. კ-აკმა დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი ვ-ოვა. ლ. კ-აკი არის მ. კ-აკისა და თ. ვ-ოვას შვილიშვილი.
1951 წლის ივლისში მ. კ-აკის მეორე მეუღლე გახდა ე. დ-შვილი, რომელმაც შემდეგში გვარი შეიცვალა და გახდა კ-აკი. ამ უკანასკნელს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა შვილი თ. გ-შვილი. მ. ს-ოვა თ. გ-შვილის ყოფილი მეუღლეა, ხოლო ვ. გ-შვილი – მათი შვილი.
ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1960 წლის 3 ივნისის ¹ 921, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1963 წლის 27 ნოემბრის ¹ 915 გადაწყვეტილებების საფუძველზე დ. კ-აკს და თ. გ-შვილს მიეცათ მამის მ. კ-აკის კუთვნილ სახლზე მეორე სართულის დაშენების უფლება, რაც განხორციელდა და სახლის ეს ნაწილი 1965 წელს მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.
ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სასამართლოს 1966 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. კ-აკის სარჩელი ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ ქ. თბილისში, ... მდებარე, მის სახელზე რიცხული სახლის პირველი სართულის მესაკუთრედ ცნობის და მეუღლეზე გადაფორმების ნებართვის მიცემის შესახებ.
1966 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით მ. კ-აკმა სახლის მასზე რიცხული ნაწილი გააჩუქა მეუღლეზე ე. კ-აკზე. მასვე უანდერძა მთელი თავისი ქონება. ე. კ-აკმა 1983 წლის 21 ოქტომბერს სახლის 2/12 ნაწილი აჩუქა თ. გ-შვილს.
1972 წელს გარდაიცვალა მ. კ-აკი, 1998 წელს დ. კ-აკი, 1996 წელს თ. გ-შვილი, 1999 წელს ე. კ-აკი. ე. კ-აკმა 1997 წლის 2 ივლისს შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა, დაუტოვა შვილიშვილს ვ. გ-შვილს. ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 29 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი შედგება 225 კვ. მეტრი ფართობის 11 საცხოვრებელი ოთახისაგან. სახლის 3/12 ნაწილი ირიცხება დ. კ-აკის სახელზე, 4/12 ნაწილი ე. კ-აკზე, 2/12 ნაწილი თ. გ-შვილზე, ხოლო 3/12 ნაწილი ც. ჩ-ძეზე.
2000 წლის მარტში ლ. კ-აკმა და თ. ვ-ოვამ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში არასრულწლოვან – ვ. გ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის მ. ს-ოვას მიმართ მ. კ-აკსა და ე. კ-აკს შორის რეგისტრირებული ქორწინებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სახლის 6/12 ნაწილის თ. ვ-ოვას სახელზე აღრიცხვის შესახებ.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მ. კ-აკი 1951 წლის 31 ივლისს გატარდა ქორწინების რეგისტრაციაში ე. კ-აკთან ისე, რომ თ. ვ-ოვასთან არ ყოფილა განქორწინებული და რომ სადავო სახლი წარმოადგენდა ამ უკანასკნელის და მ. კ-აკის საერთო საკუთრებას.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1149-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ; მოსარჩელეებმა გაუშვეს ამ კოდექსის 129-ე მუხლით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის განსაზღვრული ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ლ. კ-აკმა და თ. ვ-ოვამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლი. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ვ-ოვას და ლ. კ-აკს კვლავ უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თ. ვ-ოვა და ლ. კ-აკი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელი არ არის ხანდაზმული; სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს 2000 წლის იანვრიდან, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა მ. კ-ის მეორე ქორწინებისა და სახლის გასხვისების შესახებ; სასამართლომ უკანონოდ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა 1966 წლის 27 ივნისით დათარიღებულ ყალბ ნაჩუქრობის ხელშეკრულებას; ხელშეკრულებაზე მ. კ-აკის ხელმოწერის გამოსაკვლევად არ დანიშნა გრაფიკული ექსპერტიზა; სამკურნალო დაწესებულებიდან არ გამოუთხოვია მ. კ-აკის ავადმყოფობის ისტორია, რაც საჭირო იყო იმ გარემოების გასარკვევად, შეეძლო თუ არა მ. კ-აკს გამოეხატა სახლის გასხვისების ნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერების არქივში არსებული დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ თ. ვ-ოვასა და მ. კ-აკს შორის ქორწინება შეწყდა 1931 წლის 25 აპრილს, იმ დროს მოქმედი საქართველოს საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსით (1924 წლის რედაქციით) გათვალისწინებული წესის დაცვით. განქორწინების დოკუმენტის ყველა გრაფა შევსებულია. მასზე ხელს აწერს თ. ვ-ოვა, რომელმაც ქორწინების შეწყვეტისას დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი.
პალატა ვერ გაიზიარებს თ. ვ-ოვას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. კ-აკთან მისი ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში არქივში არ აღმოჩნდებოდა ქორწინების მოწმობა. არქივში დაცულია, როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების დოკუმენტები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხველ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ.
1951 წლის 31 ივლისს მ. კ-აკსა და ე. დ-შვილს (კ-აკს) შორის ქორწინების რეგისტრაციისას არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1149-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. თ. ვ-ოვა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ იყო უფლებამოსილი, რომ მოეთხოვა აწ გარდაცვლილ მ. და ე. კ-აკებს შორის ქორწინების ბათილად ცნობა.
მ. კ-აკმა სადავო სახლის პირველი სართული შეისყიდა თ. ვ-ოვასთან ქორწინების შეწყვეტიდან 20 წლის შემდეგ, 1951 წლის ივნისში ჩატარებულ საჯარო ვაჭრობაზე. თ. ვ-ონოვა არ წარმოადგენდა ყოფილი მეუღლის მიერ შეძენილი სახლის ნაწილის მესაკუთრეს. მ. კ-აკს მეუღლესთან ე. კ-აკთან 1966 წლის 27 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების გასაფორმებლად არ ესაჭიროებოდა თ. ვ-ოვას თანხმობა.
1965 წლიდან დ. კ-აკი ირიცხება სადავო სახლის 3/12 ნაწილის მესაკუთრედ. სახლის თითოეული მესაკუთრის წილი დაფიქსირებულია, როგორც ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში, ასევე საბინაო წიგნში.
1972 წელს გარდაცვლილი მ. კ-აკის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ ე. კ-აკი და დ. კ-აკი. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1988 წელს. მ. კ-აკის კუთვნილი სახლის ნაწილის ე. კ-აკზე გაჩუქება დ. კ-აკს არც მამის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ სადავოდ არ გაუხდია.
თ. ვ-ოვა ქ. სოხუმიდან ქ.თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა და ... მდებარე სახლში რეგისტრაციაში გატარდა 1988 წლის თებერვალში. თ. ვ-ოვა რეგისტრაციაში ვერ გატარდებოდა სახლის ყველა მესაკუთრის თანხმობის მიღების გარეშე. ის გარემოება, რომ სადავო სახლი ირიცხებოდა დ. კ-აკის, ე. კ-აკის, თ. გ-შვილის და ც. ჩ-ძის სახელზე, თ. ვ-ოვასათვის ცნობილი გახდებოდა აღნიშნულ მისამართზე მისი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენისას.
დაინტერესებულ პირს ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროდან შეეძლო მიეღო სადავო სახლის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში შეეტანა სარჩელი სასამართლოში.
თ. ვ-ოვამ და ლ. კ-აკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მ.კანდელაკის მიერ სახლის კუთვნილი ½ ნაწილის გაჩუქებიდან 32 წლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლის შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას 2000 წლის იანვრიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამოსაკვლევად არ დანიშნულა გრაფიკული ექსპერტიზა და სამკურნალო დაწესებულებიდან არ ყოფილა გამოთხოვილი მემნონ კანდელაკის ავადმყოფობის ისტორია. მითითებული მტკიცებულებები ვერ მოახდენდნენ რაიმე გავლენას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ვ-ოვას და ლ. კ-აკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.