Facebook Twitter

¹ 3კ/600-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-ძე 1990 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ... საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში ექიმ ორდინატორად. ამავე საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგედ მუშაობდა ექიმი გ. გ-ძე, რომლის სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო საავადმყოფოს მთავარი ექიმის 1994 წლის 25 იანვრის ¹ 811 ბრძანებით სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე დროებით გადაყვანილი იქნა ნ. ს-ძე და მასვე შეუნარჩუნდა ექიმის 0,5 განაკვეთი შეთავსებით.

ნ. ს-ძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1995 წლის 17 აპრილამდე, რის შემდეგ იგი გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. 1995 წლის 21 აპრილს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის მოვალეობის შესრულება ეკისრება ისევ გ. გ-ძეს. 1998 წლის 16 ოქტომბრის ¹ 50 ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე გ. გ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე ბრძანებით სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგედ დაინიშნა ნ. გ-ძე. 2000 წლის 13 ოქტომბერს ადმინისტრაციის ¹ 33 ბრძანებით დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდა ნ. ს-ძე როგორც სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგე, ხოლო ნ. გ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა თერაპიული პროფილის მორიგე ექიმად.

ნ. გ-ძემ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება მიიჩნია უკანონოდ, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე აღდგენა. სასამართლოში საქმის განხილვამდე ნ. ს-ძემ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლისა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ძის განცხადება და იგი დაშვებული იქნა აღნიშნულ საქმეზე მესამე პირად მოპასუხის მხარეზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს დირექტორის 2000 წლის 13 ოქტომბრის ¹ 33 ბრძანების მეხუთე პარაგრაფი როგორც უკანონო და ნ. გ-ძე აღდგენილი იქნა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო; შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს დირექტორის დ. ჩ-ძის 2000 წლის 13 ოქტომბრის ¹ 33 ბრძანების მე-5 პარაგრაფი, რომლითაც ნ. გ-ძე გათავისუფლდა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობიდან, ჩაითვალა კანონიერად. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაასაბუთა შემდეგი მოტივებით: საქმეში არის ნ. ს-ძის განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ იგი 1995 წლის 17 აპრილამდე მუდმივ სამუშაოზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგედ, საიდანაც გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. 2000 წლის 13 ოქტომბერს იგი დაბრუნდა შვებულებიდან, რის შემდეგ ადმინისტრაციამ კანონიერად გაათავისუფლა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის დროებითი მოვალეობის შესრულებიდან ნ. გ-ძე, ამიტომ საავადმყოფოს დირექტორის ბრძანება მას მიაჩნია კანონიერად. განცხადების შინაარსიდან ჩანს, რომ ნ. ს-ძის განცხადება მისი როგორც დაინტერესებული პირის დამოუკიდებელი მოთხოვნაა დავის საგანზე. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულ სასამართლოს ნ. გ-ძის სარჩელთან ერთად იქვე უნდა გადაეწყვიტა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ს-ძის მოთხოვნაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა; იმავე კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად კი, მხარეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მინიჭებული სხვა უფლებებით. ამიტომ ნ. ს-ძე არის უფლებამოსილი პირი გაესაჩივრებინა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის აზრით, ნ. ს-ძე 1995 წლის 17 აპრილის სადეკრეტო შვებულებაში გავიდა როგორც საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის მუდმივ თანამდებობაზე მომუშავე პირი, ამიტომ 2000 წლის 13 ოქტომბერს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებულს, სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა იმ თანამდებობაზე დაბრუნება, საიდანაც გავიდა დეკრეტულ შვებულებაში.

საწარმოო აუცილებლობის გამო სხვა სამუშაოზე დროებითი გადაყვანის წესი და პირობები განსაზღვრულია შრომის კანონთა კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს ერთ თვემდე ვადით გადაიყვანოს მუშები და მოსამსახურეები შრომის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, ამგვარი გადაყვანა დასაშვებია სამუშაოზე გამოუცხადებელი მოსამსახურის შესაცვლელად. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, ნ. ს-ძის გადაყვანა სხვა სამუშაოზე დროებით საავადმყოფოს ადმინისტრაციას შეეძლო ერთ თვემდე ვადით, ე.ი. ერთი თვის შემდეგ, რადგანაც ნ. ს-ძე არ მიაბრუნეს მის ყოფილ მუდმივ სამუშაოზე, შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თნახამად, ერთი თვის შემდეგ იგი ფაქტობრივად დანიშნული აღმოჩნდა განყოფილების გამგის მუდმივ თანამდებობაზე მომუშავედ და მასთან ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. ს-ძე დეკრეტულ შვებულებაში არ გასულა როგორც განყოფილების გამგე. იგი შვებულებაში უნდა გასულიყო მუდმივი სამუშაო ადგილიდან, ხოლო დროებით დაკისრებული მოვალეობა გადაკისრებოდა სხვას. სასამართლოს მიერ შრომის კანონთა კოდექსის 27-ე და 31-ე მუხლების გამოყენება უკანონოა, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ს-ძის დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩართვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ნ. გ-ძე ოზურგეთის ... საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე დაინიშნა 1998 წლის 18 ოქტომბერს. ამ თანამდებობაზე 1995 წლის 17 აპრილამდე დროებით მუშაობდა ნ. ს-ძე, რომელიც 1995 წლის 17 აპრილს გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. ნ. გ-ძე 2000 წლის 13 ოქტომბერს გათავისუფლდა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობიდან იმის გამო, რომ ნ. ს-ძე დაბრუნდა დეკრეტული შვებულებიდან და იგი დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ხოლო ნ. გ-ძე კი დაინიშნა იმავე საავადმყოფოს თერაპიული პროფილის მორიგე ექიმად. ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს მიმართ და მოითხოვა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე აღდგენა, რადგან იგი მუდმივად იყო ამ შტატში დანიშნული; რაიონულ სასამართლოს მოცემული სარჩელის განხილვამდე განცხადებით მიმართა ნ. ს-ძემ და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად და მიუთითა, რომ ნ. გ-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი და სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ძე დაშვებული იქნა მოცემულ საქმეზე მესამე პირად მოპასუხის მხარეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ნ. ს-ძე საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც მესამე პირი მოპასუხის მხარეზე; რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში იგი მოხსენიებულია როგორც მესამე პირი მოპასუხის მხარეზე.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა, გაუქმდა შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს დირექტორის 2000 წლის 13 ოქტომბრის ¹33 ბრძანების მეხუთე პარაგრაფი, როგორც უკანონო და იგი აღდგენილ იქნა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობაზე. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ძემ; მოპასუხე – შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

მესამე პირის მოპასუხის მხარეზე – ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვალა და წარმოებაში მიღებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ხოლო იმავე პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ოზურგეთის ... საავადმყოფოს დირექტორის დ. ჩ-ძის 2000 წლის 13 ოქტომბრის ¹ 33 ბრძანების მე-5 პარაგრაფი, რომლითაც ნ. გ-ძე გათავისუფლდა სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, ჩაითვალა უკანონოდ. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ ნ. ს-ძის მიერ რაიონულ სასამართლოში შეტანილი განცხადება წარმოადგენს ფაქტიურად მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას. იგი, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე პირი, ნ. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს და მისი სარჩელით მოითხოვს სასამართლომ კანონიერად ჩათვალოს საავადმყოფოს დირექტორის 2000 წლის 13 ოქტომბრის ¹ 33 ბრძანების მე-5 პარაგრაფი, რომლითაც სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის მოვალეობის შესრულებიდან განთავისუფლდა ნ. გ-ძე. ამიტომ რაიონულ სასამართლოს ნ. გ-ძის სარჩელთან ერთად იქვე უნდა გადაეწყვიტა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ს-ძის მოთხოვნაც, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა;

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მტკიცებას, რადგან საქმეში წარმოდგენილი ნ. ს-ძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან მოითხოვა მესამე პირად საქმეში ჩართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, რომელიც მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, უფლება-მოვალეობებს ადგენს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინებით იგი საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად იქნა ჩართული მოპასუხის მხარეზე. თვით მისი განცხადების შინაარსიდანაც ირკვევა, რომ იგი დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნას არ აცხადებდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა. ამ ნორმის საფუძველზე ნ. ს-ძე მოვალე იყო რაიონულ სასამართლოში თავისი განცხადება წარედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელშიც იმპერატიულად არის მითითებული, თუ რა პირობები უნდა იქნეს სარჩელში აღნიშნული, მაგრამ მას ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით სასარჩელო განცხადება არ წარუდგენია, რადგან იგი არ მოითხოვდა დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირად საქმეში ჩართვას.

სააპელაციო სასამართლომ ნ. ს-ძე კანონის დარღვევით ჩათვალა რა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად, არასწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლზე, რომ მხარეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მინიჭებული სხვა უფლებებით და ამიტომ მას მიანიჭა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება – მაშინ როდესაც ნ. ს-ძე მოცემულ საქმეში მხარე არ იყო.

საკასაციო პალატა იზიარებს ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავო დადგენილია, რომ ნ. ს-ძე საქმეში ჩართული იყო მესამე პირად მოპასუხის მხარეზე და არა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად, ამიტომ მას არ ჰქონდა უფლება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე და შემდეგ ამ საჩივრის საფუძვლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინება, 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.