Facebook Twitter

¹ 3კ/601 27 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი სამუშაო დროის ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორმა ვ. დ-ძემ 2000 წლის 16 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა შპს “ნ.-ის” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ის, რომ ქობულეთის რაიონის გამგებელი უფლებამოსილი არ იყო გაენთავისუფლებინა იგი სამუშაოდან, ვინაიდან ამის კომპეტენცია გააჩნდა მხოლოდ შპს “ნ.-ის” პარტნიორთა კრებას.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული პირველი და სააპელაციო სასამართლო ინსტაციების მიერ. ბოლოს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ შპს “ნ.-ის” კაპიტალის 100% მფლობელი არის სახელმწიფო, საწარმოს ჰყავს ერთი პარტნიორი _ სახელმწიფო და ამ პარტნიორის მიერ (რაიონის გამგებელი) მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად. რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია ვ. დ-ძემ და სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით ვ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული იმ საფუძვლით, რომ შპს “ნ.-ში” ჩაშლილი იყო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა, ასევე მიუთითა, რომ შპს-ის საწესდებო კაპიტალის მფლობელია სახელმწიფო და გამგეობის გადაწყვეტილება ჩაითვლება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად.

კასატორი ვ. დ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინებაში იურიდიულად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ ბრძანება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ კასატორი ვ. დ-ძე მუშაობდა შპს “ნ.-ის” დირექტორის თანამდებობაზე და იგი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა ქობულეთის რაიონის გამგებლის 2000 წლის 7 ოქტომბრის ¹ 18 ბრძანებით.

საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად იმდენად არასრულადაა დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო პალატის დასკვნები იმის შესახებ, რომ შპს “ნ.-ის” საწესდებო კაპიტალის 100% წილი ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო ქობულეთის რაიონის გამგეობა პარტნიორია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. საქმეში არ არის შპს “ნ.-ის” წესდება და ამონაწერი რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ, რომელთა გარეშეც შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ არიან საზოგადოების პარტნიორები და ვის რა წილი ეკუთვნით საწესდებო კაპიტალიდან.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს საწარმოს ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან იურიდიულად არ დაასაბუთა, თუ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, რომელი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის იქნა გათავისუფლებული კასატორი სამუშაოდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტით, რომელიც არეგულირებს შპს-ის დირექტორის დანიშვნის, გამოწვევის, მასთან შრომის ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის წესს და ამ ნორმიდან გამომდინარე უნდა მიეცა სამართლებრივი შეფასება რაიონის გამგებლის ქმედებისათვის, კერძოდ ჰქონდა თუ არა რაიონის გამგებელს შპს-ის დირექტორის გათავისუფლების იურიდიული უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სამართლის ნორმები. გარდა ამისა სააპელაციო პალატის განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” პუნქტების და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო პალატის მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამიტომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლები, შპს “ნ.-ის” წესდებისა და რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოკვლევის საფუძველზე გაარკვიოს, თუ ვინ არის შპს “ნ.-ის” პარტნიორი, ჰქონდა თუ არა რაიონის გამგებელს კასატორ ვ. დ-ძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები და იურიდიული უფლება და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.