Facebook Twitter

¹ 3კ/602-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. კ-ძე 1999 წლის 16 აპრილის ბრძანებით მიღებულ იქნა ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის გასამხედროებული დაცვის მე-2 კლასის გუშაგად.

1999 წლის 23 ნოემბერს სამსახურში ყოფნის დროს რკინიგზის ვაგონის ქვეშ შეამჩნია სასუქით სავსე ტომარა, გუშაგს უთხრა რომ საჭირო იყოAტომრის გამოტანა, რა მიზნითაც შევიდა ვაგონის ქვეშ, მაგრამ სანამ გამოიტანდა ტომარას ვაგონი დაიძრა და გოგორწყვილმა გადაუარა მარჯვენა ფეხის ბარძაყზე და მოკვეთა იგი.

გ. კ-ძეს ქუთაისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა მკურნალობა. საავადმყოფოში წოლისა და მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 2118 ლარი, ხოლო წამლების შეძენის და პროთეზირების ხარჯებმა შეადგინა 696 ლარი.

ქ.ფოთის შრომითი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისის დასკვნით გ. კ-ძეს მიკუთვნებული აქვს მე-3 ჯგუფის ინვალიდობა 60 პროცენტი შრომის უნარის დაკარგვით. ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციამ დაზარალებულს დახმარება გაუწია 700 ლარის ოდენობით.

გ. კ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საავადმყოფოში წოლის და მკურნალობის ხარჯების 2118 ლარის, ასევე, ხელფასისა და კვების ხარჯების და 1999 წლის 23 ნოემბრიდან ყოველთვიურად 108 ლარის 60 პროცენტის – 65 ლარის გადახდის ფოთის პორტისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. კ-ძის ვალდებულებას წარმოადგენდა მე-9 საგუშაგოს ჩაბარება შემდგომი ცვლისათვის, ხოლო როგორც ირკვევა მან ტრავმა მიიღო მე-3 საგუშაგოსთან. Eე. ი. ტრამვა არ შეიძლება ჩაითვალოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს მიღებულად. ამასთან, მან დარღვია უსაფრთხოების ტექნიკის შესავალი ინსტრუქტაჟი, სადაც აღნიშნულია, რომ ნავსადგურის სამუშაო ტერიტორია განეკუთვნება ამაღლებული საფრთხის ტერიტორიებს. გაჩერებული რკინიგზის შემადგენლობის შემოვლა დასაშვებია თბომავლიდან ან ბოლო ვაგონიდან არანაკლებ 10 მ. მანძილით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ფოთის ნავსადგურს გ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2118 ლარი, მკურნალობის ხარჯები 845 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან 65 ლარი ყოველთვიურად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა გ. კ-ძის სარჩელი. ფოთის ნავსადგურს მის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯები 2118 ლარი, ერთჯერადი თანხა 1445 ლარი, ხოლო 2001 წლის აპრილიდნ ყოველთვიური სარჩო 71.66 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 143-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციას ეკისრება მუშა-მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის, და შრომის დაცვის სხვა წესების შესახებ.

საპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებული შრომის უსაფრთხოების დაცვის წესებს არ გაცნობია. პალატამ დადგენილად მიიჩნია, ასევე, რომ გ. კ-ძის ხელფასი შეადგენდა 100 ლარსა და 51 თეთრს, ხოლო კვების პროდუქტის ღირებულება 19 ლარსა და 20 თეთრს, სულ 119 ლარსა და 71 თეთრს. პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების მე-5, მე-11, 24-ე,25-ე მუხლები.

ფოთის ნავსადგური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო არ განმარტავს, თუ რომელი ინსტრუქციით იყო სავალდებულო ყოველ ექვს თვეში ჩაეტარებინა მას ინსტრუქტაჟი შრომის დაცვის წესების უსაფრთხოების სესახებ, რაც ნავსადგურის გასამხედროებული დაცვის ხელმძღვანელობას არ შეუსრულებია. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო არ აძლევს შეფასებას თვით მოსარჩელის ბრალეულ ქმედებას.

კასატორი ითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1998 წლის 27 აპრილს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის და საქართველოს სტანადარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანებით დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 1992 წლისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სფეროში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლიბას უნდა ჩაითვალოს ვადაგაგრძელებულად (ბრძანება რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში).

აღნიშნული ნორმის შესაბამისად ნავსადგური ხელმძღვანელობს შრომის უსაფრთხოების წესებით, რომელიც დამტკიცებულია სსრ კავშირის საზღვაო ფლოტის მინისტრის ბრძანებით 1987 წლის 10 ივლისს. წესებით დადგენილია, რომ ნავსადგური ვალდებული იყო ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩაეტარებინა ინსტრუქტაჟი შრომის დაცვის წესების უსაფრთხოების შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქცია პორტის დაცვის თანამშრომლებზე არ ვრცელდება. ინსტუქცაში და მის დანართში მითითებულია, რომ ინსტრუქციის მოთხოვნები ვრცელდება პორტის მუშაკებზე. დაცვის თანამშრომლები, რომლებიც თვით პორტის ხელმძღვანელების მიერ არიან დანიშნულნი, პორტის მუშაკთა კატეგორიას განეკუთვნებიან.

თუ პორტის ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებული დებულებები არ შეესაბამება აღნიშნულ ინსტუქციას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს ინსტრუქცია, როგორც უპირატესი ძალის მქონე აქტი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულია, როგორც დაზარალებულის, ისე ადმინისტრაციის მოქმედება და დადგენილია, რომ მომხდარ შემთხვევაში ადმინისტრაციას მიუძღვის ბრალი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 მუხლის შესაბამისად ,,სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში” ამავე წესების მე-5 მუხლის შესაბამისად ,,მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ითვლება დამქირავებლის ბრალეულობით, თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის დაცვის ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით.”

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფოთის ნავსადგურის უფროსის ჯ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. Mმოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.