¹ 3კ/607-01 21 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამკვიდრო წილის განსაზღვრა და მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ხ-ოვს კოოპერატივ ¹...-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში მიეცა ოროთახიანი ბინა სამ სულზე, იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივმა აიღო ამ ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლები და შესაბამისად, იქ მცხოვრები მობინადრეები დააკმაყოფილა შესაბამისი ბინებით. ამავე საფუძვლით მიიღეს მ. ხ-ოვის შვილებმა: რ. ხ-ოვამ ერთი ოთახი და ა. ხ-ოვმა სამ სულზე ორი ოთახი.
ე. ხ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ხ-ოვის მიმართ, სამკვიდრო ქონების წილის განსაზღვრისა და მიკუთვნების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: მ. ხ-ოვის საკუთრებაში არსებული ბინის დანგრევის შემდეგ მისმა და-ძმამ, როგორც მამის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მიიღეს სულადობის მიხედვით შესაბამისი ფართის ბინები და ამით ფაქტობრივად მამის სიცოცხლეში მიიღეს სამკვიდრო ქონება. სადავო ბინა მ. ხ-ოვის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა მისი დედის ზ. ხ-ოვასა და მის სახელზე. 1993 წლის 12 ივნისს ზ. ხ-ოვას მიერ მოხდა ბინის პრივატიზება და რეესტრში ზ. ხ-ოვა გატადა ბინის მესაკუთრედ. 1972 წლიდან დღემდე ე. ხ-ოვა შვილთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში. ზ. ხ-ოვა გარდაიცვალა 2000 წლის იანვარში და როდესაც ე. ხ-ოვამ მიმართა სანოტარო ბიუროს სამემკვიდრეო მოწმობის მისაღებად, გაარკვია, რომ მის ძმას, ა. ხ-ოვსაც მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის იგივე მოთხოვნით. ე. ხ-ოვა მიიჩნევს, რომ იგი გარდაცვლილი მშობლების ერთადერთი მემკვიდრეა, რადგან მისი აწ გარდაცვლილი დის, რ.ხ.-ს, ქალიშვილმა ა-მ სამკვიდრო ქონებაზე უარი განაცხადა მის სასარგებლოდ, ხოლო მოპასუხე ა. ხ-ოვმა სანოტარო ბიუროსათვის კანონით დალგენილი 2 თვის ვადაში არ მიმართა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, რითაც დაკარგა სამკვიდროს მიღების უფლება. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი დედის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და კვლავ განაგრძობს სადავო ბინის ფლობას, რითაც ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო.
ა. ხ-ოვმა ნაწილობრივ ცნო ე. ხ-ოვას სარჩელი და მიიჩნია, რომ მას უნდა მიეკუთვნოს სადავო სახლის 2/3, ხოლო შეგებებული სარჩელით მოითხოვა სახლის 1/3 შემდეგი საფუძვლით: მშობლების გარდაცვალების შემდეგ დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე: თვითონ, ე. ხ-ოვა და დისშვილი ა-ნა, რომელმაც სამკვიდროზე უარი თქვა დეიდის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ ეკუთვნის სახლის 1/3.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ხ-ოვას სარჩელი და ა. ხ-ოვის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სამკვიდრო ბინის ½1/2 ნაწილის 1/6 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნა ა. ხ-ოვი, ხოლო ე. ხ-ოვა ცნობილი იქნა სამკვიდრო 1/2 ნაწილის 2/6 ნაწილზე მესაკუთრედ და მემკვიდრედ, ხოლო მის საკუთრებაში არსებული 1/2 წილის გათვალისწინებით ცნობილ ინა მთელი სახლის 5/6-ის მესაკუთრედ. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: მიიჩნია, რომ 1993 წელს, სადავო სახლის პრივატიზაციისას, ზ. ხ-ოვას ოჯახის წევრად ითვლებოდა ე. ხ-ოვა და საცხოვრებელ სახლის 1/2 ნაწილზე მოპოვებული ჰქონდა უფლება, როგორც მესაკუთრეს. ამგვარად, ზ. ხ-ოვას სამკვიდრო ქონებას შეადგენდა სახლის ½1/2. იმის გათვალისწინებით, რომ ალ. ხ-ოვამ სამკვიდროზე უარი თქვა ე. ხ-ოვას სასარგებლოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ხ.-ს წილი უნდა განსაზღვრულიყო სახლის 5/6-ით, ხოლო ა. ხ-ოვის 1/6-ით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაიცო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ოვმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ხ-ოვას სარჩელი და იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის 2/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. დაკმაყოფილდა ა. ხ-ოვის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ბინის 1/3-ის მესაკუთრედ. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. ხ-ოვამ ბინის პრივატიზაციის დროს მოიპოვა საკუთრების უფლება ბინის ½1/2-ზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ხ-ოვას სამკვიმდრო ქონებას შეადგენს მთელი სახლი. ზ. ხ-ოვას დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე: ე. ხ-ოვა, ა. ხ-ოვი და ალ. ხ-ოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ალ. ხ-ოვამ უარი თქვა მემკვიდრეობაზე ე. ხ-ოვას სასარგებლოდ, სასამართლომ წილთა რაოდენობა შემდეგნაირად განსაზღვრა: ე. ხ-ოვას მიაკუთვნა სახლის 2/3, ა. ხ-ოვს სახლის 1/3.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ხ-ოვამ, რომლითაც მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ფაქტობრივად, მ. ხ-ოვმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის აღებასთან დაკავშირებით თითოეულ შვილს არგუნა თავისი კუთვნილი წილი, რის გამოც ა. ხ-ოვის მოთხოვნა მემკვიდრეობის მიღებაზე უსაფუძვლოა. ე. ხ-ოვას მოპოვებული აქვს ბინის 1/2-ზე საკუთრების უფლება 1993 წლიდან, ე.ი. ბინის პრივატიზაციის დროიდან ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულია ბინის მესაკუთრედ.
ე. ხ-ოვა რომ არ ყოფილიყო ბინის თავდაპირველი მესაკუთრე, საკუთრების უფლებას მაინც მოიპოვებდა, რადგან 30 წელი მართლზომიერად ფლობს სადავო სახლს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა, რომ ზ. ხ-ოვას სამკვიდრო ქონებას შეადგენს მთელი სახლი, რადგან იმ დროს მოქმედი საბინაო-საამშენებლო კოპერატივის სანიმუშო წესდების შესაბამისად, რომლის ნორმატიული აქტი იყო კოოპერატივის წევრის მ. ხ-ოვის გარდაცვალების შემდეგ პაის (საცხოვრებელი სახლის) მემკვიდრე და მესაკუთრე გახდა მისი მეუღლე ზ. ხ-ოვა, რის გამოც მასთან 1993 წელს დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლითაც საამშენებლო კოოპერატივმა ზ. ხ-ოვას საკუთრებაში გადასცა სადავო სახლი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი მშობლების ერთადერთი მემკვიდრეა, რადგან მისმა და-ძმამ მშობლების სიცოცხლეშივე მიიღეს სამკვიდროდან წილი ბინების სახით, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის და სწორედ ეს ქონება ნაწილდება მემკვიდრეთა შორის, რის გამოც კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიიღეს სამკვიდროდან თავიანთი წილი, უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ ზ. ხ-ოვას დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე და იმის გათვალისწინებით, რომ ალ. ხ-ოვამ უარი თქვა სამკვიდროზე ე. ხ-ოვას სასარგებლოდ, სწორად განსაზღვრა წილთა რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაქუმებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ხ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.