Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¡¡

¹ 3კ/614 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ს-ძემ, რომელიც მუშაობს ¹ ... სამხედრო ნაწილში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში ... მდებარე ბინიდან მოპასუხეების გ. მ-შვილის და ნ. ს-შვილის გამოსახლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ს-ძე არ არის სათანადო მოსარჩელე, რადგან სადავო ბინა ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების მთავარ სამმართველოს, რის გამოც 1999 წლის 16 ივლისის განჩინებით ჯ. ს-ძის თანხმობით არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით, კერძოდ, ასეთად მიჩნეული იქნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹ ..., ხოლო ჯ. ს-ძე საქმეში ჩაება მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე. სამხედრო ნაწილმა სასარჩელო განცხადებაში მოითხოვა მ-შვილისა და ს-შვილის გამოსახლება უკანონოდ დაკავებული ფართიდან, იმ საფუძვლით, რომ თბილისში ... მდებარე ბინა არის მათი საკუთრება, ბინაში უკანონოდ შეჭრილია ს-შვილისა და მ-შვილის ოჯახი, ბინა მათ მიერ განაწილებულია კანონით დადგენილი წესით ს-ძეზე, გამოწერილია ბინით სარგებლობის ორდერი, მაგრამ იგი ვერ ახერხებს სადავო ბინაში შესვლას, რადგანაც მოპასუხეები არ იძლევიან ამის საშუალებებს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და შემხვედრი სარჩელით მოითხოვეს სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სამხედრო ნაწილი ¹ ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მ-შვილი ცნობილი იქნა სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლედ, ხოლო ამ უკანასკნელს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო ნაწილმა ბინაზე ორდერი გამოუწერა ს-ძეს, როდესაც სადავო ბინა დაკავებული ჰქონდა მ-შვილის ოჯახს, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცა ბინა საცხოვრებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სამხედრო ნაწილს საცხოვრებელი ბინები გადაეცა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ნაწილის გასვლის შემდეგ 1993 წელს, ხოლო ბინა კი მ-შვილს გადაეცა 1992 წელს, ამდენად, ბინის ხელახალი განაწილების საფუძველი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილს არ ჰქონდა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამხედრო ნაწილმა ¹ .... თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სამხედრო ნაწილის ¹ ... სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სამხედრო ნაწილის ¹ ... სარჩელი. გ. მ-შვილი და ნ. ს-შვილი გამოსახლდნენ თბილისში, ... მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დაკავებული ფართიდან. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ მოპასუხეები სათანადო ნებართვის გარეშე იყვნენ შესული სადავო ფართში და რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილის ¹ 22411 1992 წლის 12 მაისის უნომრო დადგენილება არ წარმოადგენს საცხოვრებელ სადგომში შესახლების საფუძველს, ხოლო იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, ბინის დაკავების საფუძველი _ ორდერი მ-შვილი_ს-შვილის ოჯახზე გაცემული არ ყოფილა. სასამართლომ, ასევე მიიჩნია, რომ მ-შვილის მიერ სასამართლოში წარდგენილი დადგენილება, რომლითაც ვითომ მას მიეცა ბინის დაკავების უფლება, არის წინასწარ ბეჭედდასმულ ქსეროასლით გადაღებულ უტექსტო ბლანკზე დაბეჭდილი. ასევე, მიაჩნია, რომ დადგენილებაში აღნიშნული სამხედრო ნაწილი ¹ ... “ა-ზე” განთავსებული 1992 წელს არ ყოფილა, არამედ აქ განთავსებული იყო ნაწილი ¹ ... .

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მ-შვილი არ არის სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელი, არამედ, ფართი მას დაკავებული აქვს თვითნებურად, რის საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის 170-172 მუხლების საფუძველზე გამოასახლა სადავო ბინიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ-შვილმა და ს-შვილმა, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება ¹ ... სამხედრო ნაწილის ბალანსზე. სამხედრო ნაწილმა დადგენილი წესით ბინა სარგებლობისათვის გამოუყო მესამე პირს ჯ. ს-ძის ოჯახს, რომელიც ვერ ახერხებს ბინის დაკავებას, ვიანიდან ბინაში შეჭრილნი არიან მოპასუხეები ს-შვილი და მ-შვილი. ს-შვილს და მ-შვილს არავითარი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უფლებას მისცემდა სადავო ფართის დაკავებაზე, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. საქმეში წარმოდგენილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹ ... სამხედრო ნაწილის დადგენილება მოპასუხისათვის ბინის მფლობელობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს და ამდენად, ისინი არ ჩაითვლებიან სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 172-ე მუხლები და სწორად ჩათვალა, რომ მესაკუთრეს (ე.ი. სამხედრო ნაწილს) უფლება აქვს მოთხოვოს მფლობელს (მოპასუხეს) ნივთის უკან დაბრუნება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის გადაწყვეტის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ-შვილისა და ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.