Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/615 16 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მა. და მ. მ-ძეების მიმართ და მოითხოვა თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, რომლითაც მა. მ-ძემ ბინა მიყიდა მ. მ-ძეს ბათილად ცნობა, მა. და მ. მ-ძეების სადავო ბინიდან გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინა ეკუთვნოდა მის ძმას შ. მ-ძეს, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. რადგან თვითონ იყო მოხუცი და არ შეეძლო სიარული, გენერალური მინდობილობა მისცა თავის დეიდაშვილს _ მოპასუხე მა. მ-ძეს, რათა მას ბინა გადაეფორმებინა მისი ე.ი. მ. ხ-შვილის სახელზე. როგორც მოგვიანებით გაიგო მა. მ-ძემ ისარგებლა გენერალური მინდობილობით და ნაცვლად იმისა, რომ ბინა გადაეფორმებინა მასზე ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმა თავის ძმას მოპასუხე მ. მ-ძეს.

თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მა. და მ. მ-ძეებს შორის დადებული თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ბინა კვლავ აღირიცხა მ. ხ-შვილის საკუთრებად. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილებით მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოთხვონები დაყენებული ჰქონდა სასარჩელო განცხადებაში, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა მათზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მა. და მ. მ-ძეები გამოსახლებული იქნენ თბილისის ... მდებარე ბინიდან, ხოლო მ. ხ-შვილის მოთხოვნა მა. და მ. მ-ძეებზე მატერიალური ზარალის გადახდევინების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მათ დაეკისრათ მ. ხ-შვილის სასარგებლოდ 3136 ლარის გადახდა დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე დაუსაბუთებლობის გამო:

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ბინის მ. ხ-შვილის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში კანონიერ ძალაშია, ვინაიდან იგი არც ერთი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. აქედან გაომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების მიხედვით მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი ქონება მოითხოვოს უკანონო მფლობელიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოპასუხეებს დააკისრათ მიუღებელი შემოსვლის სახით სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლების მიხედვით მიუღებელი შემოსავალი ბინის ქირა 3136 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს როგორც მა. და მ. მ-ძეებმა, ისე მ. ხ-შვილმა, მ-ძეებმა მოითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმების მთლიანად, ხოლო მ. ხ-შვილი თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას და მორალური და მატერიალური ზიანის სრულ დაკმაყოფილებას, ასევე საადვოკატო ხარჯის 2000 ლარის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მა. და მ. მ-ძეების საკასაცირო საჩივარი კერძოდ, მათთვის მიუღებელი შემოსავლის 3136 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში უნდა გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

მ. ხ-შვილი თავისი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა მოპასუხეებს მა. და მ. მ-ძეებს შორის თბილისში ... მდებარე ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მათ გამოსახლებას სადავო ბინიდან და მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრებას. თბილისის საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გადაწყვიტა მხოლოდ ნასყიდობის ბათილად ცნობის საკითხი და არ უმსჯელია მოსარჩელის სხვა მოთხოვნებზე, კერძოდ მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება, მათთვის მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრების შესახებ.

თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მა. და მ. მ-ძეებს არ გაუსაჩივრებიათ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მ. ხ-შვილმა იმ ნაწილში, რომ რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხეთა გამოსახლების და მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, ამდენად საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა, რადგან გადაწყვეტილება ამ ნაწილში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია. ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. და მ. მ-ძეებს შორის და სადავო ბინა საკუთრების უფლებით კვლავ მოსარჩელე მ. ხ-შვილის სახელზე ირიცხება, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების საკითხის გადაწყვეტისას სწორად გაომიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლი, რომლის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა, ამ ნივთის ფლობის უფლება მოცემულ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, მოპასუხეებს სადავო ბინის ფლობის იურიდიული უფლება, არ ჰქონდა და მოპასუხეთა გამოსახლება კანონიერია. რაც შეეხება მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის, ბინის ქირის 3136 ლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ არის, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რის გამოც ამ ნაწილში იგი უნდა გაუქმდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის მიუღებელი შემოსავალი, რომელიც არ მიუღია მხარეს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცება იმისა, რომ მ. ხ-შვილს დადებული ჰქონდა სადავო ბინაზე ქირავნობის ხელშეკრულება და მან ვერ მოახერხა ბინის გადაცემა დამქირავებლისათვის მოპასუხეთა ბრალის გამო. იმისათვის, რომ დაეკისროს მხარეს მიუღებელი შემოსავალი, მხოლოდ აუდიტის დასკვნა სადავო ბინის ქირის საბაზრო ღირებულების შესახებ, საკმარისი არ არის, საჭიროა არსებობდეს რეალური გარემოება იმისა, რომ მხარემ ვერ მოახერხა ქირავნობის ხელშეკრულების შესრულება მეორე მხარის ბრალით, რის გამოც ვერ მიიღო ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ხ-შვილის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უკანონოა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას მოცემულ შემთხვევაში კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მა. და მ. მ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება მა. და მ. მ-ძეებზე 3136 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

მოსარჩელე მ. ხ-შვილს სარჩელში მა. და მ. მ-ძეებზე ზიანის დაკისრების შესახებ უარი ეთქვას.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.