¹3კ/615-01 15 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს.-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ სს “ს.-ს”, სს “თ.-სა” და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის 1999 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება “ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ”. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს “ს.-მა” სს “თ.-ს” 2000 წლის 18 აპრილის ჩათვლით მიაწოდა 524 811 815 მ.კ. ბუნებრივი გაზი. ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, რაც დღემდე არ გაკეთებულა. სს “თ.-ის” სს “ს.-ისადმი” დავალიანებამ 2000 წლის 1 ივლისისათვის შეადგინა 21 435 387,30 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე “ს.-მ” მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღება და მოპასუხისათვის დავალიანების გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ 2000 წლის 15 სექტემბერს მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება. სს “თ.-ს” სს “ს.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 21 435 387,30 ლარის გადახდა.
სს “თ.-მ” შესაგებელში მიუთითა, რომ სს “თ.-ს” სს “ს.-ს” და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის 1999 წლის 24 სექტემბერს დადებული ¹82 ხელშეკრულებით სს “თ.-ი” წარმოადგენს მიმღებს, ხოლო გადამხდელი არის საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, რის გამოც დავალიანება დაფარული უნდა იქნეს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ. K
კოლეგიის 2001 წლის საოქმო განჩინებით სს ,,თ.-ის” ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ს.-ის” სარჩელს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
Kკოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი არის ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების კერძო სამართლის იურიდიული პირი. საბაზრო წესების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად “ბაზარი” ვალდებულია უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტებისათვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი გამოდის თანამოსარჩელის როლში. აღნიშნული ნორმებიდან აშკარად ჩანს, რომ “საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს” სს “თ.-ის” სახსრების მხოლოდ დანიშნულებით გადარიცხვის ფუნქცია ევალებოდა. ე.ი. გამოდიოდა მხოლოდ საფინანსო ოპერატორის როლში. აღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიამ სს “ს.-ის” მოთხოვნა, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ, მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სს “ს.-ი” საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ “ს.-ის” სარჩელს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ უკანონოდ ეთქვა უარი.
სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სს “თ.-ი”, როგორც გაზის მიმღები, არის იგივე მყიდველი და იგი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი აირის შეთანხმებული საფასური, ეწინააღმდეგება სასამართლოს დადგენილებას, რომლითაც მან სს “თ.-ი” არასათანადო მოპასუხედ ცნო.
საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს საქმის ხელახლა განხილვას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, ამასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობაში ყოველთვის არსებობს პირი, რომელიც მიღებული პროდუქციის საფასურს იხდის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აპრილის საოქმო დადგენილებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა “საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი” ნაცვლად სს “თ.-ისა”, ხოლო “ს.-ის” მოთხოვნა “საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ მოხმარებული გაზის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, იმ მოტივით, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს სს “თ.-ის” სახსრების მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებით გადარიცხვის ფუნქცია ეკისრებოდა.
კოლეგია მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მაგრამ არ არსებობს პირი, ვისაც უნდა დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნებს.
სასამართლო კოლეგიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული სს “ს.-ს”, სს “თ.-სა” და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი; არ ყოფილა შესწავლილი დამატებები ხელშეკრულებაზე, რომელიც მიღებულია 1999 წლის 1 დეკემბერს და 2000 წლის 21 თებერვალს.
საქმის ხელახლა განხილვისას კოლეგიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 1999 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები და ამ ცვლილებაში დაფიქსირებულია, რომ გაზის საფასურს მიმღები გადაუხდის მყიდველს. ამავე შეთანხმების 3.2 მუხლის მიხედვით ეს დამატება აუქმებს მხარეთა მიერ მიღწეულ ყველა დანარჩენ დამატებას, შეთანხმებას, გარიგებას ან ხელშეკრულებას, რასაც მიმართება აქვს წინამდებარე დამატების საგანთან.
აღნიშნული ცვლილებების შემდეგ 2000 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით იცვლება მე-5 მუხლი და მისი ახალი რედაქციით განსაზღვრულია ბუნებრივი აირის ფასი.
სასამართლომ უნდა გაარკვიოს ხელშეკრულების 2000 წლის 21 თებერვლის დამატებით შეიცვალა თუ არა ის პირობაც, რომლითაც ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას ახდენს სს “თ.-ი”.
თუ სარჩელი წარდგენილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ და მათი პასუხისმგებლობის გამიჯვნა წინასწარ რთულია, არ არის სავალდებულო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გაირკვეს, თუ რომელ მათგანს შეიძლება დაეკისროს თანხა და რომელი მათგანი წარმოადგენს საქმეზე სათანადო მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება; გაუქმდეს კოლეგიის 2001 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინება მოცემულ საქმეზე სს “თ.-ის” არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.