¹ 3კ/616-01 14 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: კოოპერატივის მეპაიეთა კრების ოქმის და კრების შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა კოოპერატივი “ს.-ე”, რომელიც შედგებოდა 92 წევრისაგან. კოოპერატივის დირექტორებად არჩეულ იქნენ კ. ლ-შვილი და ც. ბ-შვილი არჩეულ იქნა ასევე, სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით.
1999 წლის 24 სექტემბერს კოოპერატივის დირექტორმა მოიწვია საერთო კრება, რომელზედაც განიხილეს წესდებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხი. კრების გადაწყვეტილებით კოოპერატივ “ს.-ეს” შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა “სი.-ე”, ნაწილობრივ შეიცვალა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, გადარჩეულ იქნა დირექტორი ც. ბ-შვილი და მის ნაცვლად დირექტორად არჩეულ იქნა ა. ა-შვილი. აღნიშნული ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში შეტანილი იქნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით. ეს დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს და მესამე პირებს, ც. ბ-შვილი საქმეში არ მონაწილეობდა მხარედ, რადგან სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა მოხდა უდავო წარმოების წესით. ამასთან, ც. ბ-შვილს განემარტა, რომ სასარჩელო განცხადების შეტანის წესით შეეძლო ედავა კოოპერატივ “ს.-ის” იმ კრების ოქმის გაუქმების შესახებ, რომლითაც დადგენილი იქნა კოოპერატივის წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის განჩინებით.
2000 წლის 19 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა რეგისტრირებული კოოპერატივი “ს.-ის” მეპაიეთა 1999 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ¹ 2 ოქმის და კრების შედეგების ბათილად ცნობა. საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1999 წლის 24 სექტემბერს მეპაიეთა საერთო კრება მოწვეული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მდივანი, ნაცვლად გამგეობის წევრებისა. კრებას არ ესწრებოდა თვითონ ე.ი. “ნამდვილი დირექტორი”. მოსარჩელის მოსაზრებით, კ. ლ-შვილს არ ჰქონდა კრების მოწვევის უფლება, რადგან 1999 წლის 19 აგვისტოს საერთო კრების მიერ იგი გათავისუფლებული იყო დირექტორის თანამდებობიდან. ამასთან იგი მუშაობს სხვა საზოგადოების დირექტორად, რისი უფლებაც მას არა აქვს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მიერ საერთო კრება ჩატარებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, მოსარჩელის მიერ საერთო კრების ოქმი გასაჩივრებულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. აღნიშნულის გამო მოპასუხეებმა მოითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სასარჩელო ხანდაზმულობის გამო უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განიხილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საერთო კრების 1999 წლის 24 სექტემბრის ¹2 ოქმის და კრების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელემ საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეიტანა 1999 წლის 4 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ აღნიშნული საჩივარი არ იქნა განხილული და სიტყვიერად განემარტა მოსარჩელეს, რომ მას შეეძლო ედავა სასარჩელო წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს სიტყვიერად კი არ უნდა განემარტა, არამედ ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. ამდენად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა საერთო კრების ოქმი.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ კოოპერატივი “ს.-ის” მეპაიეთა საერთო კრება მოწვეულ და ჩატარებულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.8, 63.6, 63.9ა და 63.11 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, საერთო კრების მოწვევის შესახებ გაზეთ “...-ში” გამოქვეყნდა 4 დღით ადრე, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული სამი კვირისა. კრება მოწვეული იქნა დირექტორის მიერ, ნაცვლად გამგეობისა. კრების ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი, ნაცვლად გამგეობის წევრებისა. კრების ოქმში არ არის მითითებული კრების ჩატარების ადგილი და კენჭისყრის სახეობა. სასამართლომ მიუთითა, რომ კოოპერატივის წესდებაში ცვლილებები სავალდებულო ძალას იძენენ, როცა მათ სარეგისტრაციოდ სასამართლოს წარუდგნენ მოცემულ შემთხვევაში რკ “ს.-ის” საერთო კრებაზე წესდების 7.7 მუხლში შეტანილ იქნა დამატება, კერძოდ, “საერთო კრება უფლებამოსილია თანამდებობის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ვადამდე ადრე დაითხოვოს ორივე ან ერთ-ერთი დირექტორი და მათ ნაცვლად აირჩიოს ახალი დირექტორი”. კრებამ ასევე დაადგინა, რომ ც. ბ-შვილს შეუწყდეს უფლებამოსილება და მისი უფლებამოსილება გადაეცა მეპაიე ა. ა-შვილს. ამდენად, წესდებაში შეტანილი ცვლილება დირექტორის გათავისუფლებაზე ისე იქნა გამოყენებული ც. ბ-შვილის მიმართ, რომ არ წარდგენია სასამართლოს და მას სავალდებულო ძალა არ შეუძენია.
აღნიშნული საფუძვლებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ც. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ც. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დარღვეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, კრების ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს მისი შედგენიდან ორი თვის ვადაში. ც. ბ-შვილმა კი კრების ოქმი გაასაჩივრა რვა თვის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელის მიერ 1999 წლის 4 ოქტომბერს შეტანილი იყო საჩივარი და არა სარჩელი და რადგან ცვლილებების რეგისტრაცია სასამართლოში ხორციელდება უდავო წარმოების წესით, მოსარჩელეს უნდა აღეძრა სარჩელი და არა საჩივარი. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2000 წლის 19 მაისს, რის გამოც კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმის გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა.
რაც შეეხება გადაწყვეტილებაში მითითებულ საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების დროს დაშვებულ დარღვევებზე, კასატორს მიაჩნია, რომ ისინი არ არის არსებითი დარღვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლის თანახმად, დაუშვებელია საერთო კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ კოოპერატივი “ს.-ის” საერთო კრების 1999 წლის 24 სექტემბრის ¹ 2 ოქმი და კრების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ საჩივარი ც. ბ-შვილმა შეიტანა სასამართლოში 1999 წლის 4 ოქტომბერს. სასამართლომ მიერ აღნიშნული საჩივარი არ იქნა განხილული და იგი დატოვებული იყო რეაგირების გარეშე. მაშინ, როდესაც სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, საჩივრის ავტორისათვის მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. საჩივარში განცხადებული მოთხოვნები სასამართლომ განიხილა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ც. ბ-შვილმა 2000 წლის 19 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ც. ბ-შვილმა საერთო კრების გადაწყვეტილება გაასაჩივრა კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცადა დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებულელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში ც. ბ-შვილმა 1999 წლის 4 ოქტომბერს (“მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში) საჩივრით მიმართა სასამართლოს მოთხოვნის არსებობის შესახებ. პალატას მიაჩნია, საჩივრის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა და რადგან სასამართლოს მიერ აღნიშნული საჩივარი დატოვებული იყო რეაგირების გარეშე, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის I ნაწილის თანახმად გრძელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ც. ბ-შვილის მიერ არ იყო დარღვეული მეპაიეთა საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.
კასატორები არ უარყოფენ, რომ საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების დროს დაირღვა კანონის მოთხოვნები, მაგრამ მათი მოსაზრებით გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევები არ არის არსებითი ხასიათის და სასამართლოს უმნიშვნელო დარღვევებისათვის სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მეპაიეთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების დროს დაცული არ იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელო დარღვევად. კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.8 მუხლის თანახმად, საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა სამი კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით. მოცემულ შემთხვევაში მეპაიეთა საერთო კრების მოწვევის შესახებ გაზეთ “...-ში” გამოქვეყნდა 4 დღით ადრე.
მეწარმეთა შესახებ”კანონის 63.7 მუხლი საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას ანიჭებს კოოპერტაივის გამგეობას. რკ “ს.-ის” გამგეობა შედგება ორი დირექტორისაგან, საერთო კრება კი მოწვეულ იქნა ერთ-ერთი დირექტორის მიერ.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.9 მუხლის თანახმად, საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ადგილსა და დღეს, მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები. მოცემულ შემთხვევაში კრების ოქმი არ შეიცავს კრების ჩატარების ადგილს, კენჭისყრის სახეობას და ოქმს ხელს არ აწერს გამგეობის დამსწრე წევრი, მას ხელს აწერს მხოლოდ თავმჯდომარე და მდივანი.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.11 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებები, რომლებიც კოოპერატივის წესდებაში ცვლილებებს შეეხება, მხოლოდ იმის შემდეგ იღებენ სავალდებულო ძალას, როცა მათ სარეგისტრაციოდ სასამართლოს წარუდგენენ.
1999 წლის 24 სექტემბრის მეპაიეთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება კოოპერატივის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, საერთო კრებას უფლება მიეცა ვადაზე ადრე გაეთავისუფლებინა დირექტორი. აღნიშნული ცვლილება ისე, რომ სასამართლოს არ წარდგენია და სავალდებულო ძალა არ მიუღია, გამოყენებულ იქნა ც. ბ-შვილის მიმართ, იგი იმავე კრებაზე გათავისუფლებულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მეპაიეთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების დროს დარღვეული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის იმპერატიული მოთხოვნები და კასატორის მიერ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ლ-შვილის და ა. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.