Facebook Twitter

ბს-338-269-კ-05 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა, წილის გამოყოფა, რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმში, ..... მდებარე სადავო ბინის დამქირავებელი იყო გ. ლ-ა (მოსარჩელე გ. ღ-ას დედა). მეუღლესთან განქორწინების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ზ. დ-ეზე, რომელიც საცხოვრებლად მეუღლის ბინაში გადავიდა, სადაც დედასთან _ გ. ლ-ასთან ერთად ცხოვრობდა გ. ღ-ა. სადავო ბინაში ცხოვრების დროს დაიბადნენ მოსარჩელე ქ. ჯ-ის მეუღლე თ. დ-ე და ლ. დ-ე. გ. ლ-ა გარდაიცვალა 1973 წელს. სადავო ბინაში ამ დროისათვის ცხოვრობდნენ ზ. დ-ე, მისი გერი გ. ღ-ა, შვილები: თ. და ლ. დ-ეები. 1974 წელს ზ. დ-ემ ცოლად შეირთო კასატორი ნ. გ-ე. 1980 წელს მოსარჩელე ქ. ჯ-ე და თ. დ-ე დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი შვილი, მოსარჩელეები: გ. და დ. დ-ეები. 1997 წელს ზ. დ-ე გარდაიცვალა, 1999 წელს გარდაიცვალა თ. დ-ე, ხოლო 2000 წელს გარდაიცვალა ლ. დ-ე. 1999წ. 6 იანვარს ლ. დ-ის წერილობითი თანხმობისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, ნ. გ-ემ მოახდინა ბათუმში, ...... მდებარე ბინის პრივატიზება.

2001წ. 21 სექტემბერს ქ. ჯ-ემ, გ. და დ. დ-ეებმა და გ. ღ-ამ სარჩელი აღძრეს ნ. გ-ისა და ნოტარიუს ი. ბ-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს ბინის სადავო პრივატიზების გაუქმება, წილის გამოყოფა და ბინაში შესახლება:

მოსარჩელეების მითითებით, საცხოვრებელ ბინაზე სადავო პრივატიზება განხორციელებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების დარღვევით, კერძოდ, სადავო ბინაში მათ გააჩნდათ წილი, რაც პრივატიზების დროს გათვალისწინებული არ ყოფილა და პრივატიზება განხორციელდა მათი თანხმობის (ხელმოწერის) გარეშე. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ თითოეულს ეკუთვნის წილი _ ბინის საერთო 92,45 კვ.მ-დან, 1/5, ანუ 19 კვ.მ. მოსარჩელეები ბინის პრივატიზების გაუქმებასთან ერთად მოითხოვენ თავიანთი წილის _ 4/5-ის, ანუ 76 მ2-ის გამოყოფას და აღნიშნულ ფართში შესახლებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაება ქ. ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორა, ხოლო მოსარჩელე გ. ღ-ას გარდაცვალების გამო, საქმეში ჩაება მისი საპროცესო უფლებამონაცვლე ნ. ჭ-ე.

მოპასუხე ნ. გ-ემ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც სადავო ბინაზე მოსარჩელეთა: ქ. ჯ-ის, გ. და დ. დ-ეების, გ. ღ-ას რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-3, მე-5 მუხლების საფუძველზე. ნ. გ-ის მითითებით, მოპასუხეები (ძირითადი სარჩელის მოსარჩელეები) წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, არც მისი, როგორც ბინის მესაკუთრის, თანხმობა გააჩნიათ რეგისტრაციაზე, ამიტომ მისი მოთხოვნა მოპასუხეთა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი სადავო ბინის პრივატიზების გაუქმების, წილის გამოყოფისა და ბინაში შესახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო შეგებებული სარჩელი სადავო ბინაში მოპასუხეთა (ძირითადი სარჩელის მოსარჩელეთა) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოთა მიერ.

ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის, გ. და დ. დ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტების სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნ. გ-ის სახელზე 1999წ. 6 იანვარს განხორციელებული ბინის სადავო პრივატიზება, აპელანტებს სადავო ბინიდან გამოეყოთ იდეალური 4/6 წილი _ 52,4 კვმ-ის ოდენობით და შესახლებულ იქნენ აღნიშნულ ფართზე. გ. ღ-ას უფლებამონაცვლის, ნ. ჭ-ის, მოთხოვნას უარი ეთქვა. ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემდეგი მოტივით გაუქმდა სადავო ბინაზე გ. ღ-ას რეგისტრაცია:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. გ-ე და მისი გერები თავიდანვე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მათ შორის ხშირი იყო უთანხმოება. 1989 წლიდან თ. დ-ის ავადმყოფობის გამო ოჯახი გადავიდა ქობულეთში, რადგან ავადმყოფს ქობულეთის ჰავა ესაჭიროებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. დ-ის ოჯახის ქობულეთში ყოფნა იძულებით იყო გამოწვეული, ბათუმში მდებარე სადავო სახლი არ მიუტოვებიათ, რასაც ადასტურებს თ. დ-ის აღნიშნული ფართიდან გამოსვენება. სადავო პრივატიზაციის განხორციელების დროს, ე.წ. ფორმა ¹1-ში, მართალია, მითითებული იყო მხოლოდ ნ. გ-ესა და ლ. დ-ეზე, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ფორმა ¹1-დან თ. დ-ის ოჯახის წევრების ამოღება არასწორად მოხდა, რადგან ამის შესახებ არც მოსარჩელეთა განცხადება არსებობს და არც ბათუმის მერიის დადგენილება. ნ. გ-ემ ასევე ვერ წარმოადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბინაზე მოსარჩელეთა უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელეები: ლ. დ-ის მეუღლე ქ. ჯ-ე და მისი შვილები გ. და დ. დ-ეები მიიჩნია სადავო ბინის სრულუფლებიან დამქირავებლებად, რომლებსაც ჰქონდათ ბინის პრივატიზების უფლება, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა 1999წ. 6 იანვარს ნ. გ-ის სახელზე განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1999წ. 6 იანვრისათვის ბინის პრივატიზების უფლება გააჩნდათ მოსარჩელე ქ. ჯ-ეს, მის მეუღლეს _ თ. დ-ეს და მათ შვილებს: გ. და დ. დ-ეებს, ასევე, თავად ნ. გ-ეს და გერს _ ლ. დ-ეს, რომელმაც თავისი წილი დაუთმო დედინაცვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ბინიდან 4/6-ის სახით 52,4 კვ.მ ფართის გამოყოფაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. გ-ეს უნდა დარჩეს დანარჩენი 2/6. სააპელაციო პალატამ გ. ღ-ას უფლებამონაცვლის მოთხოვნა წილის გამოყოფაზე უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ იგი სადავო ბინაში ჩაწერილი იყო დროებით, გადასული იყო სხვაგან საცხოვრებლად, რის გამოც დაკარგული ჰქონდა ბინაზე უფლება და შესაბამისად, არ გააჩნდა სადავო პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი სადავო ბინაზე გ. ღ-ას რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. ჯ-ის, გ. და დ. დ-ეების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ის მიერ, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო ქ. ჯ-ის, გ. და დ. დ-ეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითებები, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელეთა განმარტება, რომ მათ არც ნათესაური კავშირი ჰქონდათ კასატორთან და არც სურვილი გააჩნდათ ამისა. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ თ. დ-ის ავადმყოფობის გამო, 1989 წლიდან მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ქობულეთში, ხოლო მანამდე, 1983-84 წლებიდან გადასული იყვნენ ნაქირავებ ბინაში და ამდენად მათ გაწყვეტილი ჰქონდათ ბინასთან კავშირი, რაც მათ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას ნიშნავს.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, მან ერთსა და იმავე მტკიცებულებას განსხვავებული სამართლებრივი შეფასება მისცა, რაც დაუშვებელია. სასამართლომ გ. ღ-ას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა პირადი ბარათის საფუძველზე, რადგან მიიჩნია, რომ იგი ჩაწერილი იყო დროებით და წლების მანძილზე აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში. იმავე პირადი აღრიცხვის ბარათს სასამართლომ ქ. ჯ-ეს, გ. და დ. დ-ესთან მიმართებაში სხვა სამართლებრივი შეფასება მისცა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბარათის მიხედვით მოსარჩელეები არასდროს ყოფილან ჩაწერილები სადავო ბინაში, შესაბამისად, არც მათ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა იყო საჭირო, სასამართლომ ისინი მაინც მიიჩნია დამქირავებლებად და პრივატიზების უფლების მქონე პირებად. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მოსარჩელეებს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ითხოვდნენ, კერძოდ, მოსარჩელეებს მიაკუთვნა 1/4 გარდაცვლილი მეუღლის _ თ. დ-ის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ისინი მეუღლის წილს არ ითხოვდნენ.

მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს კასატორ ნ. გ-ის მიერ ბათუმში, ...... მდებარე ბინაზე 1999წ. 6 იანვარს განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმება და მხარეებს შორის წილების მიკუთვნება. “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამრიგად, ბინის უსასყიდლო პრივატიზების უფლება გააჩნდა ყველა დამქირავებელსა და მათი ოჯახის წევრს, რომლებსაც ბინის პრივატიზების მომენტისათვის მოპოვებული ჰქონდათ ფართზე უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმში, ...... მდებარე სადავო ბინის პრივატიზება 1999წ. 6 იანვარს თავის სახელზე განახორციელა კასატორმა ნ. გ-ემ. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ამავე თარიღის ცნობის მიხედვით, პრივატიზების მომენტისათვის სადავო ბინის დამქირავებლებს წარმოადგენდნენ ნ. გ-ე და მისი გერი ლ. დ-ე, რომელმაც წერილობთი თანხმობა განაცხადა ბინის ნ. გ-ის სახელზე პრივატიზების თაობაზე. სააპელაციო პალატამ 1999წ. 6 იანვრის ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სარწმუნო მტკიცებულებად არ მიიჩნია, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სადავო ბინაზე გაცემული პირადი ბარათი ¹2014, რომელიც, მართალია, ბინის პრივატიზებამდე 18 წლით ადრინდელ, 1981წ. მდგომარეობას ასახავს, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. წარმოდგენილი პირადი ბარათის მიხედვით, სადავო ბინის დამქირავებელია ზ. დ-ე (კასატორის მეუღლე და თ. დ-ის მამა), რომელიც ბინის პრივატიზებამდე გარდაიცვალა 1997 წელს. პირადი ბარათის თანახმად ბინაში რეგისტრირებული არიან კასატორები: ნ. გ-ე, გ. ღ-ა და ზ. დ-ის შვილები: თ. და ლ. დ-ეები. როგორც აღინიშნა, ლ. დ-ემ წერილობითი თანხმობა განაცხადა სადავო ბინის ნ. გ-ის სახელზე პრივატიზებაზე და იგი პრივატიზაციისათვის წარდგენილი საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 1999წ. 6 იანვრის ცნობაში ბინაში მცხოვრებად არის მითითებული, ხოლო თ. დ-ე (მოსარჩელე ქ. ჯ-ის მეუღლე და ზ. დ-ის მეორე შვილი), ცნობაში მითითებული არ არის. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად თ. დ-ის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ამიტომ, ვინაიდან 1981 წლისათვის თ. დ-ე სადავო ბინაზე გაცემული პირადი ბარათის მიხედვით რეგისტრირებული იყო აღნიშნულ ბინაში ბინის დამქირავებლის, ზ. დ-ის ოჯახის წევრად (შვილი) და რადგან არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მისი ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ თ. დ-ეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ჰქონდა ბინის პრივატიზაციის უფლება. ამასთან, ბინის პრივატიზაციისათვის წარდგენილი საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა არ წარმოადგენს საქმესთან დაკავშირებით უტყუარი მტკიცებულებას და ვინაიდან იგი სწორად არ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას მართებულად არ იხელმძღვანელა ამ მტკიცებულებით.

სსკ-ის 105-ე მუხლის I-II ნაწილების თანახმად, სასამართლოში წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო მათ აფასებს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, არც სადავო ბინაზე 1981 წელს შედგენილი პირადი აღრიცხვის ბარათი ¹2014 არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მასში სადავო ბინის მობინადრეებად არ არიან დაფიქსირებული მოსარჩელეები: ქ. ჯ-ე და გ. და დ. დ-ეები, რომლებიც არიან თ. დ-ის მეუღლე და შვილები. ბათუმის სამისამართო ბიუროს მიერ 2003წ. 22 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ქ. ჯ-ე ბათუმში, ...... ჩაწერილია 1980წ. 18 დეკემბრიდან, 1980წ. 30 ივლისს თ. დ-ესთან ქორწინების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნულ ბინაში მშობლებთან იყვნენ ჩაწერილები გ. და დ. დ-ეები, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში არ წარმოუდგენია. ქ. ბათუმის მერია კი 2004წ. 18 ოქტომბერს გაცემული ¹ჯ-5637 ცნობით აღიარებდა პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემთა უზუსტობას და გარკვეული ხარვეზებით შევსებას.

ამიტომ სსკ-ის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, ¹2014 პირადი აღრიცხვის ბარათის, ბათუმის სამისამართო ბიუროსა და ბათუმის მერიის აღნიშნული ცნობების ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და სამართლებრივ შეფასებას ქ. ჯ-ის, გ. და დ. დ-ეების სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ. სახელდობრ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეებს, როგორც თ. დ-ის იჯახის წევრებს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ჰქონდათ ბინის სადავო პრივატიზებაში მონაწილეობის მიღების უფლება და მარტო ნ. გ-ის სახელზე ბინის პრივატიზება უკანონოა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო ბინის ნ. გ-ის სახელზე პრივატიზების გაუქმების შესახებ. პალატა ასევე იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოდავე მხარეებს შორის სადავო ბინის წილების გაყოფის თაობაზე, კერძოდ, თვლის, რომ ნ. გ-ეს სწორად გამოეყო სადავო ბინიდან თავისი და ლ. დ-ის 2/6, ხოლო მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ 4/6 მამის, აწ გარდაცვლილი თ. დ-ის წილის გათვალისწინებით.

უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევაზე, რადგან მოსარჩელეები: ქ. ჯ-ე, გ. და დ. დ-ეები ითხოვდნენ სადავო ბინიდან წილის სახით 76 კვ.მ-ის გამოყოფას, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, თ. დ-ის წილის გათვალისწინებით, მათ გამოეყოთ უფრო ნაკლები, 52,4 კვ.მ და ამდენად, მითითებულ კანონდარღვევას, სასამართლოს მხრიდან სარჩელის ფარგლების გადაცილებას, საკასაციო პალატის აზრით, ადგილი არა აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ წარდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მართებული გამოყენება _ განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ნ. გ-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.