¹3კ/620-01 5 ოქტობერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... მდებარე ორსართულიანი სახლის ¹10, ¹11 ოთახები, ფართით 44 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება თ. ნ-შვილის სახელზე. აღნიშნულ ფართს მოსარგებლის უფლებით ფლობდა რ. კ-შვილი, რომელიც გარდაიცვალა 1999 წლის 21 ოქტომბერს. თ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ რ. კ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ნათესავმა ს. ბ-ძემ დაკეტა ბინა და არ ათავისუფლებს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ბ-ძე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-შვილი არის თბილისში, ..... მდებარე ლიტ “ა” ¹10, ¹11 ოთახების მესაკუთრე. აღნიშნულ ოთახებში 1999 წლამდე მოსარგებლის უფლებით ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი რ. კ-შვილი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წლის ნოემბერში, სადავო ოთახების ფლობას შეუდგა ყოფილი მოსარგებლის დისშვილი ს. ბ-ძე ისე, რომ იგი ბინაში ჩაწერილი არ ყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ-ძეს არ ჰქონია ბინის ფლობის მართლზომიერი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა, ბინიდან გამოსახლების შესახებ, კანონიერად მიიჩნია.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 მარტის განჩინებით ს. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ბ-ძემ, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: განჩინება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან; სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; კ-შვილების ოჯახი სადავო ბინაში ცხოვრობდა 1920 წლიდან, ბინაში ჩაწერილები იყვნენ და იხდიდნენ კომუნალურ გადასახადს; რ. კ-შვილის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინის ფლობას შეუდგა კასატორი, რომელიც უვლიდა რ. კ-შვილს და მასთან ერთად ცხოვრობდა ბინაში; ს. ბ-ძემ ბინას ჩაუტარა რემონტი და ბინა კეთილმოაწყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას აქვს ბინით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე თ. ნ-შვილის სახელზე. აღნიშნულ ფართს მოსარგებლის უფლებით ფლობდა აწ გარდაცვლილი რ. კ-შვილი, რომლის გარდაცვალების შემდეგ ოთახი დაიკავა ს. ბ-ძემ.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დავის გადაწყვეტისას უნდა ესარგებლა კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რადგან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვ. (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ბ-ძესა და თ. ნ-შვილს შორის გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ არ ყოფილა დადებული. ბ-ძე არ ყოფილა რეგისტრირებული სადავო ფართში. მან ბინა დაიკავა ყოფილი მოსარგებლე რ. კ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, რის გამოც აღნიშნული კანონი მის მიმართ ვერ გავრცელდება. უსაფუძვლოა ს. ბ-ძის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას ბინით სარგებლობის უფლება მემკვიდრეობით გადაეცა, როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეს, რომელზეც მზრუნველობას იჩენდა და ავადმყოფობისას უვლიდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. კ-შვილი იყო თ. ნ-შვილის ბინის მოსარგებლე იმ პირობებით, რაც გათვალისწინებულია კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”. აღნიშნული კანონით კი გათვალისწინებული არ არის სარგებლობის უფლების მემკვიდრეებზე გადასვლა. ამგვარად, მოსარჩელე თ. ნ-შვილის, როგორც ბინის მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვა.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განჩინება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.