გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/622 31 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე (მომხსენებელი)
დავის საგანი: - ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მ. ფ-ის გამოსახლება ბაღდათის რაიონის სოფელ ..... მდებარე მისი კუთვნილი სახლის ორი ოთახიდან შემდეგი საფუძვლით: მოპასუხე 1990 წელს დაქორწინდა მოსარჩელის შვილზე _ გ. მ-ეზე. 1991 წელს ახალგაზრდა ოჯახი გამოეყო ძირითად კომლს. კომლის ქონება ორად გაიყო. მ. ფ-ეს და მის მეუღლეს, კომლის სხვა ქონებასთან ერთად, მიეკუთვნათ საცხოვრებელი სახლიდან ორი ოთახი. გაყოფის შემდეგ თითოეული ოჯახი საკომლო წიგნში აღირიცხა ცალ-ცალკე. გ. მ-ე გარდაიცვალა 1992 წელს. ნ. კ-ემ მ. ფ-ეს შეუძინა ოროთახიანი ბინა ბაღდათში კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გამოყოფილი ორი ოთახის სანაცვლოდ, მაგრამ მ. ფ-ემ უარი განაცხადა კომლის ქონებიდან მისთვის მიკუთვნებული ორი საცხოვრებელი ოთახის გამოთავისუფლებაზე. ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი. მოპასუხე მ. ფ-ის სადაო ოთახებიდან გამოსახლების შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს დამატებით დაეკისრა მ. ფ-ის სასარგებლოდ ოროთახიანი ბინის ღირებულების _ 800 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ მოპასუხის მეუღლეს, აწ გარდაცვლილ გ. მ-ეს (მოსარჩელის შვილის) გამოეყო სადავო საცხოვრებელი სადგომიდან ორი ოთახი და მოძრავი ქონების წილი სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 122-ე და 127-ე მუხლების თანახმად, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელის ოჯახმა მ. ფ-ისათვის ბინის შეძენაში გაიღო 1600 აშშ დოლარი, რაც სოლიდური თანხაა. დამატებით 800 აშშ დოლარის ნაწილში მიიჩნია, რომ მოპასუხის ახლობლებმა დაუმატეს 1.100 ლარი აღნიშნული ბინის შესაძენად.
ნ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი შეცვლა იმგვარად, რომ გადაწყვეტილებიდან ამორიცხული ყოფილიყო მისთვის 800 აშშ დოლარის დაკისრება.
მ. ფ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმ მოთხოვნით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუქმდეს და სადავო სახლში შესახლდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. მ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება. კერძოდ, ამოირიცხა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან პუნქტი ნ. კ-ისათვის ბინის ღირებულების ნაწილის _ 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ და დაემატა შემდეგი პუნქტი: “მ. ფ-ეს შეგებებულ სარჩელზე ეთქვას უარი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნეს უცვლელად”. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ემ, მ. ფ-ესთან შეთანხმებით, შეიძინა ოროთახიანი ბინა ბაღდათში სადავო ორი ოთახის სანაცვლოდ. მან მოპასუხეს ბინის თანხა გადაუხადა ნაწილ-ნაწილ ჯერ 900 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 500 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც მ. ფ-ემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ ეს ბინა აჩუქა შვილიშვილ ნ. მ-ეს (მოპასუხის შვილს). რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოპასუხეს არ მოუთხოვია მოსარჩელისაგან 800 აშშ დოლარი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშვა სადავო ოთახებზე საკუთრების უფლება, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, მ. ფ-ე უნდა გამოსახლდეს სადავო ოთახებიდან.
მ. ფ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივებით: არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილი. რადგან სადავო ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა 1991 წელს, ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 127-ე მუხლები.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
მ. ფ-ე და გ. მ-ე დაქორწინდნენ 1990 წელს, შეეძინათ ერთი შვილი. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა ბაღდათის რაიონის სოფელი .....-ში გ. მ-ის მშობლების სახლში. 1991 წლის მარტში გ. მ-ე თავისი მეუღლით გამოეყო ძირითად კომლს და გამოყოფის შემდეგ .....-ის სასოფლო საბჭოს კომისიამ მას მიაკუთვნა საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი. გ. მ-ე გარდაიცვალა 1993 წელს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამ გამოყოფილ ორ ოთახში დარჩა მ. ფ-ე შვილთან ერთად. მ. ფ-ის დედამთილმა ნ. კ-ემ გამოყოფილი ორი ოთახიდან რძლის და შვილიშვილის გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სანაცვლოდ მათ უყიდა ბაღდათში ოროთახიანი ბინა. საქმეში წარმოდგენილია ქ. ბაღდათში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ფ-ესა და ა. რ-ეს შორის გაფორმებული 1995 წლის 22 დეკემბერს (56). მართალია, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ ნ. მ-ემ რძალს მისცა 1400 აშშ დოლარი, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ეს 1400 აშშ დოლარი მ. ფ-ემ მიიღო გამოყოფილი ორი ოთახის სანაცვლოდ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების გადაცემის შეთანხმება სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო პირობითი გარიგება, რომელიც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მე-4 მუხლის თანახმად, არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ გარიგებებს.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა, ასევე სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 170-ე მუხლი და დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, ნ. კ-ეს ნამდვილად წარმოეშვა სადავო ოთახების საკუთრების უფლება და აღნიშნული მუხლის საფუძველზე, დაცულ უნდა იქნეს უკანონო ხელყოფისაგან, რის გამოც მ. ფ-ე უნდა გამოსახლდეს აღნიშნული საცხოვრებელი ოთახებიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის აუცილებელ პირობად მიიჩნევს შეთანხმების სანოტარო წესით დადასტურებას და შემდეგ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის დავა გადაწყვიტა როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით), ისე სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.