3კ/623-01 12 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მეუღლეებმა – ნ. კ-იამ და პ. ბ-ძემ 1968 წელს იშვილეს ლ. ბ-ძე, რომელიც პ. ბ-ძის შვილიშვილია პირველი ქორწინებიდან. ნ. კ-იასა და ლ. ბ-ძეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. პ. ბ-ძის გარდაცვალების შემდეგ, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის დიდუბის რაიონის ფონდის განყოფილების 2000 წლის 10 თებერვლის ¹2 დადგენილებით ნ. კ-იას თავისი განცხადების საფუძველზე მზრუნველად დაენიშნა ნ. ჯ-იანი. აწ გარდაცვლილმა ნ. კ-იამ 2000 წლის 13 აპრილს შეადგინა ანდერძი და თავისი კუთვნილი ქონება თანაბარ წილში უანდერძა ნ. ჯ-იანს და გ. ჩ-იას. ნ. კ-იამ 2000 წლის მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი უღირს მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ზრუნავს მასზე, მხოლოდ მისი ქონებითაა დაინტერესებული, ხელს უშლის, საკუთარი ბინა განკარგოს თავის სურვილისამებრ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. კ-იას სარჩელი. ლ. ბ-ძე ცნო უღირს მემკვიდრედ.
ლ. ბ-ძემ 2000 წლის 6 დეკემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ნ. კ-ია გარდაიცვალა 2001 წლის 7 იანვარს. სააპელაციო პალატამ 2001 წლის 5 აპრილის განჩინებით გ. ჩ-ია ცნო ნ. კ-იას უფლებამონაცვლედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი; გააუქმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. აწ გარდაცვლილ ნ. კ-იას უფლებამონაცვლე, გ. ჩ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ნ. კ-იამ ლ. ბ-ძის შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ არ დაადგინა ლ. ბ-ძე ხელს უშლიდა თუ არა მამკვიდრებელს, ნ. კ-იას, მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში. ლ. ბ-ძე 1996 წლიდან აღარ ცხოვრობს ნ. კ-იას ბინაში. 2000 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ ანდერძით თავისი ქონება დაუტოვა გ. ჩ-იას და ნ. ჯ-იანს. საქმის მასალებით, აგრეთვე, ვერ დასტურდება, რომ აპელანტს განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი ჩაედინა მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. არ დასტურდება ასევე ისიც, რომ ლ. ბ-ძე თავს არიდებდა ნ. კ-იას მოვლას, რადგან მოწინააღმდეგე მხარე გ. ჩ-იამ აუკრძალა მასთან მისვლა. აპელანტმა იძულებით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაწყვიტა კავშირი ნ. კ-იასთან.
გ. ჩ-იამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა გ. ჩ-ია აწ გარდაცვლილ ნ. კ-იას სამართალმემკვიდრედ, რადგან კანონი პირადი უფლებების მიმართ არ იცნობს სამართალმემკვიდრეობას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიტანა განჩინება გ. ჩ-იას სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე. გ. ჩ-იას, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს, თვითონ იყოს მოსარჩელე და მოითხოვოს უღირს მემკვიდრედ ცნობა, რადგან ეს გარემოება მისთვის იწვევს განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა სათანადოდ, არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლის თანახმად ნ. ბ-ძე უღირს მემკვიდრედ ცნობილ უნდა იქნეს იმიტომაც, რომ ბოროტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა ნ. კ-იამ და პ. ბ-ძემ 1968 წელს იშვილეს ლ. ბ-ძე, რომელიც პ. ბ-ძის შვილიშვილია პირველი ქორწინებიდან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნ. კ-იამ თავდაპირველად სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ლ. ბ-ძის შვილად აყვანის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას თანხმობა არ მიუცია შვილად აყვანაზე და ლ. ბ-ძე მას არ გაუზრდია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ლ. ბ-ძის შვილად აყვანის ბათილად ცნობის თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სოცუზრუნველყოფილისა და სამედიცინო დაზღვევის დიდუბის რაიონის ფონდის განყოფილების 2000 წლის 10 თებერვლის დადგენილებით ნ. კ-იას მზრუნველად დაენიშნა ნ. ჯ-იანი. აწ გარდაცვლილმა ნ. კ-იამ 2000 წლის 13 აპრილს თავისი კუთვნილი ქონება უანდერძა თანაბარ წილში გ. ჩ-იას და ნ. ჯ-იანს. ამასთან გარდაცვალებამდე ნ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა უღირს მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ზრუნავს მასზე.
მოცემული დავის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტის შემდეგ, 2001 წლის 7 იანვარს, ნ. კ-ია გარდაიცვალა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. ჩ-იას საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი გარდაცვლილი ნ. კ-იას უფლებამონაცვლედ და განჩინებაც არ გამოიტანა კასატორის სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ.
საქმის ფურცელ 100-101-ზე მოცემულია სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის განჩინება, რომლითაც სასამართლომ გ. ჩ-ია, როგორც გარდაცვლილი ნ. კ-იას ანდერძისმიერი მემკვიდრედ, ცნო უფლებამონაცვლედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ყოველ სტადიაზე. უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობას უშვებს სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი, რომლის თანახმად გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად არც კანონით და არ ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლის მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობს თავისი ან მისი ახლობელი პირების მიწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. ბ-ძეს ხელი არ შეუშლია ნ. კ-იასთვის ანდერძის შედგენაში, ასევე, მის მიმართ რაიმე უღირსი ქცევა არ ჩაუდენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არც არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლის მეორე წინადადებაზე, რომ კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან, აგრეთვე, პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლოს წესით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ ლ. ბ-ძეს ბოროტად არ აურიდებია თავი ნ. კ-იას მოვლისათვის, ნ. კ-იას მზრუნველად ნ. ჯ-იანის დანიშვნა არ წარმოადგენს აღნიშნულის მტკიცების საკმარის საფუძველს, რადგან მზრუნველობის გაფორმება მოხდა 2000 წლის თებერვალში, ხოლო ნ. კ-ია კი რამდენიმე წლით ადრე აცხადებდა უარს ლ. ბ-ძის დედობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.