¹ 3კ/624-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: საჯაროდ ბოდიშის მოხდა, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. მ-შვილის და ნ. ს-იას წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ იგი არის ... მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობს ... ინსტიტუტში. ობოლ და მარტოხელა ზრუნვას მოკლებულ ბავშვთა აღზრდა-სოციალიზაციის პრობლემებზე მუშაობის შედეგად, 1987-88 წლებში აღნიშნული კატეგორიის ბავშვთა ყოფა-ცხოვრების ოპტიმალურ ფორმად აღიარა ოჯახური აღზრდა, რისთვისაც შექმნა სათანადო კონცეფცია და დებულება, ხოლო ამ დებულების საფუძველზე 1992 წელს ჩამოაყალიბა პირველი პროფესიული ოჯახი – თ. ე-შვილისა და მ. რ-ძის სამეურვეო ოჯახი, რომელიც ორ საკუთარ შვილთან ერთად ზრდის ექვს შვილობილს. მის მიერ შექმნილი მოდელის დასაკანონებლად მუშაობა დაიწყო პარლამენტის წევრმა მ. მ-შვილმა. 1999 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა კანონი “ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილობის შესახებ” მ. მ-შვილმა აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც თავიდან “მინდობით აღზრდის შესახებ” კანონპროექტის სახელით იყო ცნობილი, მისი და ინსტიტუტის მუშაობა ამ მიმართებით არასწორად და დამახინჯებლად შეაფასა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მ. რ-ძის პროფესიულ ოჯახს საერთოდ გვერდი აუარა. მას მინდობით აღზრდის მსგავსი ინსტიტუტი უწოდა, გაძიძავება, გაბარება, მორდუობის შემდგომი და არა “Fოსტერ ჩარე”-ს ქართული მოდელი; ეს მცდარი ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, აგრეთვე ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში, მთელ რიგ არასამთავრობო დაწესებულებებში და “Uნისეფ”-ის საქართველოს განყოფილებაში, ხოლო ნ. ს-იამ, რომელიც მუშაობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, მას შემდეგ რაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ნ. ნ-შვილის პრაქტიკული საქმიანობის შესახებ, გაეცნო მ. რ-ძის პროფესიულ ოჯახს, თავის კონცეფციაში მთლიანად გვერდი აუარა და შექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქართველოში ობოლი და მშობელთა ზრუნვასმოკლებულ ბავშვთა ოჯახური აღზრდის იდეა საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უხეშად შეილახა მისი და ინსტიტუტის ღირსება, პატივი, საქმიანი რეპუტაცია, რამაც მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი, შეერყა ჯანმრთელობა და დაუქვეითდა შრომის უნარი, რის გამოც მოპასუხეებისგან მოითხოვა: პრესისა და ტელევიზიის საშუალებით სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ობიექტურად შეფასება, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის გადახდა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-შვილმა იმ მოტივით, რომ იგი კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი. კერძოდ: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის კომენტარი; არ დაავალდებულა მოპასუხეები დაემტკიცებინა მათ მიერ გავრცელებული ცნობების სინამდვილისადმი შესაბამისობა; არ გამოიყენა კანონი “შვილობილად აყვანის შესახებ”; არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ნ-შვილმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა თუ რომელი გამონათქვამი ლახავდა მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.
სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ნ-შვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა კანონპროექტის განმარტებით ბარათსა და თანდართული კონცეფციის შესახებ დოკუმენტებში უგულვებელყვეს რა მისი (მოსარჩელის) მრავალწლიანი ინტელექტუალური შრომის პროექტი, ამით გაავრცელეს ნ. ნ-შვილის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ნ-შვილი ახდენს კანონპროექტის განმარტებითი ბარათისა და კონცეფციის ანალიზს და მოლოდ ამ ანალიზით მიდის იმ დასკვნამდე, რომ შეიხალა მისი საქმიანი რეპუტაცია. ასეთი სახით საქმიანი რეპუტაციის შელახვას არ ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
ნ. ნ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ განჩინების მიღებისას დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; კანონი “შვილობილად აყვანის შესახებ”. ნ. ნ-შვილი, აგრეთვე მოითხოვს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაევალოს:
1. პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით აღიარონ, რომ ნ. ნ-შვილი არის საქართველოში შვილობილობის ინსტიტუტის ფუძემდებელი; პირველად საქართველოში მან შეიმუშავა შვილობილობის შესახებ მსოფლმხედველობა და დებულება, რომელთა საფუძველზეც 1992 წელს შექმნა მ. რ-ძის სამეურვეო ოჯახი, რომ აღნიშნული წარმოადგენს შვილობილობის ინსტიტუტის პირველ ქართულ მოდელს; წერილობით აცნობონ ეს აღიარება “Uნისეფ”-ის საქართველოს განყოფილებას, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო ბავშვთა დახმარებას” და ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ფონდს “Fრანკ Fოუნდატიონ”-ს.
2. საჯაროდ მოუხადონ ბოდიში მას, მ. რ-ძეს და მის კონსულტანტებს – აკადემიკოს შ. ნ-შვილს და პროფესორ ლ. ჩ-იას.
3. მიყენებული ზიანის ანაზღაურება თითოეულ მათგანს იმ მოგების სახით, რაც წარმოექმნათ მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფით და აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულს 120 000 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი და მიუთითა, რომ ნ. ნ-შვილმა (მოსარჩელემ), ვერ დაამტკიცა მისი პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რადგან პირმა, რომელმაც სარჩელით მიმართა სასამართლოს პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად, უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელდა ცნობები, რომლებიც ლახავენ მის უფლებებს, ხოლო მოპასუხე (გამავრცელებელი) ვალდებულია დაამტკიცოს გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. ამასთან, გავრცელებული უნდა იყოს ისეთი ცნობები, რომ პრესაში, რადიო ან ტელეგადაცემებში საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვებში უმართებულოდ, არასრულად, დამახინჯებულად და პირის ღირსებისათვის შეურაცმყოფელი სახით შუქდება მისი პერსონა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, ვერ დაამტკიცა სინამდვილესთან შეუფერებელი ცნობების გავრცელების ფაქტი. ამასთან, პალატა თვლის, რომ ნ. ნ-შვილმა ვერც იმ გარემოებაზე მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მისი პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვა, მისი პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა (და არც გამოიყენა) კასატორის მიერ მითითებული კანონი “შვილობილად აყვანის შესახებ”, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს განჩინების გაუქმების საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.