Facebook Twitter

¹ 3კ/626-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: მეზობლად აგებული ნაგებობის აღება და ნაკვეთის გამონთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 აგვისტოს ნ. პ-იანმა მოპასუხეების: ა. ჯ-შვილის და ე. მ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მისი მეზობლის ა. ჯ-შვილის მიერ უკანონოდ აგებული სათავსოს დანგრევა, მის მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება და ამ ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში საერთო სარგებლობის ჩიხად აღდგენა.

მოსარჩელემ მოპასუხე ე. მ-ძისაგან მოითხოვა საკვამლე მილის გადატანა და სახლის სახურავის იმდაგვარად მოწყობა, რომ ჩამონადენმა ნალექებმა არ შეაღწიოს მის ეზოში და მათ ეზოებს შორის სასაზღვრე მიჯნის გავლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბორჯომის რაიონული სასამრთლოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ა. ჯ-შვილს დაავალა უნებართვოდ აშენებული დამხმარე სათავსოს და ბოსლის (ფართით 42 კვ.მ.) აღება და ამ ნაკვეთის ტ. პ-იანის სასარგებლოდ გამონთავისუფლება. მითითებული გადაწყვეტილებით ნ. პ-იანს დაევალა ე. მ-ძის საცხოვრებელი სახლის მთელ სიგრძეზე ღობის გავლება მ-ძის სახლიდან არანაკლებ 75 სმ-ის მოცილებით, ხოლო სახლის კედლიდან მთელ სიგრძეზე პირუტყვის სადგომამდე 0,5 მეტრის მოცილებით. ამავე გადაწყვეტილებით ე. მ-ძეს დაავალა ნ. პ-იანის ეზოში ნალექების ჩადინების თავიდან აცილების მიზნით სახლის და პირუტყვის სადგომის სახურავზე პარაპეტის მოწყობა. ბორჯომის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და დაბა ...-ის მიწათმომწყობს დაავალა გადაწყვეტილების შესაბამისად ნაკვეთების გამიჯვნა და რეგისტრაცია.

ა. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. და ტ. პ-იანების სასარჩელო მოთხოვნა ა. ჯ-შვილის მიმართ უნებართვოდ აშენებული დამხმარე სათავსოს და ბოსლის მოშლისა და 42 კვ.მ. მიწის ფართობის გამოთავისუფლების შესახებ და ამ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება – არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავა წარმოიშვა 1970-1980 წლებში, ამიტომ დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოყენებულიყო ძველი სამოქალაქო კოდექსი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ჯ-შვილის მიერ სადავო ბოსელი აშენებული იყო 1950 წელს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბოსელი და დამხმარე სათავსო მდებარეობს მხარეთა შორის საზღვარზე გავლებული ღობიდან ერთი მეტრის დაშორებით, რომელიც 1979-80 წლებში აშენებული იყო თვით მოსარჩელის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ბოსელი შეტანილია გენგეგმაში 1989 წელს, როგორც კანონიერი ნაგებობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად მიიჩნია ბორჯომის რაიონის ...-ის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 24 ივლისის ¹92 გადაწყვეტილებით გენგეგმაში შეტანილი სადავო დამხმარე სათავსოც.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ბოსლის და დამხმარე სათავსოს ნაგებობის მშენებლობა. ამ ნაკვეთის გამოთხოვა მოსარჩელეს მის მიერ ღობის გავლების დროს, 1979-80 წლებში არ მოუთხოვია და ამ ნაკვეთში 1988 წელს დამხმარე სათავსოს მშენებლობის დროსაც არ ყოფილა მოთხოვნილი. მითითებულ ნაგებობათა აღების საკითხი მოსარჩელემ მხოლოდ 2000 წლის აგვისტოში დააყენა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოპასუხის სადავო ნაგებობები აშენებული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო მოსარჩელის მერ წარმოდგენილი ბორჯომის რაიონის ...-ის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის დამატებით 0,15 ჰა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი იყო გადასწორებული ყოველგვარი შენიშვნის გარეშე, არ იყო სათანადო წესით დამოწმებული და წარმოადგენდა გადასწორებულ ქსეროასლს და არა დედანს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ძველი სამოქალაქო კოდექსის 146-ე, 152-ე მუხლების შესაბამისად უფლება ჰქონდა უკანონო მფლობელისაგან გამოეთხოვა ქონება, თუ კი თვლიდა, რომ მისი უფლებები ირღვეოდა, მაგრამ მან სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2000 წლის აგვისტოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ დარღვეული იყო სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრებოდა 3 წლით.

2001 წლის 24 მაისს ნ. პ-იანმა საკასაიცო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტის დროს ხანდაზმულობის ვადის დადგენის მიზნით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, არამედ ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რადგან დავა უძრავ ქონებას შეეხებოდა და უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაიცო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ სადავო დამხმარე სათავსო და ბოსელი ჯ-შვილის მიერ აშენებულია 1950 წელს. სადავო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთს ა. ჯ-შვილი ფლობს რამდენიმე ათეული წელია და სადავო ბოსელი და სათავსო ა.ჯეირანაშვილის ნაკვეთშია. 1979-80 წლიდან თვით ლ. პ-იანის მიერ გავლებული ღობითაც კი. ბოსელი დაბის განაშენიანების გენგეგმაში შეტანილია 1989 წელს, როგორც კანონიერი ნაგებობა, ხოლო დამხმარე სათავსო 1988 წელს.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და მე-80 (1954 წლს რედაქციით) მუხლების საფუძველზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით სწორად უთხრა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხზე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა ეხელმძღვანელა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო აბზაცის შესაბამისად, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს, გამოიყენება ახალი კოდექსის ნორმები, მაგრამ იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე გასული არაა ძველი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1979-80 წლებში. ამ დროს მოქმედი კანონის შესაბამისად სარჩელის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენდა და იგი გავიდა 1983 წელს. მითითებულ ურთიერთობებზე თუნდაც ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები გავრცელებულიყო მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით შეადგენს მხოლოდ 6 წელს, მოცემულ შემთხვევაში კი მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1979-80 წელს. თუნდაც მოთხოვნის უფლება 1989 წელს წარმოშობილიყო, როგორც ამას მოსარჩელეები მიუთითებენ (ბორჯომის რაიონის ...-ის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 28 მარტის დადგენილების საფუძველზე 0,16 ჰა მიწის ნაკვთის ფართის გამოყოფის თაობაზე, რომელიც მტკიცებულებად არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ), მაინც გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე გასული იყო 10 წელზე მეტი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა საფუძვლად არ უდევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. პ-იანის საკასაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.