Facebook Twitter

¹ 3კ627-01 17 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. ნ-შვილმა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დედოფლისწყაროს რაიონის მიწების საიჯარო წესით გაცემის კომისიამ იმავე რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 13 მუშაკს გამოუყო 104 ჰა მიწის ნაკვეთი შირაქის ტერიტორიაზე სოფ. ... საკრებულოს მიწის ფონდიდან. იმავე წლის 26 დეკემბერს მითითებულ მუშაკებს და გამგეობას შორის მიწის აღნიშნულ ფართობზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. იჯარით გაცემული მიწის ფართობის ნაწილს, 57 ჰექტარს, თვითნებურად დაეუფლა ი. ნ-შვილი. მან მოიჯარეების თანხმობის გარეშე დათესა ხორბალი. 1997 წლის ივნისში ი. ნ-შვილმა ტ. ნ-შვილთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ი. ნ-შვილმა იკისრა ვალდებულება, რომ მის მიერ უკანონოდ, თვითნებურად დათესილ 57 ჰა ხორბლის ნათესიდან მოსავლის აღებისთანავე გადაუხდის სამმართველოს მუშაკებს ნატურით 40 ტონა ხორბალს. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ი. ნ-შვილს ეკისრებოდა გაორმაგებული გადასახადი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ი. ნ-შვილმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მან მოითხოვა 80 ტონა ხორბლის ღირებულების 24000 ლარის მოპასუხისათვის გადახდევინება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან ვალდებულება შეასრულა ნ. ტ-შვილის მიმართ, რომელიც იყო სამმართველოს მუშაკი და წარმოადგენდა იმ პირს, ვის მიმართაც მას ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარუდგინა სასამართლოს ნ. ტ-შვილის ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამმართველოს მუშაკებს მიღებული აქვთ ოცი ტონა ხორბალი და თუ ი. ნ-შვილი დანარჩენ ხორბალს გაუნაწილებს სოფ. ... მოსახლეობას უსასყიდლოდ, მაშინ ი. ნ-შვილს შესრულებული ექნება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ 1997 წლის აგვისტოში ტ. ნ-შვილის წარმომადგენელი იყო ნ. ტ-შვილი და მან მიიღო 20 ტონა ხორბალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორბლის ნაწილი გადაეცემოდა სოფ. ... მოსახლეობას, რითაც ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა. სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ვალდებულება შეწყდა მხარეთა შეთანხმების შედეგად და იმავე პირთა შორის ერთი ვალდებულება მეორეთი შეიცვალა. ამ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ ი. ნ-შვილის მიერ ტ. ნ-შვილის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია.

ტ. ნ-შვილი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ მისცა შეფასება საქმის ფაქტიურ გარემოებებს და სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად გამოიყენა ნ. ტ-შვილის ხელწერილი, მაშინ, როდესაც უტყუარად არ ყოფილა დადგენილი ამ წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტ. ნ-შვილის სარჩელი და ი. ნ-შვილს დაეკისრა 24000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1997 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ი. ნ-შვილი და ტ. ნ-შვილი. შესაბამისად, შესრულების კრედიტორიც ეს უკანასკნელი იყო. მას არ მოუხდენია კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის დათმობა ნ. ტ-შვილისათვის. 1997 წლის აგვისტოს ხელწერილის ნამდვილობის შემთხვევაშიც კი, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად, რადგანაც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად ი. ნ-შვილი ვალდებული იყო შეესრულებინა მოქმედება ტ. ნ-შვილის წინაშე.

ი. ნ-შვილის წარმომადგენელი გ. ყ-შვილი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1997 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ი. ნ-შვილი იღებს ვალდებულებას 57 _ ჰექტარ ხორბლის ნათესიდან მოსავლის აღებისთანავე გადაუხდის სამმართველოს მუშაკებს და არა ტ. ნ-შვილს 40 ტონა ხორბალს. ხელშეკრულებით სამმართველოს მუშაკებს წარმოეშვათ სოლიდარული მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად “სოლიდარული მოვალეობა ან სოლიდარული მოთხოვნა წარმოშობა მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად სოლიდარული მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს წარუდგინოს მოვალეს მოთხოვნა სრული მოცულობით. ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად გადახდა ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორებისადმი ვალდებულებისაგან. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.

კასატორის აზრით, ნ. ტ-შვილი ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 233-ე მუხლი. სოფლის მეურნეობის სამმართველოს მუშაკებთან ერთად შესრულების ერთ-ერთი კრედიტორი ნ. ტ-შვილიც იყო და აბსოლუტურად უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესრულების კრედიტორი მხოლოდ ტ. ნ-შვილი იყო.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით, ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი მოვალეობის შესრულება.

დადგენილია, რომ მიწა, რომელზეც ი. ნ-შვილის მიერ ხორბალი იქნა დათესილი გადაცემული ჰქონდა დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მუშაკებს. 1997 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებით ი. ნ-შვილმა აიღო ვალდებულება, რომ 57 ჰექტარ ხორბლის ნათესიდან მოსავლის აღებისთანავე სამმართველოს მუშაკებს გადაუხდიდა 40 ტონა ხორბალს. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხემ ვალდებულება იკისრა სამმართველოს მუშაკების მიმართ. ხელშეკრულების თანახმად კრედიტორები არიან სამმართველოს მუშაკები და არა ტ. ნ-შვილი, რომელიც როგორც სამმართველოს მუშაკთა წარმომადგენელი, ისე აწერდა ხელს ხელშეკრულებას.

სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ ი. ნ-შვილი ვალდებული იყო შეესრულებინა მოქმედება ტ. ნ-შვილის წინაშე, როგორც ეს განისაზღვრა 1997 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ი. ნ-შვილი 57 ჰექტარ ხორბლის ნათესიდან მოსავლის აღებისთანავე 40 ტონა ხორბალს გადაუხდის სამმართველოს მუშაკებს, რაც აშკარა წინააღმდეგობაშია სააპელაციო სასამართლოს დასკვნასთან.

წარმოდგენილი ხელშეკრულებით სახეზეა კრედიტორთა სიმრავლე ვალდებულებაში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 177-ე და 182-ე მუხლების თანახმად ერთ-ერთ კრედიტორს აქვს მოთხოვნის უფლება და მოპასუხე ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.

აღნიშნული ხეშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს თითეული კრედიტორის უფლება მოვალის მიმართ, გადაწყდეს სოლიდალური უფლებამოსილების საკითხი, დადგინდეს ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამმართველოს მუშაკებს მიღებული აქვთ ოცი ტონა ხორბალი, ნ. ტ-შვილის მიერ გაცემული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადაწყდეს ვალდებულების არსებობის ან არარსებობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა გაორმაგებული ოდენობით ხორბლის საფასურის გადახდა მოპასუხეს, რომ საერთოდ არ გაურკვევია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის რომელ ფორმას წარმოადგენს იგი და არ მიუთითებია ნორმა, რომლის საფუძველზეც ხდება გაორმაგებული საფასურის გადახდევინება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.